იფანი, კოპიტი (Fraxinus), ფოთოლმცვივანი ხეების გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. მისი 67 სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ (იშვიათად ტროპ. და სუბტროპ.) სარტყელში.
საქართველოში მთის შუა სარტყლამდე ხარობს სამი სახეობა: ჩვეულებრივი ი. (F. excelsior) – 30–40 მ-მდე სიმაღლის სწორტანიანი ხე. გვხვდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, კარგად ხარობს დაბლობისა და მთის შუა სარტყლის მეზოფილური ტყეების ნათელ უბნებში ფართოფოთლოვან ხეებთან ერთად; თ უ თ უ ბ ო ფ ო თ ო ლ ა ი. (F. coriariaefolia) – იზრდება კახეთისა და თუშ-ფშავ-ხევსურეთის ტყეებში, გვხვდება გაველურებულიც; მახვილნაყოფა ი. (F. oxycarpa) – უმთავრესად დას. საქართველოს ტყეებშია გავრცელებული; რგავენ კიდეც (თბილისის მიდამოები). გარდა ამისა, საქართველოში ი-ის 20-ზე მეტი ეგზოტური სახეობა გვხვდება.
ი-ის მერქანი მაღალხარისხიანია; ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფოთოლი კი – ვიტამინებსა და ეთეროვან ზეთებს.
მ. იმედაძე