იშხნელები, დები იშხნელები, ქართული ქალაქური სიმღერების შემსრულებელთა ოჯახი, ვოკალური კვარტეტი დების – ნინოს (1898–1967), თამარის (1900–94), ზინაიდას (1902–68) და ალექსანდრას (1904–55) შემადგენლობით [1955-იდან ალექსანდრა შეცვალა მისმა დამ მარიამმა (1889–1973)].
ანსამბლი ოფიციალურად ჩამოყალიბდა 1941. მანამდე კი დები იშხნელების ოჯახური ანსამბლი წლების განმავლობაში არსებობდა თავდაპირველად ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში და მდიდარი, მრავალფეროვანი რეპერტუარით (ძირითადად ქალაქური ფოლკლორის დასავლური შტოს ნიმუშები), დახვეწილი გემოვნებით, არაჩვეულებრივი შეხმატკბილებით და შესრულების ორიგინალური მანერით ხიბლავდა მსმენელს (აღსანიშნავია, რომ დების სიმღერა მოხსენიებულია გ. ტაბიძის რამდენიმე ლექსში) და დიდ პოპულარობასაც იხვეჭდა. ანსამბლი 1941 შევიდა საქართვ. ფილარმონიის შემადგენლობაში. მისი ხელმძღვ. თამარ იშხნელი რამდენიმე სიმღერის ავტორიცაა („არც ჰოს ამბობს, არც არას", „შენ აყვავდი, ქართლო მეტად", „ახალი წელი", „არ დაიჯერებ" და სხვ.).
1949 ი-ს მიენიჭათ საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწეების, ხოლო 1976 თამარს – საქართვ. სახ. არტისტის წოდება.
დიდია ი-ის როლი ქართ. სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწაში, რეპერტუარის გამდიდრებასა და სიმღერის პროპაგანდაში. კვარტეტმა იარსება 1967-მდე. 1972-იდან სიცოცხლის ბოლომდე თამარი გამოდიოდა ინდივიდუალურად, მღეროდა ქართ. და ძვ. რუს. რომანსებს. ი-ის მუს. ტრადიციები გრძელდება მათი დიდი ოჯახის მომდევნო თაობებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარის შვილიშვილი, მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი მ. მენაბდე, რ-იც ი-ის რეპერტუარის, საკუთარი სიმღერებისა და ქართ. და ძვ. რუს. რომანსების ჩინებული შემსრულებელია. 1999 დაარსდა იშხნელების სახ. პრემია, რ-იც პირველად მიენიჭა ჭოხონელიძეების მომღერალ ოჯახს (1999).
მ. თაბუკაშვილი