იყალთოს აკადემია

იყალთოს აკადემია

იყალთოს აკადემია, საგანმანათლებლო დაწესებულება შუა სა­უკუნეების სა­ქარ­თვე­ლო­ში. აკადემია იყალთოს სამონასტრო კომპ­ლექ­სის შემადგენლობაში შედიოდა. სავარაუდოა, რომ უკვე IX ს. იყალთო ერთ-ერთი მნიშვ­ნელო­ვა­ნი საგანმან. კერა იყო, თუმცა უშუალოდ ი. ა-ის დაფუძნება XI–XII სს-ში თვალსაჩინო ქართვ. ღვთისმეტყველისა და ფილოსოფოსის, არსენ იყალთოელის სახელს უკავშირდება; სწორედ აქედან უნდა იღებდეს დასაბამს მისი ზედწოდება – იყალთოელი.

თავდაპირველად არსენ იყალთოელი დავით IV აღმაშენებლის მიწვევით გელათში მოღვაწეობდა, მოგვიანებით კი ამ უკანასკნელის მოწოდებით იყალთოში გადავიდა, რათა იქ აკადემია დაეფუძნებინა. ცნობილია, რომ იყალთოში, გელათის აკადემიის მსგავ­სად, სწავლება შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული „ტრივიუმკვადრივიუმის" ციკლის საგნებით მიმდინარეობდა. სწავლების ამგვარი წესი ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში მოქმედებდა და მისი მიზანი თავისუფალი მოქალაქეების აღზრდა იყო, თუმცა ამ სასწ. კურიკულუმმა უფრო ჩამოყალიბებული სახე მოგვიანებით მიიღო. ცნება „კვადრივიუმი" პირველად VI ს. რომაელმა მოაზროვნემ ბოეციუსმა შე­მო­ი­ღო. ტრადიციულად „კვადრივიუმი" შედგებოდა ოთხი ფუნ­დამენტური სამეცნ. დისციპლინისაგან, ესენია: არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია და მუსიკა. „კვადრივიუმის" აღწერა მოცემულია პლატონის „სახელმწიფოს" მე­შვიდე თავში, იგი მას თავისი კურიკულუმის მეორე ნაწილად განიხილავდა. კურიკულუმის პირ­­ველ ნაწილში კი შედიოდა ჰუმანიტარული საგნები – გრამატიკა, ლოგიკა და რიტორიკა. ისინი „ტრივიუმის" ციკლის საგნებად მიიჩნევა და უფრო ფართოდ განხილულია V ს. რომაელი მოაზროვნის მარციანე კაპელას ნაშრომებში, თუმცა თავად ცნება „ტრივიუმი" IX ს-იდან იწყებს დამკვიდრებას. მიიჩნეოდა, რომ „ტრივიუმის" ციკლის საგნები იყო მოსამზადებელი ეტაპი „კვადრივიუმის" ციკლის საგნების შესასწავლად, ხოლო ­„ტრივიუმ-კვადრივიუმის" ერთიანი ­ციკლი, უმაღლესი რანგის ცოდნის – ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების – დაუფლებისათვის მზადებად განიხილებოდა.

ი. ა-ის სასწ. კურიკულუმი სწორედ ზემოხსენებულ კლასიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით იყო აგებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მისი დამფუძნებლები კარგად იცნობდნენ ამ საგანმან. პრაქტიკას და ფართოდ ნერგავდნენ მას იმჟამინდელ სა­ქარ­თვე­ლოში. აღსანიშნავია, რომ ამ კლასიკურ კურიკულუმში შემავალი საგნების გარდა შუა საუკუნეების ქართულ საგანმან. დაწესებულებებში ასწავლიდნენ სხვა საგნებსაც. XVIII ს. ქართვ. მოაზროვნის და სას. მოღვაწის, ანტონ I-ის (ბაგრატიონის) ცნობით, არსენ იყალთოელს შეუდგენია ფიზიკის სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლო, რ-ითაც ამ საგანს ასწავლიდნენ იყალთოსა და გელათის აკადემიებში. თუკი მხედველობაში მივიღებთ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ არსენი არისტოტელეს ნაშრომების ქართულ თარგმანებზე მუშაობდა, მაშინ შესაძლოა, მის თარგმანებს შორის არისტოტელეს „ფიზიკაც" ყოფილიყო, ანდა მასზე დაყრდნობით არსენ იყალთოელს ფიზიკის ორიგინ. ქართული სა­ხელმ­ძღვა­ნელო შეექმნა.

სა­ქარ­თვე­ლოს სახელმწიფოს პოლიტ. და ეკონ. დაღმასვლის კვალდაკვალ ი. ა-ის მდგომარეობაც გაუარესდა. მიიჩნევა, რომ XVII ს. პირველ მეოთხედში, სპარსეთის მიერ აღმ. სა­ქარ­თვე­ლო­ში წარმოებული ომების შედეგად, აკადემიამ საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა.

ლიტ.: მწიგნობრობა ქართული, ტ. 15: სასულიერო მწერლობა, წგ. 1, თბ., 2013; ხ ი დ ა შ ე ლ ი  შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV–XIII სს.), თბ., 1988.

გ. ხურო­შვი­ლი