იქსოდისებრი ტკიპები (Ixodidae), საძოვრის ტ კ ი პ ე ბ ი, ტკიპების ქვერიგი. სხეულის ზომა მერყეობს 0,5–20 მმ-მდე (ზოგიერთი სისხლით გაბერილი მდედრი). ი. ტ. გავრცელებულია ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. დღეისათვის აღწერილია 840 სახეობა, რ-ებიც გაერთიანებულია სამ ოჯახში: Ixodidae, Argasidae და Nuttalliellidae. მათგან პარაზიტები მხოლოდ Ixodidae და Argasidae ოჯახის წარმომადგენლები არიან. აღინიშნება სქესობრივი დიმორფიზმი. მდედრი და მამრი ტკიპა ერთმანეთისაგან ვიზუალურად განსხვავებულია. განვითარების ციკლი მოიცავს კვერცხსა და 3 აქტიურ სტადიას (ლარვა, ნიმფა და ზრდასრული ფორმა – იმაგო). იკვებებიან სიცოცხლეში ერთხელ 3–10 დღე. გამაძღარი ტკიპა სცილდება მასპინძელს და დებს 3–10 ათასამდე კვერცხს. აქტიური, მშიერი ი. ტ-ები მასპინძლის საძებნელად ბალახზე ადიან და განვითარების სტადიის მიხედვით ირჩევენ მსხვერპლს: ნიმფები დაბალ ბალახში მღრღნელებზე იკვებებიან, ხოლო იმაგოები მსხვილ ძუძუმწოვრებს ეტანებიან. არგასისებრი ტკიპები მასპინძლების სადგომებში ცხოვრობენ და ამდენად, მსხვერპლის საძებნელად შორს წასვლა არ უწევთ.
საქართველოში ცნობილია ი. ტ-ის 31 სახეობა, რ-ებიც პარაზიტობენ გარეულ (ქვეწარმავლები, ძუძუმწოვრები და ფრინველები) და შინაურ ცხოველებზე. იკვებებიან სისხლით, ხშირად პარაზიტობენ ადამიანზეც. მასიური პარაზიტობის დროს შეუძლიათ ცხოველის დასუსტება, თუმცა განსაკუთრებით დიდია მათი უარყოფითი როლი როგორც ცხოველთა და ადამიანის სხვადასხვა დაავადების გამომწვევის გადამტანებისა. ესენია: ტკიპისმიერი ენცეფალიტი, ტულარემია, ბრუცელოზი, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ცხელება და პიროპლაზმოზი. საქართველოში ცნობილია პათოგენური ტკიპების რამდენიმე სახეობა: Boophilus calcaratus – გადააქვს ძროხის პიროპლაზმოზი და ანაპლაზმოზი; Rhipicephalus bursa – ცნობილია როგორც ძროხის, ცხენისა და ცხვრის რამდენიმე სახეობის სისხლის პარაზიტული დაავადების გადამტანი. უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა Hyalomma გვარის ტკიპები, კერძოდ, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გამომწვევის გადამტანები. საქართველოში ამ გვარის ოთხი სახეობაა რეგისტრირებული: H. aegyptium, H. scupense, H. anatolicum და H. plumbeum. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება საქართველოში გამოჩნდა 2009-იდან, ხოლო უკვე 2013-ში 12 შემთხვევა აღინიშნა. შემთხვევები ძირითადად რეგისტრირებული იყო ხაშურში, ასპინძისა და ბორჯომის შემოგარენში.
ი. ტ-ის ქვერიგის კიდევ ერთი პარაზიტული ოჯახის წარმომადგენლები – არგასისებრი ტკიპები წარმოადგენენ ღორის აფრიკული ცხელების პათოგენის გადამტანს. საქართველოში სულ ოთხი სახეობაა რეგისტრირებული: Ornothodoros alactagilis, O. verrucosus, O. asperus და O. lahorensis. ტკიპების ამ ოჯახმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა 2007, როდესაც საქართველოში მასობრივად აღინიშნა ღორის აფრიკული ცხელების შემთხვევები. ქვეყნის 65 რაიონიდან 52 ინფიცირებულად იქნა მიჩნეული, 30000-ზე მეტი ღორი გაწყდა, 3900 კი დაიკლა. ტკიპებში პათოგენი რამდენიმე წელს ძლებს.
ლიტ.: ჯ ა ფ ა რ ი ძ ე ნ., იქსოდისებრი ტკიპები, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980; Гугушвили Г. М., Хозяева Ornothodoros verrucosus и O. alactagilis в Грузинской ССР. Результаты теста и осадки, «Медицинская паразитология и паразитные болезни», 1972,41(3); Джапаридзе Н., Иксодовые клещи Грузии, Тб., 1960; Keirans J. E., Order Ixodida, In: A manual of Acarology. Third ed., Texas University Press, 2009; K l o m p e n H., Ticks, the Ixodida, In: Biology of disease vectors, Leiden, 2005.
მ. მურვანიძე