იეთიმ გურჯი (ნამდვ. სახელი და გვარი – იეთიმ იბრაჰიმის ძე დ ა ბ ღ ი შ ვ ი ლ ი) (1875, თბილისი, – 15. VII. 1940, იქვე), სახალხო მომღერალი-მელექსე, თბილისური აშუღური პოეზიის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი. 1905–07 ბაქოს ნავთის სარეწებში მუშაობდა. მონაწილეობდა მუშათა დემონსტრაციებში, რისთვისაც 4 წელი პატიმრობაში გაატარა.
1895-იდან თხზავდა ლექსებს ქართ., სომხ., აზერბ. ენებზე. პირველი წიგნი – პოემა „ანაბაჯის ლექსი" – 1909 გამოვიდა, ლექსთა კრებ. „ახალი მგოსანი და სიმღერები" – 1911, „იეთიმის ახალი ლექსები" – 1913, „ტანგო" – 1914 და სხვ. 1928 ი. გრიშაშვილმა, ხოლო 1958 ა. თევზაძემ გამოსცეს პოეტის „რჩეული ლექსები".
ი. გ-ის ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა, რ-ებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა კიდეც. მის პოეზიაში ასახულია ქალაქის მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და გლეხობის მისწრაფებანი, სიმართლის იდეალები და თბილისური ბოჰემის განწყობილება.
ი. გ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: რჩეული ლექსები, თბ., 1960; ლექსები, თბ., 1979.
ლიტ.: გ რ ი შ ა შ ვ ი ლ ი ი., თხზულებათა კრებული ხუთ ტომად, ტ. 3, თბ., 1963; მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994; ხალხური მწერალი იეთიმ-გურჯი, «თეატრი და ცხოვრება», 1924, №20 (კრიპტ.: ვ. ბ.).
გ. იმედაშვილი