ინწკირველი ალექსანდრე სოლომონის ძე (15. I. 1898, სოფ. ნაგომარი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 6. V. 1967, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961). საქართვ. არქიტექტორთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი.
1924–30 სწავლობდა უმაღლეს სამხატვრო-ტექ. ინ-ტში, არქიტ. სპეციალობით (მოსკოვი). ინ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილ. რამდენიმე საპროექტო ინ-ტში არქიტექტორად სხვადასხვა თანამდებობაზე (არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელის ჩათვლით).
ი. აგეგმარებდა დასახლებულ ადგილებს, აგრეთვე საცხოვრ. სახლებს, ადმ. შენობებს, სანატორიუმებს და სკოლებს. ამასთან ერთად, 1930–60 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. საინჟ.-სამშ. ინ-ტში (ამჟამად სტუ). ძირითადი ნამუშევრები: წყალტუბოში – სოცდაზღვევის სანატორიუმი (1947, არქიტ. თ. ფოცხიშვილთან ერთად), სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმის კომპლექსი (1956, არქიტ. ვ. ჩანტლაძესთან ერთად, თანაავტ. ვ. ნასარიძე) და სხვ.
გ. მარსაგიშვილი