იგნატოვი ნიკოლოზ (კოკა) იულის ძე (29. VII. 1937, თბილისი, – 6. VIII. 2002, იქვე), ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტ-დეკორატორი. საქართვ. სახ. მხატვარი (1978), შოთა რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი (2001), სსრკ (1974) და საქართვ. (1981) სახელმწ. პრემიების ლაურეატი.
სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში (1956–62), იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1989-იდან – პროფესორი).
ი-ის ნამუშევრები თანამედროვე მონუმ.-დეკორ. მხატვრობის ნიმუშია, მ. შ. აღსანიშნავია თბილისში შესრულებული ფრესკები: „ცოდნის წყარო" (1968, ქართ. ენციკლოპედიის მთ. რედაქცია), „ფიროსმანის მონატრება" (1972, მთაწმინდის მიღებათა დარბაზი), „ბერიკაობა" (1976, კინოს სახლი), „ჩემი თეატრი" (1977, რუსთაველის სახ. თეატრი), „ოქროს საწმისი" (1980, სასტუმრო „ვაკე"). საინტერესოა მისი, ბიჭვინთაში შესრულებული ფრესკა „სიმღერა საქართველოზე" (1967, ცენტრ. საკურორტო შენობის ინტერიერი).
რუსთაველის სახ. თეატრში გააფორმა სპექტაკლები: „სიბრძნე სიცრუისა" (ს.-ს. ორბელიანის მიხედვით, 1965), უ. შექსპირის „მეფე ლირი" (1966) და სხვ.; თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში – ბ. კვერნაძის ბალეტი „ქორეოგრაფიული ნოველები" (1963), რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები" (1976) და სხვ. შექმნა დეკორაციების ესკიზები კინოფილმებისათვის („ერთი ცის ქვეშ", 1961; „თბილისის 1500 წელი", 1963 და სხვ.).
ავტორია ქართვ. ლიტერატორთა და მეცნ. პორტრეტებისა (ყველა – გ. ლეონიძის სახ. ლიტ-რის მუზეუმში, 1968), გრაფიკული ნამუშევრებისა („ქართული ლიტერატურის ანთოლოგია", 1972; სერია „ძველი თბილისი", 1977) და სხვ.
გამოფენებში მონაწილეობდა 1962 წლიდან. გამოფენები: თბილისი, მოსკოვი, ბუდაპეშტი, ნიუ-იორკი, პარიზი, ბერლინი, მიუნხენი, სან-დიეგო (აშშ). მისი ნამუშევრები დაცულია ბახრუშინის სახ. (მოსკოვი), უიტნის (ნიუ-იორკი) მუზეუმებში, ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).