თეთრი გიორგის ეკლესია

თეთრი გიორგის ეკლესია

თეთრი გიორგის ეკლესია, წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. აწყურის სამხრ-ით 2 კმ-ზე მაღალ გორაზე. კომპლექსში შედის ეკლესია, სამრეკლო, გალავანი და დამხმარე ნაგებობანი. ეკლესია და გალავანი განეკუთვნება X–XIII სს., სამრეკლო – XVI ს., ხოლო დამხმარე ნაგებობები XIX –XX სს. მიჯნაზეა აშენებული. ეკლესია გუმბათოვანია, თავისუფალი ჯვრის ტიპისა აქვს ძლიერ წაგრძელებული აღმ-ისა და დას-ის მკლავები. შენობა სამი სამშენებლო ფენისაგან შედგება, უადრესია აღმ-ის მკლავი, გუმბათი XVI ს. განეკუთვნება და აგურითაა ნაგები. 1988 ინტერიერი მთლიანად მოუხატავთ.

ეკლესია მოქმედია და ექვემდებარება ალავერდის ეპარქიას.

2016–17 წწ., საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ეკლესიას და სამრეკლოს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც სამრეკლოს დაუბრუნდა თავდაპირველი სახე. კეთილმოეწყო კომპლექსის ტერიტორია.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2008; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1960; Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.

თ. დვალი