თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი

თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გერბი
თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი

თეთრი წყაროს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლის რეგიონი). აღმ-ით ესაზღვრება გარდაბნისა და მარნეულის, დას-ით – წალკისა და დმანისის, ჩრდ-ით – კასპისა და მცხეთის, სამხრ-ით – ბოლნისის მუნიციპალიტეტები. ფართ. 1174,5 კმ² . მოსახლ. 211 ათ. კაცი (2014). ცენტრი – ქ. თეთრიწყარო. მუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი, 1 დაბა (მანგლისი), 90 სოფელი, 2 სათავო სოფელი, 16 თემი: ასურეთის, ახალსოფლის, ბორბალოს, დაღეთის, დურნუკის (ცენტრი – დიდი დურნუკი), თონეთის (ცენტრი – დიდი თონეთი), ირაგის (ცენტრი – პატარა ირაგა), კლდეისის (ცენტრი – დიდი კლდეისი), კოდის, მარაბდის (ცენტრი – ახალი მარაბდა), ორბეთის, შეხვეტილის, ჩხიკვთის, წინწყაროს, ჭივჭავის და ჯორჯიაშვილის.

ისტორიული ცნობა. თ. წ. მ. ისტ. ქვემო ქართლის ძირითადად ორი ხეობის აუზს მოიცავს, ესენია მანგლისის ხევი, ანუ ალგეთი, და ქციის ხრამი, ანუ მდ. ქციის შუაწელი. ისტორიულად ჩამოყალიბებული ეს ორი ტერიტ.-ადმ. ერთეული წერილობით წყაროებში მანგლისის ხევისა და „ყოველი სამშვილდის", გვიან კი ქციის ხრამის სახელებით იხსენიება. ალგეთის ხეობის შემადგენელი ერთეულები იყო: ასურეთისხევი, კოდა, ბოგვისხევი, ზრბითისხევი, ზისხევი, ლაკვა, მანგლისი და მისი ხევი. თითოეული მათგანი აერთიანებდა 5-იდან 20-მდე სოფელს. „ყოველი სამშვილდე" მოიცავდა ქციის ხეობას (27 სოფელი), ჭივჭავას ხეობას (12 სოფელი), ირაგის ხეობას (37 სოფელი).

ბუნება. მუნიციპალიტეტის რელიეფი უმეტესად მთაგორიანია. ჩრდ. ნაწილში აღმართულია ძლიერ დანაოჭებული, შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით აგებული თრიალეთის ქედი რ-ის სამხრ. კალთა მოსწორებული ზედაპირებით თ. წ. მ-შია მოქცეული. შუა და სამხრ. ნაწილი უჭირავს ზედაპლიოცენური დოლერიტებით აგებულ ქვემო ქართლის პლატოს. იგი თანდათან მაღლდება აღმ-იდან (450 მ) დას-კენ (1400 მ) და გასწვრივადაა გაჭრილი მდ. ხრამის კანიონით. მუნიციპალიტეტის სამხრ.-დას. ნაწილში მდებარეობს ზედაცარცული ვულკანოგენური დანალექი წყებებითა და ძვ. კრისტალური ქანებით (გრანიტოიდებით) აგებული შუა ხრამის მთათა კვანძი. აქ ყველაზე დიდია ბედენის ქედი (მწვ. იაილო – 1951 მ მწვ. ბედენი – 1875 მ), საიდანაც სამხრ.-დას-ით, სამხრ-ით და აღმ-ით გამოიყოფა შტოქედები: გელინდაღი, თავშიშველა და გომერი. თავშიშველას ქედსა და ქვემო ქართლის ლავურ პლატოთა შორის მდებარეობს ირაგის ქვაბული, რ-ის ფსკერი (ზ. დ. 1100–1200 მ) თიხნარითა და კენჭნარითაა აგებული. მუნიციპალიტეტის ტერიტ. ჩრდ.-დას-იდან სამხრ.-აღმ-კენ თანდათან დაბლდება – თავდაპირველად გადადის გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში, შემდეგ – მარნეულის ტერასულ ვაკეში.

მნიშვნელოვანი წიაღისეულია: ალგეთის ლითოგრაფიული ქვა, ბაზალტი, კირქვა და ქვიშაქვა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშ. წლ. ტემპ-რა 12ºC-იდან (ბარში) 3°C-მდე (მთაში) მერყეობს. იანვ. ტემპ-რა, შესაბამისად, 0ºC-იდან –9, –10°C-მდეა, ივლ. 14–15°-იდან 23–24°C-მდე. აბსოლ. მინ. –25, –30°C აბსოლ. მაქს. 35–40°C. ნალექები წელიწადში 500 მმ-იდან (ბარში) 900 მმ-მდეა (მთაში). ნალექების მაქს. მაისშია (120 მმ), მინ. – დეკემბერში (30 მმ). თოვლიან დღეთა რაოდენობა მთაში – 62, ბარში – 15–17.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს მდ. ხრამის მარცხ. შენაკადები და ალგეთის სისტემის მდინარეები. თ. წ. მ-ის სამხრ. საზღვრის გასწვრივ მიედინება მდ. ხრამი, რ-ის მარცხ. შენაკადებია: კლდეისისწყალი, ახკალაფისწყალი, თორნისწყალი, ჭივჭავა და სხვ. ძირითადი მდინარეა ალგეთი, რ-იც მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს ჩრდ.-დას-იდან სამხრ.-აღმ-კენ. მისი მთავარი შენაკადებია: მარჯვ. – ლაყვისხევი და გუდარეხისწყალი; მარცხ.– ნამტვრევანისწყალი, ოძისისხევი, ბოგვისხევი, ენაგეთისხევი, ლამისხევი, ასურეთისხევი და სხვ. მდინარეები საზრდოობენ უმეტესად წვიმის წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისშია, წყალმცირობა – შემოდგომის ბოლოსა და ზამთარში. ზოგ მდინარეს იყენებენ სარწყავად. ბედენის პლატოზე არის პატარა ტბები და ჭაობები, მდ. ალგეთის ხეობაში – ალგეთის წყალსაცავი რ-ის წყალი რწყავს გარდაბნისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტების დაახლ. 15 ათ. ჰა მიწას. სოფ. ასურეთთან გოგირდწყალბადოვანი წყალია, რ-საც სამკურნალოდ იყენებენ.

ნიადაგი სიმაღლებრივ ზონებს ქმნის. ვაკეზე წაბლა (ზოგან დამლაშებული) ნიადაგი ჭარბობს, ბორცვიან მთისწინეთში – ტყის ყავისფერი ნიადაგი. ტერიტ. დიდი ნაწილი უჭირავს საშ. და მცირე სისქის ტყის ყომრალ ნიადაგს, რ-საც ზემოთ ტყის ზედა სარტყლის ღია და გაეწრებული ყომრალი ნიადაგი ენაცვლება. მაღალი ქედების თხემებსა და ბედენის პლატოზე მეორეული მთის მდელოს ნიადაგია, ზოგან, კირქვების გამოფიტვის პროდუქტებზე, – ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგი. ციცაბო ფერდობებზე გვხვდება სუსტად განვითარებული, მცირე სისქის ჩამორეცხილი ნიადაგი.

თ. წ. მ-ში 2 ათასზე მეტი სახეობის მცენარე იზრდება. ვაკეზე და ბორცვიან მთისწინეთში გავრცელებულია ჯაგეკლიანი სტეპის მცენარეულობა: ძეძვი, გრაკლა, ასკილი, გლერძა, ურცი, მაჩიტა, ძურწა, ურო, შვრიელა, ტუხტი და სხვ. ხეებიდან გვხვდება აკაკი. მთების კალთების ქვემო სარტყელი მუხისა და რცხილის ტყეებს უჭირავს. იზრდება აგრეთვე იფანი, ნეკერჩხალი, პანტა და მაჟალო. ბევრია შინდი, თხილი, ზღმარტლი, კუნელი, ასკილი და სხვ.; ზემო სარტყელში ჭარბობს წიფელი, რ-იც სუფთა კორომებს ქმნის ჩრდ. ექსპოზიციის ფერდობებზე. წიფელთან ერთად იზრდება აღმოსავლური მუხა და რცხილა. ამავე სარტყელშია ნაძვნარ-სოჭნარი და ფიჭვის კორომები. მაღალი ქედების თხემებზე მეორეული სუბალპ. მდელოებია. სამხრ. ექსპოზიციის ციცაბო კალთებზე იზრდება კლდის ქსეროფიტული მცენარეულობა.

ცხოველთაგან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადრობს შველი, გარეული ღორი, დათვი, მგელი, თეთრყელა კვერნა, მაჩვი, კურდღელი, მთის მელა, მთის ბრუცა, თოვლა მემინდვრია; ფრინველთაგან – როჭო, შურთხი, კაკაბი, ჯაფარა, მინდვრის მწყერჩიტა და სხვ. ქვეწარმავლებიდან ბევრია კუ, კლდის ხვლიკი. მდინარეებში არის კალმახი, ხრამული, ტობი, შამაია.

მუნიციპალიტეტის ფლორისა და ფაუნის დასაცავად 1965 შეიქმნა ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი (ახლანდ. ალგეთის ეროვნ. პარკი).

ძირითადი ლანდშაფტები: 1. მშრალი სტეპური ვაკე წაბლა ნიადაგით; 2. სერებიანი მთისწინეთი ჯაგრცხილნარ-მუხნარით და ჯაგრცხილნარით ტყის ყავისფერ ნიადაგზე; 3. ბორცვიანი პლატო ჯაგრცხილნარ-მუხნარით, ჯაგეკლიანი და სტეპის ბალახმცენარეულობით ტყის ყავისფერ, წაბლა და შავმიწა ნიადაგებზე; 4. საშუალო მთები მუხისა და წიფლის (ნაწილობრივ ფიჭვის) ტყეებით ტყის ყომრალ ნიადაგზე; 5. მთის გასტეპებული მდელოები შავმიწა ნიადაგით; 6. ტყიან-მდელოიანი სუბალპ. მდელოები ტყის ყომრალ და მთის მდელოს ნიადაგებზე.

მოსახლეობა. მოსახლ. 825% ქართველია, 73% – აზერბაიჯანელი, 73% – სომეხი 0,9% – ბერძენი. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 500–1200 მ ფარგლებშია. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 18,0 კაცი 1 კმ²-ზე (2014).

მეურნეობა. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია მესაქონლეობა და მარცვლეულის წარმოება, განვითარებულია აგრეთვე მებოსტნეობა და მეხილეობა. მიწათმოქმედებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელოვნურ რწყვას. ძირითადად მოჰყავთ მარცვლეული (ხორბალი), პარკოსანი, საკვები კულტურები, კარტოფილი. მრავალწლიანი ნარგავებიდან გაშენებულია ხეხილი და ვენახი. მეცხოველეობაში წამყვანია მესაქონლეობა. განვითარებულია მეფრინველეობა (შპს „პოულტრი ჯორჯია" – კოდა). მუნიციპალიტეტში არის სოფ. მეურნ. პროდუქციის გადასამუშავებელი საწარმოები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო (თბილისი – ახალქალაქი–ყარსი) და საავტ. გზები.

კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. მუნიციპალიტეტში არის სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო სკოლები, ბიბლიოთეკები, საკლუბო დაწესებულებები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი".

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია: სამშვილდის ნაქალაქარი (ძვ. წ. I ათასწლ. შუა საუკუნეები – XVIII ს.), მანგლისის ტაძარი (IV–V სს. – XI ს. I მეოთხედი, გადაკეთებულია XIX ს.), პირღებულის (XIII ს., განახლებულია XVII ს.), გუდარეხის (XIII ს.) სამონასტრო კომპლექსები, წინწყაროს დედაღვთისას (VIII–IX სს.), გოხნარის (XI ს. II ნახ.), დიდი თონეთის სამების (X–XI სს.), დიდი კლდეისის (XI ს.), დრიანეთის (X–XI სს.), აძიკვის (XI ს.), აბელიის (XIII ს.), ფიტარეთის (1213–22) ეკლესიები; ნადარბაზევის სასახლე (X–XI სს.), ფარცხისის ციხე-დარბაზი (X–XI სს.), ბირთვისის (XI ს.) და ხულუტის (შუა საუკუნეები) ციხეები. სამღერეთის (XIII–XV სს.), ტბისის ხუროთმოძღვრული კომპლექსები (XVII ს.). ღოუბნის ორმოცი მოწამის ეკლესია (XVI–XVII სს.). სოფ. ვაშლოვნის საცხოვრებელი კოშკი (1811).

დ. სვანიძე

ქ. ჯაყელი