თელავი, ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთის რეგიონი), თელავის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე. ზ. დ. 700 მ. თბილისი–თელავის სარკინიგზო ხაზის ბოლო სადგური. თბილისიდან 147 კმ (სოფ. ბაკურციხის გავლით). 19,6 ათ. მცხ. (2014). ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 9°C იანვ. საშ. ტემპ-რა 0,5°C აგვ. 23°C. ნალექები 770 მმ წელიწადში.
თ-ში არის კვების (ღვინის, ყველ-კარაქის, საკონსერვო, საკონდიტრო) მრეწვ. და ადგილ. მნიშვნელობის საყოფაცხოვრებო დანიშნულების საწარმოები; სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო, სამუსიკო, სამხატვრო და სპორტ. სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, ბიბლიოთეკები, უნივერსიტეტი, ისტორიული მუზეუმი, სახელმწ. დრამ. თეატრი, სამედ. დაწესებულებები კულტ. და საინფორმაციო ტურიზმის ცენტრები, სასტუმროები, აეროპორტი „მიმინო", კულტ. და დასვენების პარკი „ნადიკვარი".
თ. აღმ. საქართველოს უძველესი ქალაქია. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლ. მასალა გვიანდ. ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თ-სა და მის მიდამოებში ადამიანს ძვ. წ. II ათასწლეულში უცხოვრია.
აღმოჩენილია აგრეთვე მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა: ოროდე I-ის (ძვ. წ. 57–38) პართული მონეტა, ავგუსტუსის (ძვ. წ. I და ახ. წ. I სს.) და კეისარ ნერონის (ახ. წ. 44) რომაული მონეტები, VI–VII სს. ბიზანტ. მონეტები.
პირველად მოხსენიებულია ძვ. ბერძენი გეოგრაფის კლავდიოს პტოლემეს (პტოლემაიოსი) (II ს.) „გეოგრაფიის სახელმძღვანელოში" „Teleda"-ს ფორმით.
გამოთქმულია მოსაზრება, რომ IV–VIII სს-ში თ. ქალაქური ტიპის სამოსახლო შეიძლება ყოფილიყო.
თ-ის ზრდას, მის გადაქცევას ქალაქად ხელი შეუწყო VIII ს. II ნახ-ში აღმ. საქართველოს ტერიტორიაზე ჰერეთის ფეოდ. სამთავროს წარმოქმნამ. ამ სამთავროს დამოუკიდებელი არსებობის პერიოდში თ. წარმოადგენდა ადგილ. ხელისუფლების მეტად მნიშვნელოვან ეკონ. და პოლიტ. ცენტრს. X ს. მიწურულში არაბ ავტორს ალ-მუკადასის თ. მოხსენიებული აქვს ქალაქად (არაბ. ტრანსკრიფციით „თებლა") სამხრ. კავკასიის სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს შორის (თბილისი, ბარდავი, ხუნანი, შამქორი, განჯა, შემახია, შარვანი, ბაქო, კაბალა, შაქი და სხვ.). მისივე გადმოცემით, თ-ში 500 კომლი მუსლიმანი იყო მცხოვრებთა უმეტესობა კი ქრისტიანები იყვნენ.
ქართ. წერილობითი წყაროები თ-ს ქალაქად XI ს-მდე არ იხსენიებენ. XI ს. 20-იან წლებში კახეთის ქორეპისკოპოსმა კვირიკე III დიდმა წარმატებით დააგვირგვინა კახეთ-ჰერეთის პოლიტ. შერწყმის პროცესი. წარმოიქმნა „რანთა (ჰერთა) და კახთა სამეფო". გაერთიანებული კახეთ-ჰერეთის სამეფოს მესვეურებმა ტახტი თ-ში დაიდგეს და ამიერიდან ის სამეფოს ცენტრი გახდა. ვახუშტის გადმოცემით, კვირიკეს თელავში აუგია „სასახლე დიდი, ვითარცა ქალაქი". თ. დამოუკიდებელი ჰერეთ-კახეთის სამეფოს პოლიტ. ცენტრი იყო 1104-მდე.
XI–XIII სს-ში თ-ში არსებობდა საკმაოდ მძლავრი კერამ. წარმოების კერები. ამასთანავე იგი წარმოადგენდა ხელოსნობისა და ვაჭრობის ცენტრს რაზეც მიუთითებს არქეოლ. მასალებში დადასტურებული უცხ. ნიმუშები. სახელდობრ, თ-ში აღმოჩენილი მოჭიქული კერამ. ნაწარმის ერთ ნაწილს პარალელები მოეძებნება სომხეთისა და აზერბაიჯანის ხოლო ნაწილს – ხერსონესის არქეოლ. მასალასთან. თ-ში ნაპოვნია აგრეთვე აღმოსავლური ყაიდის ჯამი, რ-იც სპარსული წარმოშობისა უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, რომ თ-ს სავაჭრო-ეკონ. კონტაქტები ჰქონდა დამყარებული, ერთი მხრივ, სამხრ. კავკასიის ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი), ხოლო მეორე მხრივ – შავი ზღვის ჩრდ. სანაპიროს ცენტრებთან. თ-სა და საქართველოს სხვა ქალაქებს შორის სავაჭრო ურთიერთობა განსაკუთრებით ინტენს. გახდა ქვეყნის პოლიტ. გაერთიანების შემდეგ. ამის უტყუარი დადასტურებაა საქართველოს სხვადასხვა პუნქტში აღმოჩენილი არქეოლ. მასალა. ამ ნივთებიდან კერამ. ნაწარმის ერთ ნაწილს პარალელები ეძებნება თბილისის, რუსთავის, უჯარმისა და დმანისის არქეოლ. მასალასთან, ხოლო თ-ის სამეთუნეო სახელოსნოებში დამზადებული კერამ. მასალის აღმოჩენა ახლომდებარე ნასოფლარებში მიუთითებს ქალაქსა და სოფელს შორის ეკონ. ურთიერთობაზე.
XIII ს. 70–80-იან წლებში თ-ის პატრონი და მფლობელი გახდა ათაბაგი სადუნ მანკაბერდელი. XV ს-ში კახეთის ახ. სამეფოს წარმოქმნის პერიოდში თ-მა დაკარგა მხარის სატახტო ქალაქის მნიშვნელობა. 1466-იდან იგი კახეთის სამეფოში შემავალი ერთ-ერთი რიგითი ქალაქი გახდა, თუმცა კვლავ ინარჩუნებდა ეკონ. ცენტრის როლს. 1614–17 შაჰ აბას I-ის შემოსევების შედეგად კახეთის თითქმის ყველა ქალაქი განადგურდა, მოიშალა მათი ეკონ. საფუძვლები. სრულ განადგურებას გადაურჩა მხოლოდ თ. საქალაქო ცხოვრების ერთგვარი აღმავლობა კახეთში მხოლოდ XVII ს. 60–70-იან წლებში შეინიშნება. არჩილ II-მ კახეთის დედაქალაქი გრემიდან ისევ თ-ში გადაიტანა. მასვე მიეწერება დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა: ააგო სამეფო სასახლე, მრავალი შენობა, განაახლა ეკლესიები და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია არჩილის მიერ თ-ში აგებული და შემდეგ ერეკლე II-ის დროს გადაკეთებული სამეფო სასახლე. იგი დღესაც არსებობს, მაგრამ იმდენად შეცვლილია, რომ მისი თავდაპირველი სახით წარმოდგენა ძნელდება. შემორჩენილია აგრეთვე არჩილ II-ის მიერ აგებული კარის ეკლესია, ზღუდის აღმ. ალაყაფის კარი ზედა ნაგებობითურთ და აბანო. არჩილ II-ის მეფობის დროს თ-ში ძალზე გამოცოცხლდა ვაჭრობა-ხელოსნობა. ხელოსნობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარგი სამღებრო საქმიანობა იყო. თ-ის სამღებროები მთელ საქართველოში იყო ცნობილი. ამ პერიოდში თ. წარმოადგენდა ქვეყნის კულტ.-ლიტ. საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს.
1675 არჩილ II იძულებული გახდა კახეთს გასცლოდა. 1677-იდან 1703-მდე კახეთის მმართველებად ყიზილბაში ხანები ინიშნებოდნენ. ბეჟან-ხანის (1677–83), აბას-ზიად-ოღლის (1683–88), აბაზყული-ხანის (1688–95) და ქალბალი-ხანის (1695–1703) მმართველობის პერიოდში თ-ის როლი შემცირდა, რადგანაც ყიზილბაშმა ხანებმა თავიანთ რეზიდენციად ქ. ყარაღაჯი აირჩიეს. 1706-იდან კახეთის მეფემ დავით II იმამყული-ხანმა რეზიდენცია ყარაღაჯიდან ისევ თ-ში გადაიტანა. მის დროს თ-ში და საერთოდ კახეთის სამეფოში თანდათან დაიწყო ქართ. ეროვნ. სამოხელეო ინ-ტების აღდგენა. „ყიზილბაშობის" ყაიდაზე მოწყობილი ქალაქი და მთელი სამეფო კვლავ ძვ. ნორმებს უბრუნდებოდა.
დავით II-ის შემდეგ კახეთის ტახტი დაიჭირა კონსტანტინე II მაჰმად ყული-ხანმა, რ-იც თ-ში იჯდა. მისი მეფობისას ლეკებმა თითქმის მთელი კახეთი დაიპყრეს და თ-ის აღებაც განიზრახეს. ჭარელებმა დაღესტნელი ლეკებიც მოიხმეს და ქალაქს თავს დაესხნენ. კახეთში აჯანყებამ იფეთქა, რ-იც თელაველებმა დაიწყეს. ერთი კვირის ბრძოლის შემდეგ მტერი დაამარცხეს. 1733 კახეთში თეიმურაზ II გამეფდა. მისი რეზიდენცია თ-ში განთავსდა. 1744 ირანის შაჰმა ნადირმა თეიმურაზ II – ქართლის ერეკლე II კი კახეთის მეფედ დაამტკიცა. 1762 თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ, ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს მეფე ერეკლე II გახდა. თ-ის ისტორიაში ახალი, მეტად საგულისხმო პერიოდი დაიწყო. XVIII ს. II ნახ-ში თ. ქართლ-კახეთის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა. იგი საქართველოს საშინაო და საგარეო ვაჭრობაში აქტ. როლს ასრულებდა. XVIII ს. II ნახ-ში თ. იმდენად დაწინაურდა, რომ მას თბილისის შემდეგ მოსახლ. რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილი ეკავა. 1770 თ-ში 740 კომლი (3700 სული) ცხოვრობდა. თ-ის მოსახლ. თითქმის ორი მესამედი ხელოსნობა-ვაჭრობაში იყო ჩაბმული. ხელოსნები ძირითადად ფეიქრები, მჭედლები, მეწუღეები, მეთუნეები იყვნენ. აღსანიშნავია სამღებროებისა და ტყავის გადამამუშავებელი შედარებით მსხვილი სარეწების არსებობა. XVIII ს. II ნახ-ში თვალსაჩინოდ განვითარდა კულტ. ცხოვრებაც. დიდი ყურადღება ეთმობოდა სწავლა-განათლების საქმეს. XVIII ს. 40–80-იან წლებში თ-ში ფართომასშტაბიანი მშენებლობა გაჩაღდა. იმ დროის თ-ის თვალსაჩინო მატერ.-კულტ. ძეგლებიდან აღსანიშნავია ქალაქის ციხე-გალავანი და სამეფო რეზიდენცია-სასახლე. 1772 თ. ინახულა და მის შესახებ მეტად საინტერესო ცნობები დაგვიტოვა ცნობილმა გერმანელმა მოგზაურმა ი. გიულდენშტედტმა.
რუს. იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის (1801) შემდეგ თ. ახ. ადმ.-ტერ. ერთეულის – თ-ის მაზრის ცენტრი გახდა. XIX ს. 30-იანი წლების მიწურულს თ-ში ადგილობრივმა ვაჭარმა შავერდოვმა გახსნა ბამბის სართავი „ფაბრიკა", რ-მაც სულ რამდენიმე წელი იარსება. სართავი დაზგები გამოწერილი იყო მოსკოვიდან. იქიდანვე ჩამოიყვანეს კვალიფიციური ოსტატები. საწარმოს პროდუქცია გასაყიდად გაჰქონდათ მოსკოვში. XIX ს. 50-იანი წლებისათვის თ-ში 250-მდე ვაჭარი იყო, რ-ებიც აღებ-მიცემობას ეწეოდნენ როგორც ადგილობრივი ისე შემოტანილი საქონლით. 1840–41 საქართველოში გატარებული ადმ. რეფორმების მიხედვით თ. საქართველო-იმერეთის გუბერნიის სამაზრო ცენტრი გახდა.
1894–99 თ-ში საქალაქო თვითმმართველობის სტრუქტურები შემოიღეს. 1921, საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ადმ.-ტერ. დაყოფით იგი თ-ის მაზრის ცენტრს წარმოადგენდა, 1929 დაყოფით კახეთის ოლქში შემავალი თ-ის მაზრის ცენტრი იყო, ხოლო 1930-იდან ცალკე გამოყოფილი თ-ის რ-ნის ცენტრი გახდა, 2006-იდან მუნიციპალიტეტის ცენტრია.
თ-ის არქეოლ. შესწავლა მიმდინარეობს 1962-იდან (გ. ლომთათიძე, ც. ჩიკოიძე). გათხრილია თ-ის ისტ. უბნები: „ზუზუმბოს გორა", „ძველი გალავანი", „ღვთაების ბორცვი", „ბატონის ციხე". "ზუზუმბოს გორაზე" აღმოჩნდა გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი. საყურადღებოა რკინის მასრაგახსნილი შუბისპირები, ბრინჯაოს რგოლები, რკინის სამაჯურები, თიხის ჭურჭელი და სხვ. გორის ჩრდ-ით, „მაწანწრის უბანში", გაითხარა ძვ. წ. და ახ. წ. I სს. ქვევრსამარხები, ხოლო ძვ. გალავანში – „გორიჯვრის ბორცვი", სადაც აღმოჩნდა რამდენიმე არქიტ. კომპლექსი (მ. შ. XI ს. კახეთის ქორეპისკოპოსთა სასახლის ნაშთი). ძვ. გალავნის სამხრ. ნაწილში გამოვლინდა ადრინდ. და შუა ფეოდ. ხანის ქალაქის ხელოსანთა უბანი, საცხოვრ. ნაგებობანი, მეთუნის სახელოსნო, ქურა და მრავალი არქეოლ. მასალა. კერამიკის მიხედვით ჩანს ადგილ. ხელოსნური წარმოების აღმავლობა და თავისებურებანი. „ღვთაების ბორცვზე" დაზვერვის შედეგად აღმოჩნდა შუა ფეოდ. ხანის ნამოსახლარი, ქვის სამარხები და ყორჩიბაშიშვილების გვიანდ. ფეოდ. ხანის ციხის ნანგრევები. „ბატონის ციხეში" გათხრებით გამოვლინდა ციხის მშენებლობის 2 ეტაპი: პირველი – XVII ს. II ნახევარში აშენებული – შეიძლება მეფე არჩილ II-ის მოღვაწეობის პერიოდს დაუკავშირდეს; მეორე – ძვ. ნაგებობაზე დაშენებული გალავანი – XVIII ს. II ნახ. მიეკუთვნება და ერეკლე II-ის სახელთანაა დაკავშირებული.
არქეოლოგიურად შესწავლილია თ-ის შემოგარენის ნასოფლარები: ფოხორაულები (სოფ. კურდღელაურთან), არტოზანი (სოფ. რუისპირთან), მარკაანი (სოფ. შალაურთან), სადაც გამოვლინდა ადრინდ. შუა და გვიანდ. ფეოდ. ხანის ხუროთმოძღვრული და არქეოლ. ძეგლები (სამონასტრო ანსამბლი, ნამოსახლარები, მარანი, სამარხები და სხვ.). გაირკვა, რომ ეს ნამოსახლარები ქალაქის მასაზრდოებელ აგრ. რაიონს წარმოადგენდა.
გათხრებით დადგინდა, რომ ძვ. ქალაქი მდებარეობდა თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე, კახეთ-ჰერეთის საზღვართან.
XVII ს. 60-იან წლებში, როგორც კი დროებით სიმშვიდე დამყარდა და კახეთის სათავეში ისევ ქართველი მოღვაწეები ჭარბობენ, მეფეთა რეზიდენცია და სატახტო ქალაქის პატივი ისევ თ-ს უბრუნდება. მეფე-პოეტის არჩილის მმართველობის ხანაში „შენდებოდა კახეთი, ვინადგან იყო მშვიდობა და უმტრობა". სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ პოეტები დავით II, თეიმურაზ II, საიათნოვა და სხვ. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ ლიტ. ტრადიციებზე აღიზარდა მწიგნობარ ბატონიშვილთა მთელი თაობა. 1758 თ-ში დაარსდა თელავის საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა სადაც გაჩაღდა შემოქმედებითი მუშაობა. 1782 სკოლის ბაზაზე დაარსდა თელავის სემინარია სადაც არაერთი მწიგნობარი აღიზარდა. ბიოგრ. და შემოქმედებითი ეპიზოდებით თ-თან დაკავშირებული იყვნენ ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ა. ყაზბეგი და ვაჟა-ფშაველა. აქვე შემოქმედებით-მწიგნობრულ მოღვაწეობას ეწეოდნენ ვ. ბარნოვი, ნ. სულხანიშვილი დ. თურდოსპირელი, ბ. ახოსპირელი და სხვ.
თ-ის ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან უძველესია ღვთაების ეკლესია (V–VI სს.). შემორჩენილია XI ს. ციხის ზღუდის ნანგრევები, ე. წ. ძვ. გალავანი. XVII ს-ში არჩილ მეფემ თ-ში სამეფო სასახლე ააგო, ხოლო თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის დროს ინტენს. მშენებლობა გაჩაღდა. XVIII ს. II ნახ-ში თ-მა დასრულებული, ფეოდ. ქალაქისათვის დამახასიათებელი სახე მიიღო. ქალაქთმშენებლობის ანსამბლს ოთხი დიდი ნაგებობა – ძვ. გალავანი, ბატონის ციხე, ყორჩიბაშიშვილებისა და ვახვახიშვილების ციხეები – განსაზღვრავდა. 1753 ბატონის ციხის ტერიტორიაზე კარის ახ. ეკლესია ააგეს, ხოლო XVIII ს-ის 70-იან წლებში – საზარბაზნე ბურჯი. ქალაქის ცენტრში თელავის დრამატული თეატრის ინტერიერში მოქცეულია კოშკისებრი შენობა (XVIII–XIX სს.), რ-ის ქვედა სართული ეკლესია-სამლოცველოა, ზედა კი – თავდასაცავ-შესახიზნი დამოუკიდებელი შესასვლელითა და სათოფურებით. XIX ს. I ნახ-ში თ-ში გაცხოველებული მშენებლობა დაიწყო. შეიქმნა ხელოსანთა სავაჭროებით მჭიდროდ განაშენიანებული ახ. ქუჩა (შემდეგში „ზემო ბაზარი"), გაიზარდა ბინათმშენებლობა. ქალაქი ციხის კედლებს გარეთ გაიშალა. ძველმა ციხეებმა თანდათან დაკარგეს მნიშვნელობა, ხოლო საზარბაზნე ბურჯები ზედ მიდგმულ საცხოვრ. სახლებს შეერწყა. გადაკეთდა ბატონის ციხის შიგა ტერიტორიაც. XX ს-ში ქალაქმა ძირეულად შეიცვალა სახე – აშენდა საზ. და კულტ.-საგანმან. შენობები. 1947 შედგა თ-ის დაგეგმარებისა და რეკონსტრუქციის პროექტი (არქიტ. ა. ნიკოლაიშვილი თანაავტორი ზ. მინდორაშვილი და სხვ.). ქალაქის არქიტ. ცენტრი კვლავ ბატონის ციხეა. მის ირგვლივ მოეწყო მოედნები. ძვ. ერთსართულიანი სახლები და ქოხმახები ახალმა შენობებმა შეცვალა. ძირფესვიანად გადაკეთდა ლენინის ქუჩაც (ამჟამად ერეკლე II-ის გამზირი), რ-იც მრავალსართულიანი საცხოვრ. სახლებით, სახელმწ. დაწესებულებებითა და ადმ. შენობებით განაშენიანებულ ქუჩა-ხეივნად იქცა. აშენდა თეატრი, სასტუმროები: „თელავი", „კახეთი". ქალაქში დგას ერეკლე II-ის, ი. ჭავჭავაძის ძეგლები, ომში დაღუპულთა მემორიალი. 2011–12 განხორციელდა „ქ. თელავის რეაბილიტაციის პროექტი".
1984 გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა ე. ვირსალაძემ თელავში დააარსა კამერული მუსიკის საერთაშ. ფესტივალი, სახელწოდებით – „ქება ვაზისა", რ-იც 20 წლიანი პაუზის შემდეგ, 2010 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ყოველწლიურად ტარდება.
იხ. აგრეთვე სტ-ები: თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თელავის ისტორიული მუზეუმი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის სურათების გალერეა, „თელავის ღვინის მარანი".
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1955–59; ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: აფრასიძე გ., საქართველოს შუა საუკუნეების ქალაქები, თბ., 1984; ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988; ორბელიანი ა., თელავი, თბ., 1997; პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები (უძველესი დროიდან XII ს. I მეოთხედამდე), თბ., 1970; მისივე, რანთა და კახთა სამეფო (VIII–XI სს.), თბ., 1982; რჩეულიშვილი ლ., თელავი, თბ., 1963; ჩიკოიძე ც., ქალაქი თელავი, თბ., 1979; ჭილაშვილი ლ., ქალაქები ფეოდალურ საქართველოში ტ. 2, თბ., 1970; ჯავახიშვილი გ., თელავის ლიტერატურული ბოჰემა, თბ., 1998; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 1-II თბ., 2015.
ლ. მენაბდე
თ. პაპუაშვილი
შ. საღარაძე
ც. ჩიკოიძე
ვ. ჯაოშვილი