თელავის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტის გერბი

თელავის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთის რეგიონი). თ. მ-ს ჩრდ-ით და დას-ით ესაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტი, ჩრდ.-აღმ-ით – რუსეთის ფედერაცია (დაღესტანი), აღმ-ით – ყვარლის, სამხრ.-აღმ-ით – გურჯაანის, სამხრ-ით – საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. ფართ. 10825 კმ². მოსახლ. 387 ათ. კაცი (2014). ცენტრი – ქ. თელავი. მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი, 29 სოფელი, 18 სათავო სოფელი, 4 თემი: თეთრი წყლების, რუისპირის, სანიორის, ფშავლის.

ისტორიული ცნობა. წერილობითი წყაროების მიხედვით, V ს-ში ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტ. (ჰერეთის საერისთავოს შემადგენლობაში) ქართლის სახელმწიფოში შემავალი „ქვეყანა" იყო. VIII ს. II ნახ-ში აწინდელი კახეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართ. პოლიტ. ერთეული – ჰერეთის სამთავრო, რ-იც სხვა მხარეებთან ერთად, მოიცავდა შიგნით კახეთსაც, ე. ი. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიასაც. XII ს. დასაწყისში (ივ. ჯავახიშვილის ქრონოლოგიით 1104–05 წწ.) დავით აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთი გაერთიანებულ საქართველოს ფეოდ. სახელმწიფოს შემოუერთა. ამიერიდან თ. მ-ის ტერიტ. საბოლოოდ მოქცეულია „ყოველი საქართველოს" პოლიტ. ფარგლებს შიგნით და წარმოადგენს მის ორგანულ, განუყოფელ ნაწილს.

XV ს-ში საქართველოს ერთიანი ფეოდ. მონარქიის პოლიტიკურად დაშლის შედეგად წარმოიქმნა გვიანდ. შუა საუკუნეების კახეთის სამეფო (1465–1762) და თ. მ-ის ტერიტორიაც მის შემადგენლობაში შევიდა. XVIII ს. II ნახევარში (1762) ის უკვე ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო. 1801 რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შედეგად თ. მ-ის ტერიტ. თელავის მაზრად ჩამოყალიბდა. 1917-მდე იგი შედიოდა ტფილისის გუბ. თელავის მაზრაში, 1921 ადმ.-ტერიტ. დაყოფით ისევ თელავის მაზრის შემადგენლობაშია, 1930–2006 დამოუკიდებელი რ-ნია, 2006-იდან – მუნიციპალიტეტი.

ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) თავის ნაშრომზე („აღწერა სამეფოსა საქართველოსა") თანდართულ სოფლების სიაში ახლანდ. თ. მ-ში შემავალი სოფლებიდან შეტანილი აქვს აკურა, გულგულა, ვარდისუბანი, იყალთო, კისისხევი, კონდოლი, კურდღელაური, რუისპირი, ქვემო ხოდაშენი, შალაური, წინანდალი. იოანე ბაგრატიონი 1794–99 ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის დავალებით შესრულებულ ნაშრომში „ქართლ-კახეთის სოფლების აღწერა" თ. მ-ში შემავალ სოფლებად იხსენიებს ვახუშტი ბაგრატიონის მიერ დასახელებულ სოფლებს და შუამთის მონასტერს.

ბუნება. თ. მ-ის ჩრდ.-აღმ. ნაწილი უჭირავს კახეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ.-დას. კალთებს. იგი აგებულია იურული და ცარცული ასაკის თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, თიხებით, მერგელებით, მერგელოვანი ფიქლებითა და კირქვებით. რელიეფი ძლიერ დახრილია და ღრმად არის დანაწევრებული V-სებრი ციცაბოფერდობიანი ხეობებით. კავკასიონის მთავარი ქედის განშტოებებია საჯიხვე (მთა საჯიხვისთავი) და ანდარაზანი (მთა დიდი ანდარაზანი). წყალგამყოფთა თხემები დაკბილულია, ზოგან – გაშიშვლებული. კავკასიონის თხემურ ზოლში, აგრეთვე განშტოებათა მაღალ ნაწილში შეინიშნება მეოთხეული გამყინვარების კვალი პატარა ტროგული ხეობების, ცირკებისა და კარების სახით.

თ. მ-ის სამხრ.-დას. ნაწილი უჭირავს გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთას. იგი აგებულია ძირითადად სარმატულ-კიმერიული კონგლომერატებით, ფხვიერი ქვიშაქვებითა და თიხებით. თხემურ ზოლში გაშიშვლებულია ცარცული კირქვები და ვულკანოგენური წყება – ტუფ-ბრექჩიები, ტუფ-ქვიშაქვები, პორფირიტები; თხემი მოსწორებულია. მდ-ების: თურდოს, კისისხევის, ვანთისხევის და სხვ. ხეობებითა და მშრალი ხევებით ღრმად დანაწევრებული გომბორის ქედის კალთა დამრეცად ეშვება ალაზნის ვაკისაკენ. ყველაზე მაღალია გომბორისა და მანავისცივის მთებს შორის მდებარე მონაკვეთი; უმაღლესია მთა ცივი (1991 მ), საიდანაც სათავეს იღებს მდ. კისისხევი.

თ. მ-ის ცენტრ. ნაწილი უჭირავს მდ. ალაზნის აკუმულაციურ ვაკეს (350–600 მ). იგი აგებულია მეოთხეული ალუვიური, პროლუვიური და პროლუვიურ-დელუვიური კენჭნარით, ქვიშაქვებითა და თიხებით. ვაკე მდ. ალაზნით ორ ნაწილადაა გაყოფილი და უმნიშვნელოდ არის დახრილი სამხრ.-აღმ-კენ. ხევ-ხეობებით დანაწევრებული მთისწინეთის ზოლში ფართოდ არის განვითარებული გამოზიდვის კონუსები და შლეიფები.

ალაზნის ვაკეზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 11–12°C იანვ. საშ. ტემპ-რა 0,2°C ივლ. 22–24 °C. აბსოლ. მაქს. 39°C, აბსოლ. მინ. –21°C. ნალექები 700–800 მმ წელიწადში.გომბორის ქედზე, ზ. დ. 1200 მ-მდე, ზომიერად ნოტიო და ზომიერად თბილი ჰავაა, იცის გრილი ზაფხული იანვ. საშ. ტემპ-რა –1°C –3°C ივლ. 19–22°C. აბსოლ. მინ. –25°C, აბსოლ. მაქს. 38°C. ნალექები 800–900 მმ წელიწადში. საშ. და მაღალმთიან ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული; იანვრის საშ. ტემპ-რა –3°C, –6°C, ივლ. 16–20°C, ნალექები 900–1000 მმ წელიწადში.

კახეთის კავკასიონის დაბალმთიან ზონაში (1100–1200 მ-მდე) ზომიერად ნოტიო თბილი ჰავაა, იცის გრილი ზაფხული. იანვ. საშ. ტემპ-რა –3, –3,5°C ივლ. 18–19°C. ნალექები 1100–1150 მმ წელიწადში. უფრო ზემოთ ტემპ-რა ეცემა, ხოლო ნალექების რაოდენობა მატულობს და წლიურად საშ. 2000 მმ აღწევს.

თ. მ-ის მთავარი მდინარეა ალაზანი მარცხ. (სტორი და ლოპოტა) შენაკადებით. მარჯვ. შენაკადები უმთავრესად პერიოდული მდინარეებია (თურდო, კისისხევი, ვანთისხევი, აკურისხევი და სხვ.). მდინარეების ნაწილი ალაზნამდე ვერ აღწევს – გზაში იკარგება ჩაჟონვის, აორთქლებისა და სარწყავად ხარჯვის გამო. ხშირია წყალმოვარდნა. ზოგი მდინარე სელური (ღვარცოფული) ხასიათისაა.

მდ. ალაზნის მარჯვ. მხარეს, ვაკეზე, ჩამოყალიბებულია ალუვიური, ძლიერ კარბონატული თიხნარი ნიადაგი, მარცხ. მხარეზე – მდელო-ტყის ალუვიური, უკარბონატო თიხნარი ნიადაგი. იგივე ტიპი ფრაგმენტულად ვრცელდება მთისწინეთის, დაბალ- და საშუალმთიანეთის მთავარ მდინარეთა სანაპიროებზე. მთისწინეთის ზონაში ყავისფერი ნიადაგია. კახეთის კავკასიონისა და გომბორის ქედების კალთების ქვემო ნაწილში, შერეული ფართოფოთლოვანი ტყის ქვეშ, ჩამოყალიბებულია ტყის ყომრალი ნიადაგი; გომბორის ქედზე – კორდიან-კარბონატული ნიადაგი; ტყის ზონის ზემოთ მთის მდელოს კორდიანი, ალაგ-ალაგ კორდიან-ტორფიანი, შემდეგ კი მთის მდელოს პრიმიტ. ნიადაგია.

ალაზნის ვაკესა და მთისწინეთში თითქმის მთელი ტერიტ. კულტ. ლანდშაფტებს უჭირავს. დაუმუშავებელ მიწებზე სტეპის (უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგეკლიანი სტეპი), ტყესტეპის (ჯაგრცხილა, კუნელი, ასკილი, ძეძვი, შავჯაგა და სხვ.) და მეორეული ტყის (მუხნარ-ჯაგრცხილნარი) მცენარეულობაა. ვაკეზე შემორჩენილია ლეშამბოიანი ტყის ნაშთებიც. მდ. ალაზნის სანაპიროზე გავრცელებულ ჭალის ტყეებში იზრდება ვერხვი, ტირიფი, ჭალის მუხა, მურყანი და სხვ.

გომბორის ქედის დაბალმთიან და, ნაწილობრივ, საშუალმთიან ზოლში (1400 მ-მდე) მუხნარი, რცხილნარ-მუხნარი და ზოგან წიფლნარია. ტყის ზედა ზონაში (1800–2000 მ-მდე) გაბატონებულია წიფლნარი, რ-შიც შერეულია რცხილა და არყის ხე. პირველადი სუბალპ. მდელოები ცალკეულ კუნძულებადაა ცივის, მანავისცივისა და სხვა მთათა მიდამოებში.

კახეთის კავკასიონის კალთაზე ზ. დ. 800–1000 მ-მდე გაბატონებულია რცხილნარ-მუხნარი, რ-შიც შერეულია წიფელი, ზოგან ცაცხვი და წაბლი. 800–1000 მ-იდან 2000–2300 მ-მდე წიფლის ტყეებია, რასაც ერევა მუხა, რცხილა, ცაცხვი, ნეკერჩხალი, 2500–2600 მ-მდე სუბალპ. ტყე-ბუჩქნარი და მდელოებია. 3200–3400 მ სიმაღლემდე ვრცელდება ალპ. ბალახეულობა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება მურა დათვი, შველი, არჩვი, მგელი, მელა, ტურა, გარეული ღორი, კურდღელი, დედოფალა, ბუჩქნარის მემინდვრია. მრავლადაა ფრინველი, მდინარეებში – ხრამული, მურწა, წვერა, ლოქო, კობრი და სხვ.

ძირითადი ლანდშაფტები:

1. ჭალები, ძირითადად ტყის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგებით; 2. ვაკე მდელოსტეპის მცენარეულობით ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგებზე; 3. ვაკე გამოზიდვის კონუსებით, ტყე-ბუჩქნარით, მდელო-ტყის ალუვიური, პროლუვიური და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; 4. გამოზიდვის კონუსებიანი მთისწინეთი ჯაგრცხილნარ-მუხნარით, ტყის ყავისფერი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით, რცხილნარ-მუხნარით მთის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე; 5. დაბალი მთები მუხნარითა და რცხილნარ-მუხნარით, ტყის ყომრალი და ტყის ყავისფერი ნიადაგებით; 6. ციცაბოფერდობიანი საშუალო მთები წიფლის, მუხისა და წაბლის ტყეებით, ტყის ყომრალი ნიადაგებით; 7. საშუალო მთები რცხილნარ-მუხნარითა და ფიჭვნარით, ტიპური და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებით; 8. მთა-მდელოს ლანდშაფტი სუბალპ. ტყე-მდელოს და ალპ. მდელოს მცენარეულობით მთის მდელოს ნიადაგებზე.

მოსახლეობა. თ. მ-ის მოსახლეობის 86,5% ქართველია, 12,8% – აზერბაიჯანელი; ცხოვრობენ აგრეთვე ოსები, სომხები, რუსები და სხვ. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 400–800 მ ფარგლებშია. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 35,8 კაცი 1 კმ²-ზე.

მეურნეობა. სოფ. მეურნ. წამყვანი დარგია მევენახეობა; მოჰყავთ მარცვლეული კულტურები, განვითარებულია აგრეთვე მებაღეობა, ეთეროვანი ზეთების წარმოება, სარძეო-სახორცე მიმართულების მეცხოველეობა. ვაზის გავრცელებული ჯიშებია რქაწითელი, კაბერნე, საფერავი და სხვ. ნათესებში ყველაზე მეტი ფართობი უკავია საგაზაფხულო ხორბალს, საკვებ კულტურებს, სიმინდს. ითესება აგრეთვე საგაზაფხულო ქერი და მზესუმზირა. დიდი ფართობი უჭირავს ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებს.

მრეწვ. წამყვანი დარგია მეღვინეობა. XIX ს-იდან ფართო ბაზარზე გავიდა წინანდლის საუფლისწულო მამულის მეღვინეობის პროდუქცია. განვითარდა ევრ. წესით დაყენებული სუფრის სამარკო ღვინოების წარმოება. განთქმულია თ. მ-ის სამარკო ღვინოები: „წინანდალი", „თელიანი", „ნაფარეული". ღვინის ქ-ნები არის თელავში კურდღელაურში, წინანდალში, ნაფარეულში, თელიანში, აკურაში და სხვ. (იხ. სტ-ები „თელავის ღვინის მარანი" და „თელიანი ველი"). აღსანიშნავია ეთერზეთების მწარმოებელი შპს „კოპალა – 1898" (ნაფარეული), არის მექანიკური და რკინაბეტონის ქ-ნები, კვების მრეწვ. საწარმოებიდან – თელავის ყველ-კარაქისა და საკონსერვო ქ-ნები, პურკომბინატი.

თ. მ. საქართვ. მნიშვნელოვან ცენტრებს უკავშირდება რკინიგზით საავტ. მაგისტრალებით და საჰაერო მიმოსვლით. გაყვანილია საავტ. გზები თელავი–გომბორი–თბილისი და თელავი–გურჯაანი–საგარეჯო–თბილისი. 1950 ამოქმედდა თელავის აეროპორტი. 2016 გაიხსნა აეროპორტი „მიმინო".

კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. მუნიციპალიტეტში არის სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო, სამუსიკო, სამხატვრო და სპორტ. სკოლები, პროფ. სასწავლებელი, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი თელავის სახელმწ. უნ-ტი, ბ-კები, საკლუბო დაწესებულებები, ისტ. მუზეუმი (თელავი), სამხატვრო გალერეა (თელავი), ა. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (წინანდალი), მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (იყალთო), თელავის სახელმწიფო დრამ. თეატრი ნადიკვრის საზაფხულო თეატრი.

თელავში არის კულტ. და საინფორმაციო ტურიზმის ცენტრები, სასტუმროები, კულტ. და დასვენების პარკი „ნადიკვარი".

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს „თელავის რაიონული საავადმყოფო", შპს „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი", შპს „უნიმედი კახეთი" და სხვა სამედ. დაწესებულებები.

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. ისტ. ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ძველი შუამთის მონასტერი (V–VII სს.), იყალთოს სამონასტრო კომპლექსი (VI–IX სს.) და იყალთოს აკადემია (XII ს.); აკურის მონასტერი (IX ს.), რუისპირის წმ. შიოს (XII–XIII სს.) მონასტერი, კონდოლის ნათლისმცემლის ეკლესია (VI ს.), კისისხევის კონდამიანის (VI–VII სს.), წინანდლის საფარისას წმ. გიორგის (XI–XII სს.) სამეკლესიიანი ბაზილიკები, ვანთის სასახლის კომპლექსი (IX ს.), კისისხევის ყველაწმინდის გუმბათოვანი ეკლესია (VI–VII სს. გადაკეთებულია X–XI სს.), „კოხტა ღვთისმშობლის" ეკლესია (ადრინდ. შუა საუკუნეები) სოფ. ფშაველის მახლობლად – ახალი შუამთის მონასტერი (XVI ს.), ნასოფლარ არტოზანის (გვიანდ. შუა საუკუნეები) და სოფ. ლალისყურის (XVIII ს.) ციხეები.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა, თ. ენუქიძის და გ. ბედოშვილის გამოც., თბ., 1986.

ლიტ.: პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები (უძველესი დროიდან XII ს. I მეოთხედამდე), თბ., 1970; მისივე, რანთა და კახთა სამეფო (VIII–XI სს.), თბ., 1982; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 1II–თელავის მუნიციპალიტეტი, თბ., 2015.

თ. პაპუაშვილი

ნ. სულხანიშვილი

ვ. ჯაოშვილი