თექა, მოთელილი მატყლის საფენი ქეჩა. თექის წარმოების ძირითად ნედლეულს მატყლის ბოჭკო წარმოადგენს, რ-საც აქვს მოთელვის და ძაფად დაგრეხვის თვისებები. ამ ქსოვილის დამზადება და მისი მხატვრული დამუშავება უძველესი დროიდან დიდ ადგილს იკავებდა საქართველოს კულტ., ესთეტიკურ და ეკონ. განვითარებაში. არქეოლ. გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნიმუშები და ძველი ისტორიკოსების, გეოგრაფებისა და მოგზაურების ცნობები (ჰეროდოტე, სტრაბონი, უფრო გვიან – მარკო პოლო, ჟ. შარდენი) მოწმობს იმის შესახებ, რომ საქართველოში ძველთაგანვე არსებობდა პირველადი მასალის (მატყლის) დამუშავების შედეგად მიღებული ქსოვილი. ასევე მრავლადაა ცნობები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მოსახლეობის მთავარი საარსებო წყარო მეცხოველეობა იყო (კერძოდ, ხევსურეთსა და მთა-თუშეთში), არსებული მატყლის ქსოვილის, კერძოდ, თ-ის, კულტურულ ტრადიციებზე, სამოსის (ნაბადი სვანური ქუდი კახური ქუდი ყაბალახი ჩოხა), ხალიჩების და ფარდაგების მრავალფეროვნებაზე.
ისტორიულად თ-ს საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში (თუშეთი, კახეთი, ხევი, ჯავახეთი) ამზადებდნენ და მას მრავალმხრივი გამოყენება ჰქონდა. ამზადებდნენ თავსაბურავებს, სამოსელს. კედლის დეკორებს იყენებდნენ სახლის ინტერიერის გასალამაზებლად. იყენებდნენ ასევე, სასაპალნე და ტვირთმზიდი პირუტყვის აღკაზმულობაში, მწყემსები და მეცხვარეები (მომთაბარეობისას) – კარვების გადასახურად. თ-ის საუკეთესო ნიმუშია სახიანი ნაბადი, რ-იც თუშეთში მზადდებოდა და მარტივი და დახვეწილი ორნამენტებით გამოირჩეოდა. მას არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ საკულტო დანიშნულებაც გააჩნდა. ორნამენტულ ნახატებში ძირითადად გეომ. ორნამენტი დომინირებს. ასევე გვხვდება მცენარეული და ანიმალისტური ორნამენტული სიმბოლოები, მათი საკრალური მნიშვნელობა დღეს დავიწყებულია.
ადრეულ საუკუნეებში თ. შეუღებავი მატყლისაგან მზადდებოდა მისი ბუნებრივი ფერებით: თეთრი, ყავისფერი, შავი. V–VI სს-ში ჩნდება შეღებილი მატყლის ნაწარმი. კავკასიაში გავრცელებული ცხვრის ჯიშებიდან უმაღლეს ხარისხის მატყლად ითვლება თუშური ცხვრის რბილი, ნაზი და მბზინავი მატყლი, იგი ტექნოლ. თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა, რადგან გრეხისა და გაჭიმვის მიმართ დიდი გამძლეობა აქვს, ახასიათებს ღებვისადმი დიდი მორჩილება. ასევე სხვადასხვანაირად იღებება ცხვრის სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან ანაკრეჭი მატყლი. კარგად იღებება ზურგის ნაწილის მატყლი, ცუდად იღებს საღებავს კისრის ბუსუსა მატყლი, თუმცა გამოყენების მხრივ აღნიშნული მატყლი მეტად სასარგებლოა.
თ-ის ქსოვილს მისი 100% ბუნებრივი მატყლის შემადგენლობის გამო სამკურნალო თვისებებიც აქვს. ასევე იგი ანეიტრალებს ადამიანის ორგანიზმიდან გამომავალ ტოქსიკურ ნივთიერებებს და იცავს მას ელექტრომაგნიტური ველისაგან. ყველაზე მარგებელი თვისებებით შეუღებავი მატყლისგან შექმნილი თ-ის ქსოვილი გამოირჩევა.
ლიტ.: აზიკური ნ., თუშური ნაბადი, თბ., 1999; ბუაძე ე., ბოჭორიშვილი რ., თექა, ქუთ., 2013; მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის, ივ. ჯავახიშვილის რედ., ტ. 2, ნაწ., 2, თბ., 1976; რუხაძე ო., თექა, თბ., 2013; ცაგარელი ნ., ქართული თექა, თბ., 1982.
გ. ჯალაბაძე