თითების თეატრი, თეატრალური წარმოდგენის სახეობა, სადაც შავად შემოსილი მეთოჯინეები (მსახიობები) თითებზე შემოცმული კოსტუმ-ხელთათმანებით წარმოადგენენ გარკვეული სიუჟეტებისა თუ ცეკვების პაროდიებს. დასაბამს იღებს თოჯინების თეატრიდან. თ. თ-ის სცენა წარმოადგენს მაგიდას (1 მ სიგრძისა და 50 სმ სიგანის). აქ მაყურებელი ხედავს მხოლოდ ხელის მტევნებს, თითებს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ თოჯინების თეატრშია. თ. თ-ის წარმოდგენებში გადამწყვეტი ფუნქცია პლასტიკურ გამომსახველობას, განათებასა და კოსტიუმების მხატვარს ენიჭება.
საქართველოში თ. თ. დაარსდა 1991 რეჟისორისა და მსახიობის ბ. კუპრეიშვილის და მისი თანამოაზრეების თაოსნობით. თეატრის პირველი სპექტაკლი იყო „ექსტრავაგანსა", რ-იც შედგებოდა ქართული ცეკვების „ხორუმის", „ოსურისა" და „კარმენის" მიხედვით დადგმული ეტიუდებისა და მინიატიურული კოსტიუმების მოდების ჩვენებისაგან. დაარსების დღიდან თ. თ-მა არაერთი ჟანრისა და მიმართულების წარმოდგენა განახორციელა, მისი გამომსახველობის ძირითადი საშუალებები ყოველთვის ორიგინალურია და ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარზეა დაფუძნებული.
2004 თბილისში შედგა თ. თ-ის ოფიც. პრეზენტაცია განახლებული დასით. თეატრმა მდებარეობა რამდენჯერმე შეიცვალა. ამჯერად იგი წარმოდგენებს მართავს მარჯანიშვილის თეატრის შენობაში. თ. თ-ის დადგმებიდან აღსანიშნავია მ. უნტის, „ა" და „ბ" (1995, პრემია წლის ყველაზე თამამი თეატრალური იდეის განხორციელებისათვის), თ. გუჯენოღლუს „მატრიოშკა" (2000), ბრიტანული როკ-ჯგუფის პინკ ფლოიდის მუს. კომპოზიციაზე შექმნილი „კედელი" (2006). თ. თ-ში ასევე განხორციელდა შერეული ტიპის წარმოდგენები (ცოცხალი და თოჯინური პლანი): „ჩემი ჰამლეტი" (უ. შექსპირის მიხედვით, 2010), „სევილიელი დალაქი" (ჯ. როსინის მიხედვით, 2012), „თამაში მაგიდასთან" (2015), „ფიროსმანი – ზმანება" (2016) და სხვ.
თეატრს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშ. ფესტივალსა და პროექტში.