თონე

თორნე (ძველ ქართულში გვხვდება თურნე, საცხობელი პურისაჲ, საცხობელი კეცისაჲ), მიწაში ჩადგმული უძირო, ცილინდრული ფორმის თიხის ნაკეთობა. გავრცელებულია საქართვ. ბარში და ზეგანზე მაღალი წებოვნების მქონე პურის საცხობად. ქართ. მეთონეობა, ძირითადად, ორი სახის თ-ს იცნობს: საოჯახო ანუ სოფლურ თ-ს და პროფესიონალი მეპურის თ-ს. სოფლად გავრცელებულია პატარა, საშუალო და დიდი ზომის პირმოხვეული და პირგანიერი თ-ები. საოჯახო თ-ის მაქს. სიმაღლე, როგორც წესი, 1 მეტრია. გამოსაწვავ ქურაში თ-ის მოსათავსებლად და მისი მოხერხებულად ტრანსპორტირების მიზნით მას ხშირად რამდენიმე ნაჭრად ჭრიდნენ და მიწაში ჩადგმის დროს აწყობდნენ. ნაჭრებად არ იჭრება ჯერ კიდევ შემორჩენილი თონის სახეობა რ-საც ქალები ამზადებენ.

საქართვ. სხვადასხვა კუთხეში თ. მიწაში სხვადასხვა სიღრმით იდგმება: მთლიანად, სანახევროდ ან მხოლოდ ძირით. თ-ის მიწისზედა ნაწილის გასამაგრებლად და სიმხურვალის შესანარჩუნებლად თ-ს ირგვლივ წნელით შემოწნავენ (ყავრით, ტკეჩით, ფიცრით მოპირკეთება), წნულისა და თ-ის კედელს შუა ცარიელი ადგილი მიწით ამოივსება და დაიტკეპნება. კარმიდამოიან სამოსახლოში თ. დაფარულია და უმთავრესად ეზოშია გამართული. თ. გვხვდება აგრეთვე სამეურნეო ნაგებობების დერეფანში. დარბაზულ სახლში თ. საცხოვრებლის შიდა კომპლექსში იყო მოქცეული. თ-ს იყენებდნენ აგრეთვე პროდუქტების „ჩასათუთქად", ხის ნაწილების გამოსაშრობად და გათბობის მიზნითაც. პროფესიონალი მეპურის თ. სოფლად გავრცელებული თ-ისაგან სიდიდითაც განსხვავდება (გაცილებით დიდია) და მოყვანილობითაც. საქართველოში ცნობილია ურბნისის (V–VII სს.), თბილისის (XI, XII სს.), რუსთავის (XII–XIII სს.), უფლისციხის (XIV–XVI სს.) და სხვა განათხარი თ-ები. ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ყველაზე ძველია ძვ. წ. VIII ს. ურარტული თ.

რ. თოდუა