თაბორის ფერისცვალების ეკლესია, მდებარეობდა მდ. წავკისისწყლის მარჯვ. მხარეს მდებარე თაბორის მთაზე. ეკლესია ადრინდ. ქრისტ. ხანას (არაუგვიანეს VI ს.) მიეკუთვნებოდა. მას ჩვენამდე არ მოუღწევია. პირველად ნახსენებია 1392 შედგენილ საბუთში: „... ტფილისის იქით ლეღვის ხევი, ჩამოვარდება თაბორის ეკლესიის ჩამოსწვრივ წყლისპირამდისინ..." (ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 1, თბ., 1970), ეკლესია აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის 1735 გეგმაზეც. პ. იოსელიანის ცნობით „... и на плоской ея вершине была построена церковь Преображения Господня...". თაბორის ეკლესიაზე ცნობებს გვაწვდის მ. ჯანაშვილიც: „ტაძარი სახელსა ზედა ყველა ურვეულთა ნუგეშისმცემისა თაბორის გორაზედ... გაოხრებული ტაძარი". თაბორის მთას (იერუსალიმში) იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი ადგილი უკავია. მთას ფერისცვალების ეკლესიის აშენების შემდეგ შეერქვა თაბორი. 2001 თბილ. თაბორის მთაზე აშენდა ფერისცვალების ახ. ეკლესია (მამათა მონასტერი).
თ. ბერიძე