თაბორის ქედი, ქედი თბილისის მიდამოებში, თრიალეთის ქედის სამხრ.-აღმ. განშტოება, მდ-ების წავკისისწყლისა (ლეღვთახევის) და კრწანისისხევის (ტაბახმელისხევის) წყალგამყოფი. აგებულია შუაეოცენური ტუფოგენური ქანებით, თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. ჩრდ. და აღმ. კალთები ციცაბოა, სამხრ. – დამრეცი, თხემი მოვაკებულია და თანდათან მაღლდება აღმ-იდან (600 მ) დას-კენ (1000 მ). ჩრდ. კალთის ძირას გამოდის გოგირდიანი ცხელი წყაროები (იხ. თბილისის თერმული წყლები). თხემი და სამხრ. კალთა შემოსილია ბუჩქნარითა და ხელოვნური ნარგავებით.
იხ. აგრეთვე სტ-ები: თაბორი და თაბორის ფერისცვალების ეკლესია.
ქ. ჯაყელი