თოხაძე გივი მაქსიმეს ძე

 

გ. თოხაძე

თოხაძე გივი მაქსიმეს ძე (20. X. 1922, ფოთი, – 25. X. 2010, თბილისი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1982). 1949 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. ინ-ტის დამთავრების შემდეგ სამი წელი იმუშავა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრში (ასრულებდა ეპიზოდურ როლებს ისეთი კორიფეების გვერდით, როგორებიც იყვნენ ა. ვასაძე, ა. ხორავა და სხვ.). 1956-იდან ხანგრძლივად და ნაყოფიერად მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია უშანგი (შ. მანაგაძის „საბუდარელი ჭაბუკი", 1957). გადაღებულია კინოფილმებში: „ჭიაკოკონა" (რეჟ. ი. ქავთარაძე, 1961), „ბაში-აჩუკი" (რეჟ. ლ. ესაკია, 1956), „მე ვიტყვი სიმართლეს" (რეჟ. ლ. ხოტივარი, 1957), „დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (რეჟ. ს. დოლიძე, 1959), „გლახის ნაამბობი" (რეჟ. ლ. ესაკია, 1961), „ჩარი-რამა" (რეჟ. ნ. სანიშვილი 1972) „ამბავი სურამის ციხისა" (რეჟ. ს. ფარაჯანოვი, 1984), „უძინართა მზე (რეჟ. თ. ბაბლუანი, 1992), „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" (რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 1996), „ანთიმოზ ივერიელი" (რეჟ. გ. ჭოხონელიძე, 2001) და სხვ. არაერთი კინოსტუდიის მიერ მიწვეული იყო და მონაწილეობდა შემდეგ კინოფილმებში: „ქოროღლი" (გურჯი-ოღლი, „აზერბაიჯანფილმი", 1961, რეჟ. სეით-ზადე), „ველურ ნაპირზე" (კაპანაძე, „ლენფილმი", 1965, რეჟ. ა. გრანიკი), „ეშმაკის დუჟინი" (მანსული, ოდესის კინოსტუდია, რეჟ. ვ. იულინი, 1970), „რუსტამი და სუჰრაბი" (შაჰი აფრასიაბი, „ტაჯიკფილმი", 1971, რეჟ. ბ. კიმიაგაროვი), „უგრიუმ მდინარე" (იბრაჰიმ-ოღლი, სვერდლოვსკის კინოსტუდია, 1968, რეჟ. ი. ლაფშინი) და სხვ. ჰქონდა გამორჩეული გარეგნობა, გმირის ხასიათის გათავისების არაჩვეულებრივი უნარი, შთამბეჭდავი ხმა. გახმოვანებული აქვს მრავალი კინოფილმი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.