თაგილონის განძი

თაგილონის განძი, სოფელ თაგილონში (გალის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტი) და მის მახლობლად აღმოჩენილი განძი.

1. ძვ. წ. XI–X სს. არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩნდა სოფ. თაგილონში, მდ. ენგურის ­მარჯვ. ნაპირას. ბრინჯაოს ქვაბში მოთავსებული იყო კოლხური ცულის ჩამოსასხმელი სპილენძის ორმაგი ყალიბი, ასეთივე ცულის ჩამოსასხმელი ყალიბის ნატეხი, ბრინჯაოს დიდი სეგმენტური იარაღი, კოლხური ცული და ფირფიტის ნატეხი.

2. I–II სს. მამაკაცის მდიდრული სამარხის ინვენტარის ნაწილი, აღმოჩნდა შემთხვევით 1930, მდ. ენგურის ­მარჯვ. ნაპირას, სოფ. თაგილონის მახლობლად. აღმოჩენილი ნივთებიდან შემორჩა ჯაჭვის პერანგისა და მუზარადის ნაწილები, მახვილის (ან სატევრის) ვადის ოქროს გარსაკრავები, რკინის ლაგანი, სარტყლის ან ცხენის ავშარის შესამკობელი ოქროს გავარსიანი მძივი, ოქროს სარიტუალო ქანდაკების ირმის თავი, ვერცხლის 14 ჭურჭელი და მათი ნატეხები (ცილინდრული, ნახევარსფერული და კვერცხისებური სასმისები, ქუსლიანი და ორყურა თასები, ლამბაქი, ლანგრებისა და ემბლემიანი პინაკის ნატეხები და სხვ.). ვერცხლის ჭურჭელი ელინისტურ-რომაული ხასიათისაა, როგორც ჩანს, ადრინდ. საიმპერატორო ხანის (I ს.) რომაული პროვინციული ნაწარმია და ბოსკორეალესა და ჰილდესჰაიმის განძების ჭურჭლის ანალოგიურია, თ. გ-ის ოქროს ნივთების უმრავლესობა მდიდრულადაა შემკული ცვარათი და ფერადი თვლებით. მსგავსი ოქროს ნაწარმი ცნობილია ჩრდ. კავკასიისა და ყუბანისპირეთის ადრინდ. სარმატული სამარხებიდან. თ. გ-ში ცხენის აღკაზმულობისა და აბჯრის არსებობა მას სარმატულ სამყაროსთან აახლოებს.

თაგილონში აღმოჩენილი სამარხი უნდა ეკუთვნოდეს სოც. დიფერენცირებული საზ-ბის ზედა ფენის წარმომადგენელს და შეიძლება ასახავდეს კულტ. ელემენტთა გადაადგილებასა და ტომთა მჭიდრო კონტაქტებს, რაც ანტ. წერილობითი წყა­როებით დას. საქარ­თვე­ლოს ტერიტორიაზე I ს-ში ივარაუდება.

თ. გ-ის ორივე განძი დაცულია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში.

ლიტ.: ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; А м и р а н а ш в и л и  А. И., Новая находка в низовьях р. Ингура, Тфл., 1935; И е с с е н  А. А., К вопросу о древнейшей металлургии меди на Кавказе, «Известия Гос. Академии истории материальной культуры», 1935, в. 120.

ი. გაგოშიძე