თავისუფლებით შეწირული

თავისუფლებით შეწირული, წინასწარ ყოველგვარი (სახელმწიფო, საბატონო, სამოხელეო და ა. შ.) გადასახადებისაგან გათავისუფლებული გლეხი, რ-საც საკუთარი ბატონი ეკლესიას სწირავდა. ამ აქტით შემწირველი ცოდვათა მოსანანიებლად იმქვეყნიური ცხოვრებისაკენ იმსუბუქებდა გზას. ქრონოლოგიურად, თ. შ. XI–XIII სს. დოკუმენტებშია დადასტურებული. თ. შ. შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი პირი ან მთელი სოფელი. შეწირულის მოვალეობებს განსაზღვრავდა შემწირველი. თ. შ-ის მდგომარეობა მებეგრე გლეხისაგან განსხვავებით უფრო მსუბუქი იყო (წყაროს კაზმვა, მეწისქვილე, ცვილის, ზეთის, ღვინის მიტანა ეკლესიაში). ძირითადი მოვალეობა კი იყო მდიდრული აღაპი შემწირველის „სულის საოხად". თ. შ-ის ვალდებულება-მოვალეობანი ეკლესიისადმი წერილობით არ ფორმდებოდა, ამიტომ იყო თ. შ-ის მდგრადობის დამძიმების შემთხვევები, ზოგჯერ შემწირველი თ. შ-ს „უსამართლო ბეგარას" ადებდა, რასაც ეკლესია აპროტესტებდა.

ლიტ.: ბ ე რ ძ ნ ი შ ვ ი ლ ი  მ., გლეხთა კატეგორიები XI–XIII სს-ში, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1960, ტ. 5, ნაკვ. 1.

დ. მეგრელაძე