გონიოს ციხე

გონიოს ციხე

გონიოს ციხე, ძველი ციხე-ქალაქი შავი ზღვის ნაპირას, ბათუმიდან სამხრ-ით 12 კმ-ზე, მდ. ჭოროხის დელტის მარცხ. მხარეს. ციხე-ქალაქიდან გადარჩენილია გრანდიოზული ციხე, მისი გეგმა დაახლ. კვადრატია (222 მ×195 მ). ყოველ მხარეს აქვს თითო ჭიშკარი. გალავანში 18 კოშკია ჩართული. ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო დაცულია მძლავრი არქეოლ. ფენები. წერილობით წყაროებში გ. ც. პირველად მოიხსენიება I ს-ში (პლინიუს სეკუნდუსი) აფსაროსის ციხის სახელწოდებით. XII ს-მდე მას იცნობდნენ აფსაროს-აფსარუნტის სახელით, ხოლო XII ს-იდან – გონიოს სახელით (ჰაჯი კაფკა). II ს-ში აქ რომაული გარნიზონი მდგარა (ფლავიუს არიანე); მისი სახელი ამ დროის რომაულ წარწერებშიც გამოჩნდა. შემდეგ იგი ლაზიკის სამეფოს შემადგენლობაში იყო. პროკოპი კესარიელის ცნობით (VI ს.), აფსაროსი ოდესღაც დიდი და ხალხმრავალი ქალაქი ყოფილა, ჰქონია თავისი თეატრონი, იპოდრომი და ა. შ. VIII–IX სს-ში იგი ქართ. სამეფოს (იოანე საბანისძე), კერძოდ, აჭარის საერისთავოს ნაწილი იყო. XIV ს-ში მიქაელ პანარეტოსი (ტრაპეზუნტის ქრონიკა) გ. ც-ს საქართვ. განაპირა ციხედ მიიჩნევდა. 1547 იგი ოსმალებმა დაიკავეს. ამის შემდეგ ხელიდან ხელში გადადიოდა, ბოლოს კი ისევ ოსმალებს დარჩათ. გონიოში გაუვლია არაერთ მოგზაურსა და სახელმწ. მოღვაწეს, მ. შ. ს.-ს. ორბელიანს. გ. ც-ში ჩატარებული არქეოლ. გათხრები (1959, 1961, 1967) დაზვერვითი ხასიათისა იყო. მისი სისტემური არქეოლ. შესწავლა 1995 დაიწყო, როცა იქ შეიქმნა მუზეუმ-ნაკრძალი და მუდმივმოქმედი არქეოლ. ექსპედიცია. გონიო-აფსაროსში აღმოჩენილია სხვადასხვა დროის საცხოვრ. და საზ. ნაგებობათა ნანგრევები, 12 წყალსადენი, აბანოები, საკანალიზაციო კოლექტორები, დიდი რაოდენობით ადგილ. და იმპორტ. კერამ. ნაწარმი, მინის ჭურჭელი, მონეტები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღი და ა. შ. არქეოლ. მასალის საფუძველზე გამოირკვა, რომ ქალაქი წარმოქმნილია ძვ. წ. VIII– VII სს. ნამოსახლარზე. დაზვერვითი სამუშაოებისა და გათხრების მეშვეობით ხდება გვიანდ. ელინისტური (ძვ. წ. II–I სს.), გვიანდ. ანტ. (I–IV სს.), ადრინდ. ბიზანტ. (ადრინდ. ფეოდ.), განვითარებული ფეოდ. და ოსმალობის პერიოდის კულტ. ფენების შესწავლა. ციხის შემორჩენილ კედლებში გამოიყოფა 3 ძირითადი სამშენებლო ფენა, რ-თაგან ჯერჯერობით უძველესი V ს-ზე ადრინდელი არ არის. ყველაზე გვიანდ. სამშენებლო ფენა ოსმალთა ბატონობის ხანას უკავშირდება. გამოვლენილია აგრეთვე სხვადასხვა პერიოდის ნაგებობათა ნანგრევები (საცხოვრ. სახლები, სალოცავები და ა.შ.).

ლიტ. : გ ძ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ი., ხ ა ხ უ ტ ა ი შ ვ ი ლ ი დ., რკინის წარმოების უძველესი კერა ჭოროხის ქვემო დინებაში და არქეოლოგიური დაზვერვები გონიო-აფსაროსში, კრ.: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, I, თბ., 1964; ი ა შ ვ ი ლ ი ვ., გონიოს ციხის ისტორიისათვის, კრ.: ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში, ბათ., 1955; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე ო., მ ი ქ ე ლ ა ძ ე თ., ხ ა ხ უ ტ ა ი შ ვ ი ლ ი დ., გონიოს განძი, თბ., 1980 (ქართ., რუს. და ფრანგ. ენებზე); ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ი., აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები, ბათ., 1962.

დ. ხახუტაიშვილი