თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო

თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო, ქართველ თავად-აზნაურთა პირველი წოდებრივი ორგანიზაცია. შეიქმნა 1803 სა­ქართვ. მთავარმართებელ პ. ციციანოვის ხელმძღვანელობით. 1803 წ. 2 მაისს შეიკრიბა აღმ. სა­ქარ­თვე­ლოს თავადაზნაურობის I ყრილობა. თვით პ. ციციანოვმა შეადგინა 1803 წ. 31 მარტს თ. დ. ს-ს „დებულება", რ-შიც მოცემული იყო თავად-აზნაურთა საკრებულოს დაარსების მიზნები, საარჩევნო ცენზი და არჩევნების ჩატარების წესები. ხმის უფლება ჰქონდა იმ თავადსა და აზნაურს, რ-საც 20 წელი შეუსრულდებოდა და ამასთანავე მოეპოვებოდა საკუთრება. იმ თავად-აზნაურებს, რ-თაც საკუთრება (ყმა-მამული) სრულებით არ გააჩნდათ, ყრილობაზე დასწრება შეეძლოთ, თუმცა ხმის უფლება არ ჰქონდათ და, მით უმეტეს, არც თანამდებობებზე ირჩევდნენ. საკრებულოში მონაწილეობის უფლება ჰქონდა აგრეთვე აზნაურთა მთელ ფენას. თ. დ. ს-ს არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 3 წელიწადში ერთხელ. იგი ირჩევდა თავად-აზნაურთა როგორც „სა­ქარ­თვე­ლოს გუბერნიის" (ქართლ-კახეთის), ისე მაზრების წინამძღოლებს (მარშლებს), რ-თაც უფლება ჰქონდათ, თავადაზნაურობის საჭიროებათა დაკმაყოფილების მიზნით, მიემართათ ან ეშუამდგომლათ „სა­ქართვე­ლოს უზენაეს მთავრობაში" ან რუს. მთავრობის უმაღლეს ორგანოებში. თ. დ. ს. მოწყობილი იყო რუს. შიდა გუბერნიების თავადაზნაურული ორგანიზაციების მსგავსად. ცარიზმს თავისი სოც.-პოლიტ. და საადგილმამულო გეგმები გააჩნდა, რაც ხშირად ­ქართვ. თავადაზნაურობის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. იგი ფაქტობრივად დიდ ანგარიშს არ უწევდა საკრებულოს, ითვალისწინებდა თავად-აზნაურთა მხო­ლოდ იმ მოთხოვნებს, რ-ებიც რუს. ცარიზმის პოლიტიკას შეესაბამებოდა ამა თუ იმ ეტაპზე. თ. დ. ს-ს ძირითადი საქმიანობა სა­ქარ­თვე­ლო­ში თავად-აზნაურთა საგუბერნიო და სამაზრო მარშლების არჩევით, მათი წოდებრივი დოკუმენტების განხილვით იფარგლებოდა. ამდენად, ეს ორგანიზაცია სუსტი და უფრო ფორმალური იყო, ვიდრე ქვეყნის პოლიტ. ცხოვრების აქტ. მონაწილე. თ. დ. ს-ს დაარსებით ცარიზმს სურდა, ­ქართვ. თავადაზნაურობა ერთიან, კონსოლიდირებულ წოდებად ჩამოეყალიბებინა, სოც.-პოლიტიკურად რუს მემამულე – „პომეშჩიკებთან" გაეთანაბრებინა, გაერუსებინა და თავის სოც. და პოლიტ. დასაყრდენად ექცია. დას. სა­ქარ­თვე­ლოში, ქუთაისში, თავად-აზნაურთა ასეთი ორგანიზაცია გაცილებით გვიან, 1851 შეიქმნა.

ლიტ.: გ ო გ ო ლ ა ძ ე  დ., სა­ქარ­თველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში (საადგილმამულო ურთიერთობა). 1800– 1864 წწ., თბ., 1971; კ ი კ ვ ი ძ ე  ა., სა­ქარ­თვე­ლოს ისტორია (XIX საუკუნე), თბ., 1954.

დ. გოგოლაძე