თავადი

თავადი, ფეოდალური კლასის ზედაფენის წარმომადგენელი XV–XVIII სს. სა­ქარ­თვე­ლო­ში, აზნაურთაგან განსხვავებული ცალკე წოდება. XV ს-მდე ფეოდალთა კლასის წარმომადგენელთა საერთო სახელი აზნაური იყო. აზნაურთა ზედა ფენას დიდებული აზნაურები (დიდებულები), ხოლო ქვედა ფენას აზნაურები შეადგენდნენ. თ. წარმოდგება სიტყვა „თავისაგან" და ნიშნავს უფროსს. XI–XV სს. ქართ. წყა­როებში გვხდება გამოთქმები: „თავადნი კაცნი", „თავადნი სამეფოსანი", „თავადი სპათა", „ვაჭართა თავადი" და სხვ. ამ შემთხვევაში თ. უფროსს, თავკაცს ნიშნავს. იმავე დროს თ. დიდებულის სახლის უფროსსაც უნდა რქმეოდა. თ-თა წოდების წარმოშობა დაკავშირებულია ქვეყნის ეკონ. დაქვეითებასა და პოლიტ. დაქუცმაცებულობასთან, რის შედეგადაც საადგილმამულო ურთიერთობაში დიდი ცვლილება მოხდა, სა­ხელმწ. ტერიტ. და ადმ. ერთეულები მეფე-მთავრებისა და მსხვილი ფეოდალების მამულებად იქცა, შეუვალობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გაღრმავდა, წინ წამოიწია კერძოუფლებრივმა საწყისმა. თ. დიდებულის სოც. მემკვიდრეა. ზოგიერთი ფეოდ. გვარი, რ-იც XV ს-მდე დიდებული იყო, XV ს-იდან თ-ად იწოდება. XV ს. შემ­დგომ წყა­როებში თ. და დიდებული ზოგჯერ ერთსა და იმავეს ნიშნავდა. თ-ები სა­ქართვ. მეფე-მთავართა, დედოფალთა და ბატონიშვილთა ვასალები იყვნენ. თავის მხრივ, მათ ვასალებად ჰყავდათ აზნაურები.

თ-ის სამფლობელო – სათავადო, შედგებოდა ნაწყალობევი, ნასყიდი და სხვ. სა­ხის ყმა-მამულისაგან, რ-იც თ-ს „სამემკვიდროდ, სამამულედ, უცილობლად და ჴელშეუვალად" ჰქონდა გასხვისების უფლებითა და იმუნიტეტით. თ-ის წოდებრივი უფლებები ვრცელდებოდა თავისი სახლის ყველა წევრზე და მემკვიდრეობით გადადიოდა. მეფეს ბეითალმანის უფლება ჰქონდა – ამოწყვეტილ თავადთა მამული მეფის საკუთრებაში გადადიოდა. ყოველ ახ. მეფეს თავადის სამფლობელოს განახლების უფლება ჰქონდა, თუმცა გვიანდ. შუა საუკუნეებში წყალობის განახლებას ფორმალური ხასიათი მიეცა. XVI–XVII სს-ში, როცა ­ცენტრ. ხელისუფლება სუსტი იყო, მნიშვნელოვნად გაიზარდა თ-ების ეკონ. და პოლიტ. ძლიერება, სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. ხშირად ისინი მეფისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ, აწყობდნენ შეთქმულებებს და ზოგჯერ პირადი სარგებლობისათვის უცხოელ დამპყრობლებსაც კი ემხრობოდნენ. ზოგი თ. (არაგვის, ქსნისა და რაჭის ერისთავები, აბაშიძეები და სხვ.) ისე გაძლიერდა, რომ თითქმის მთავრის უფლებები მოიპოვა. თ-ებმა სამემკვიდრეოდ დაიჩემეს დიდი თანამდებობები (სახლთუხუცესი, მდივანბეგი, სარდალი, მოურავი და სხვ.), რაც ფეოდ. რენტის მიღების ერთ-ერთი წყარო იყო. თ. ადმ. საგადასახადო და სასამართლო შეუვალობით სარგებლობდა. ადმ. შეუვალობა იმაში გამოიხატებოდა, რომ, ჩვეულებრივ, სათავადოში ­ცენტრ. ხელისუფლების მოხელეები ვერ შედიოდნენ. თ-ის სასახლისა და მამულის მართვა-გამგეობა სამეფო კარის მიბაძვით იყო მოწყობილი.

თ-ის მოხელეები იყვნენ: სახლთუხუცესი, ბოქაულთუხუცესი, მეჯინიბეთუხუცესი, ზინდართუხუცესი, მოურავი, ნაცვალი, ბოქაული, იასაული, მდივანი და სხვ. თ. მოხელეებად თავისსავე აზნაურებსა და მსახურებს ნიშნავდა. მას აზნაურებისა და მსახურებისაგან შემდგარი სამხ. და საპოლიციო რაზმები ჰყავდა, რ-თა საშუალებით, ერთი მხრივ, სამეფო ლაშქარში გამოდიოდა, მეორე მხრივ კი, მორჩილებაში ჰყავდა გლეხობა. მეფე-მთავრებისადმი თ-ის და მისი ყმა-მამულის მთავარი მოვალეობა ლაშქარ-ნადირობა იყო. გარდა ამისა, თ-ის მამულს ედო „სა­ხელმ­წი­ფო კოდის პური", საური, საბალახე და სხვ. ზოგიერთი თ-ის ყმაგლეხობა ერთი ან ორი სა­ხის გადასახადს იხდიდა, ზოგჯერ თ-ის ყმების მხო­ლოდ ერთი ნაწილი იხდიდა სა­ხელმწ. გადასახადს, ზოგი კი სულ თავისუფლდებოდა ყოველგვარი სა­ხელმწ. გადასახდისაგან. განსაკუთრებით გაფართოვდა საგადასახადო შეუვალობა XVII ს. სა­ქარ­თვე­ლო­ში. თ-ის სასამართლო შეუვალობა, კანონის თანახმად, სამოქ. საქმეებით იფარგლებოდა. მაგრამ რთული საგარეო პოლიტ. მდგომარეობის და ­ცენტრ. ხელისუფლების სისუსტის ვითარებაში სა­ხელმწ. ნორმა ირღვეოდა, თ-ები თვითნებობდნენ, ხშირად „დამნაშავე" გლეხებს ახეიბრებდნენ, ზოგჯერ კლავდნენ კიდეც ან ოსმალებსა და ირანელებზე ყიდდნენ. გლეხების გაყიდვა განსაკუთრებით ხშირი იყო დას. სა­ქარ­თვე­ლო­ში, თ-ების სისასტიკე იწვევდა გლეხთა მღელვარებას და ურთიერთწინააღმდეგობის გამწვავებას. თ-ის სახლს ჰქონდა მეფისაგან ნაბოძები „სახლისკაცობის რიგი და წესი", რ-შიც ჩამოყალიბებული იყო სახლის უფროსისა და სხვა წევრების უფლება-მოვალეობანი, ყმა-მამულის მოვლის წესი, შემოსავლის განაწილების რიგი და სხვ. თ-ის სახლს თავისი „უფროსი და ბატონი" ჰყავდა, რ-საც მეფე ნიშნავდა „სახლისკაცების ნებაყოფლობით", თუმცა ხშირად იძულებული იყო სახლისკაცების მიერ არჩეულ ან თავისით „დამჯდარი" სახლის უფროსი ეღიარებინა. ეს იყო სიუზერენის მიერ ვასალის შეწყალება-დალოცვის წესის გადმონაშთი. სახლის უფროსს თ. ეწოდებოდა, ხოლო სახლისკაცებს – თავადიშვილები. სახლის უფროსი იყო უზენაესი გამგებელი სათავადოში. მას ევალებოდა თ. მამულის მართვა-გამგეობა, ურთიერთობა მეფესთან, მეზობელ თ-ებთან და სხვ. სახლის უფროსი სოც. და ეკონ. მდგომარეობით თავადიშვილზე მაღლა იდგა. მისი სისხლი ორჯერ მეტად იყო შეფასებული, ვიდრე სახლისკაცისა. ყმა-მამულის შემოსავლიდან ორი წილი მიჰქონდა სახლის უფროსს, თითო – სახლისკაცებს. თ-ის სახლში ხშირად იყო ბრძოლა სახლის უფროსობისა და შემოსავლის წილისათვის. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის მიხედვით (იხ. სტ. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული), სა­ქარ­თვე­ლო­ში თ-თა 3 კატეგორია იყო: 1. დიდებული თ., 2. შუა თ.; 3. დაბალი თ., ანუ მესამე თ. პირველი კატეგორიის თ-ის სისხლი – 1536, მეორისა – 768, ხოლო მესამისა – 384 თუმნად იყო შეფასებული. ქართლში 6 დიდებული თ. იყო (არაგვისა და ქსნის ერისთავები, ბარათა­შვი­ლი, ამილახვარი, მუხრანბატონი და ციცი­შვი­ლი), იმერეთში XVII ს. შუა წლებისათვის – 10 (აბაშიძე, რაჭის ერისთავი, წერეთელი, წულუკიძე და სხვ.); კახეთის დიდებული თ-ები იყვნენ: ჩოლოყაშვილები, ვაჩნაძეები, ჯანდიერები და სხვ. დიდებული თ-ები აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვა-გამგეობაში და დიდ გავლენას ახდენდნენ სა­ხელმწ. საქმეებზე, ხშირად მეფის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ. XVIII ს. II ნახევარში ერეკლე II-მ სცადა შეეზღუდა თ-ების თვითნებობა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია: გააუქმა არაგვისა და ქსნის საერისთავოები, ამილახვართა მამულის ნაწილი ნასისხლად აიღო თავისთვის, რამდენადმე აღადგინა „ბატონყმური რიგი", შეზღუდა ცალკეულ თ-თა შეუვალობა. ანალოგიური ღონისძიებების გატა­რებას ცდილობდა XVIII ს. შუა წლებში დას. სა­ქარ­თვე­ლოში სოლომონ I. მან გაანადგურა რაჭის ერისთავი და ზოგიერთი სხვა მოღალატე თ., აბაშიძეებს ჩამოართვა მამულის ნაწილი და სამეფო მამულს შეუერთა და სხვ.

აღნიშნულმა ღონისძიებებმა რამდენადმე გააძლიერა ­ცენტრ. ხელისუფლება როგორც ქართლ-კახეთში, ისე იმერეთში. XIX ს-ში, სა­ქარ­თვე­ლოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, ცვლილებები მოხდა თ-თა წოდებაშიც. მნიშვნელოვნად შეიზღუდა თ-ების შეუვალობა, მათ დაკარგეს პოლიტ. უფლებები. თ-ების ვასალობიდან განთავისუფლდნენ აზნაურები, ორგანიზაციულად გაფორმდა თავად-აზნაურთა წოდება (იხ. აგრეთვე სტ. თავადაზნაურობა).

ლიტ.: ა ს ა თ ი ა ნ ი  ნ., საადგილმამულო ურთიერთობისა და სათავადოების არსებობის საკითხისათვის XVI–XVIII სს. კახეთის სამეფოში, «თსუ შრომები», 1959, ტ. 77; ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ნ., Очерк из истории развития феодальных отношений в Грузии (XIII–XVI вв.), წგ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; გ ვ რ ი ტ ი ­შ ვ ი ­ ლ ი  დ., ფეოდალური სა­ქარ­თვე­ლოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955; ს ო ს ე ლ ი ა  ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ სა­ქართვე­ლოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 3, თბ., 1990; ქ ი ქ ო ძ ე  მ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან XV–XVIII სს. (საამილახორო), {მასალები სა­ქარ­თველოსა და კავკასიის ისტორიისათვის}, 1963, ნაკვ. 35; ჯ ა მ ბ უ რ ი ა  გ., სათავადოთა საკითხისათვის, კრ.: სა­ქართვე­ლოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1970; მ ი ს ი ვ ე, ქარ­თუ­ლი ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სომხით-საბარათიანოს სათავადოები), თბ., 1955.

გ. ჯამბურია