თავისუფალი ვაჭრობა

თავისუფალი ვაჭრობა, საერთაშორისო ვაჭრობაში რაიმე წინააღმდეგობების, შეზღუდვების არარსებობა ანუ საქონლისა და მომსახურებით ვაჭრობა ქვეყანათა შორის, რომელიც თა­ვი­სუფა­ლია სა­ხელმ­წი­ფოს მიერ დაწესებული სხვა­და­სხვა ხელოვნური ბარიერებისაგან.

თ. ვ-ის განვითარებაზე მოქმედებს შემდეგი ინსტრუმენტები: ტარიფები, კვოტები, სუბსიდიები, ემბარგო, არასატარიფო ღონისძიებები, სავალუტო პოლიტიკა და სხვ. ცნობილია ქვეყანათა შორის საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ხელისშემშლელი ბარიერების ხუთი ჯგუფი: ბუნებრივი, კულტურული, სავაჭრო, პოლიტიკური და არასატარიფო ბარიერები.

თ. ვ. ხელს უწყობს ქვეყანაში მეცნ.-ტექ. პროგრესს, ­ინოვაცი­ებს, ქვეყანათა პოტენციალის უკეთ გამოყენებას, კეთილდღეობის ამაღ­ლებას, რაც, მთლიანობაში, საჭიროა საერთაშ. თანამეგობრობის პროგრესისა და განვითარებისათვის. მსოფლიოში თ. ვ-ის მაღალი მასშტაბებითა და მხარდაჭერით გამოირჩევა: სინგაპური, ჰონკონგი, დანია, შვედეთი, შვეიცარია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კანადა, ლუქსემბურგი, ფინეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, აშშ და სხვა განვითარებული ქვეყნები. თ. ვ. მნიშვნელოვნად ეხმარება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს სიღარიბის დაძლევასა და ეკონ. ზრდის მაღალი ტემპების მიღწევაში.

ეკონომიკისა და ვაჭრობის გლობალიზაციის პროცესებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია თ. ვ-ის შემ­დგომი განვითარება. იგი ხელს უწყობს მშვიდობის დამკვიდრებას, რადგან სხვა­და­სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს აკავშირებს საერთო ბიზნესსაქმიანობით. მეორე მსოფლიო ომი სწორედ იმის ყველაზე ცუდი მაგალითია, თუ რა შეიძლება მოყვეს ამ პრინციპის უგულვებელყოფას. XX ს. 30-იან წლებში სავაჭრო ბარიერების გაზრდამ გამოიწვია საერთაშ. ვაჭრობის შემცირება, რასაც შედეგად მოჰყვა მსოფლიო ეკონ. კრიზისი. შესაბამისად, აუცილებელი ხდება პატივისცემა და სწავლა სხვა ხალხების ენებისა და კანონების, მეტი გარკვევა სხვა­და­სხვა ქვეყნების მოსახლეობის მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებში. მსოფლიოში თ. ვ-ის განვითარებაში მნიშვნელოვანია საერთაშ. ორგანიზაციების, განსაკუთრებით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) როლი. სწორედ ვმო-ის ძირითადი მიზანია მსოფლიოში თ. ვ-ის ხელშეწყობა. ვმო განსაზღვრავს ძირითად ნორმებს საერთაშ. ვაჭრობის სამართლიანად წარმართვისათვის.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ს გააჩნია მსოფ­ლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს, დაბალ საიმპორტო ტარიფებსა და მინ. არასატარიფო რეგულირებას. მოქმე­დებს სამდონიანი საიმპორტო სატარიფო განაკვეთი: 0; 5 და 12%, გაუქმებულია საიმპორტო ტარიფები საქონლის დაახლოებით 90%-ზე. თ. ვ-ის სფეროში ქვეყანამ მნიშვ­ნელოვან წარმატებებს მიაღწია, იგი მხარს უჭერს თ. ვ-ის ფუნდამენტურ პრინციპებს. სა­ქართვე­ლოს თ. ვ-ის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს დსთ-ის ქვეყნებთან და თურქეთთან. 2014 წელს საქართველომ გააფორმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თ. ვ-ის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 1 სექტემბრიდან.

ლიტ.: მ ე ს ხ ი ა  ი., საერთაშორისო ვაჭრობა, თბ., 2011; ფ უ ტ კ ა რ ა ძ ე  რ., საქართველო–ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები: პრობლემები და პერსპექტივები, თბ., 2010.

რ. ფუტკარაძე