„თამარიანი“, ძველი ქართული მწერლობის კლასიკური ეპოქის სახოტბო თხზულება, რომლის ავტორად, ტრადიციული ცნობებით, მიჩნეულია ჩახრუხაძე. ხოტბის მთავარი ობიექტია თამარ მეფე. (იხ. სტ. თამარი). „თ." დაწერილი უნდა იყოს თამარის ზეობის ხანაში, უფრო ზუსტად – XIII ს. პირველ ათწლეულში. კომპოზიციურად „თ." ცალკეული ოდების კრებულია, რ-საც აერთიანებს საერთო იდეური მიზანდასახულობა და ქების ობიექტები: თამარ მეფე, მისი მეუღლე დავით სოსლანი და ვაჟი ლაშა გიორგი (იხ. გიორგი IV). თხზულებაში აღწერილია თამარ მეფის ქველი საქმეები მის გარეგნულ მშვენიერებასთან ერთად; გადმოცემულია მეფის სამაგალითო პიროვნული ღირსებანი. იგი წარმოდგენილია როგორც სახელოვანი წინაპრების დიდებულ საქმეთა ჭეშმარიტი მემკვიდრე, ძლიერი ქართ. სახელმწ. ურყევი ბურჯი. თამარის სახელმწიფოებრივ სიბრძნეს მხარს უმშვენებს დავით სოსლანის ბრწყინვალე მხედრული ნიჭი,რაც გამოვლინდა თხზულებაშივე აღწერილ მრავალრიცხოვან ბრძოლებში. ლაშა გიორგი დასახულია საქართველოს მომავლის იმედად, მან უნდა განაგრძოს მშობლების საქმიანობა სამშობლოს საკეთილდღეოდ.
„თ-ის" ავტორი თავისი დროისათვის სწორ პოლიტ. ალღოს ავლენს. მისი აზრით, ქვეყნის ძლიერების საფუძველია ერთიანობა და ცენტრალიზებული ხელისუფლება, რ-საც სათავეში უდგას მკაცრი, მაგრამ სამართლიანი თვითმპყრობელი. ხაზგასმულია საქართველოს როლი საერთაშ. სარბიელზე. ისევე როგორც „აბდულმესიანში", აქაც მძლავრადაა წარმოდგენილი მესიანისტური კონცეფცია: ქართ. სახელმწიფოს მაღალი მისია თითქოს წინასწარვე იყო განჩინებული ღვთის მიერ. ძლიერი ქართ. სახელმწიფო მეზობელი შეჭირვებული ქვეყნების დამცველია, ებრძვის მოძალებულ მუსლიმობას, მეთაურობს იმ დროისათვის მოწინავე ქრისტ. აღმსარებლობის დამკვიდრებას. თამარის სახეც ასეთი პოზიციიდანაა გაშუქებული: იგი ღვთისსწორია (იზოთეოზისის მოტივი), მეორე მესიაა, რ-საც დაკისრებული აქვს მუსლ. კატასტროფისაგან ქრისტ. სამყაროს ხსნა. ამ ნიშნით „თ." სცილდება სახოტბო თხზულების ვიწრო პანეგირიკულ მიზანდასახულობას და ხატავს ფართო სოც.-პოლიტ. პანორამას. ავტორი ეროვნ. იდეოლოგიის დამცველად გვევლინება. „თ."არის აგრეთვე საყურადღებო ისტ. წყარო, რ-შიც წარმოჩენილია ეპოქის ძირითადი იდეოლოგიური მიმართულებანი, უმთავრესი სოც.პოლიტ. მოვლენები თუ ცაკეული მნიშვნელოვანი ისტ. რეალიები. „თ-ის" ჟანრული თავისებურება განაპირობებს თხზულების სტილს: პოეტური მეტყველება ზვიადი და მაღალფარდოვანია; თვალში საცემია ეპითეტების სიუხვე („თამარ წყნარი, შესაწყნარი, ხმანარნარი, პირ-მცინარი, მზე მცინარი, საჩინარი, წყნარი მქნარი, მომდინარი..."და ა. შ.), მოულოდნელი ასოციაციები, ლიტ. პარალელები, რ-ებიც ავლენენ ავტორის ღრმა განსწავლულობას (თხზულებაში მოხსენიებულია პერსონაჟები მსოფლიო მწერლობის სხვადასხვა ნიმუშიდან). სიტყვაწარმოების განსაკუთრებული სითამამე, რასაც ზოგჯერ აშკარად თვითმიზნური ხასიათი აქვს, მნიშვნელოვნად აძნელებს ტექსტის გაშიფვრას. „თ-ის"კომპოზ. თავისებურების გამო (ნ. მარის მოსაზრებით, თხზულება 11 სახოტბო და 2 ელეგიური ლექსისაგან შედგება; ი. ლოლაშვილი „თ-ს" 12 ოდის, 4 თითოსტროფიანი სახოტბო ლექსისა და 2 ფრაგმენტის კრებულად მიიჩნევს) ვარაუდობენ, რომ ოდები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოლიტ. მოვლენებთან მიმართებით იქმნებოდა და შემდეგ გააერთიანეს ერთ კრებულად. გამოთქმულია საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომ ეს არის ერთიანი პოემა, რ-შიც გადმოცემულია თამარის ცხოვრების ძირითადი ეტაპები.
„თ-ში" ჩართული 2 პოეტური ფრაგმენტი, რ-ებსაც ნ. მარი „ელეგიებს" უწოდებდა, გადმოგვცემს უცნობი პოეტ - მოგზაურის რომანტიკულ თავგადასავალს და წარმოგვიდგენს მისი მოგზაურობის ფართო არეალს (ახლო აღმოსავლეთი, შუა აზია, ვოლგისპირეთი, აფრიკის ქვეყნები და სხვ.) ერთგვარი პოეტური კომენტარით. არ არის გამორიცხული, რომ ეს ფრაგმენტები შემდეგ იყოს პოემის ტექსტში ჩამატებული. პოემა გამართულია შინაგანრითმებიანი ოცმარცვლიანი სალექსო საზომით, რ-ის დამკვიდრება, ტრადიციულად, ჩახრუხაძეს მიეწერება (იხ. ჩახრუხაული).
„თ-ის" ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერები XVII–XVIII სს-ით თარიღდება. 1838 ტექსტი გამოსცა პ. იოსელიანმა. პირველი მეცნ. გამოცემა ეკუთვნის ნ. მარს (1902). რუსულად თარგმნა შ. ნუცუბიძემ (1942).
გამოც.: ძველი ქართველი მეხოტბენი, ი. ლოლაშვილის გამოც., [წგ.] 1, თბ., 1957; Марр Н. Я., Древнегрузинские одописцы (XII в.), II. Певец Тамары, «Тексты и разыскания по армяногрузинской филологии», 1902, кн. 4.
ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 3, თბ., 1952; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966.
ს. ცაიშვილი