თამარ მეფის ორდენი, ქართული სამხედრო ჯილდო. დაწესდა I მსოფლიო ომის დროს, როგორც გერმანიის და მისი სამხ. ბლოკის მხარდამხარ მებრძოლი საჯარისო შენაერთის – „ქართული ლეგიონის" ჯილდო. იმხანად ეს შენაერთი დაბანაკებული იყო ოსმალეთში, ისტ. ჭანეთის ტერიტორიაზე. 1918 მიწურულს საქართვ. დემოკრ. რესპ. მთავრობამ ამ ორდენით დააჯილდოვა ქვეყნის ტორიაზე მყოფი გერმ. სამხედროების მოზრდილი ჯგუფი. 1941 ეს ორდენი აღადგინეს II მსოფლიო ომში გერმანიის მხარდამხარ მებრძოლ ქართ. ლეგიონში.
აჯილდოებდნენ გამოჩენილ სახელმწ. და სამხ. მოღვაწეებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და ქართ.-გერმ. ალიანსის განმტკიცების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის. ამ ჯილდოს ქართვ. კავალერთა შორის იყვნენ: ლ. კერესელიძე, დ. ვ. ვაჩნაძე, ს. ახმეტელი, ნ. ნიკოლაძე, მ. აბაშიძე, ყადირ შარვაშიძე, ა. გრიგოლია, ნ. ხორავა და სხვები, ხოლო გერმ. კავალერთა შორის – პაულ ფონ ჰინდენბურგი, ერიხ ფონ ლუდენდორფი და სხვ.
ცნობილია თამარის I, II და III ხარისხის ორდენები. სამივე ხარისხის ორდენზე, რვაქიმიანი ვერცხლის ვარსკვლავის ცენტრში, მოთავსებულია მედალიონი, რ-ის ცისფერი ან ლურჯი მინანქრის ფონზე გამოსახულია თამარ მეფის მოოქრული ვერცხლის პორტრეტი. მედალიონის ირგვლივ ოქროთი მოვარაყებული ზედწერილია: „ქართული ლეგიონი 1915". თ. მ. ო. დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმში, აშშ-ის ნუმიზმატიკური საზ-ბების კოლექციაში, ერმიტაჟის ფონდსაცავში და სხვა მუზეუმებში, ასევე კერძო კოლექციებში. საქართველოს პარლამენტმა 2009 წ. 31 ივლისს დააწესა თ. მ. ო., როგორც სახელმწიფო ჯილდო. ამ ორდენით აჯილდოებენ მხოლოდ ქალებს ხალხისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის. თ. მ. ო. პირველად, 2011 წ. სექტემბერს მიენიჭა მრავალი საერთაშ. კონკურსის ლაურეატს, „ბრწყინვალების ორდენის" კავალერს, ცნობილ ქართველ სოპრანოს ლ. ჭყონიას. იხ. აგრეთვე სტ. ორდენები საქართველოსი.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ნ., ქართული ფალერისტიკა (ჯილდოთმცოდნეობა), თბ., 1995; მ ი ს ი ვ ე, თამარ მეფის ორდენი, თბ., 1998.
ნ. ჯავახიშვილი
მ. ჭიჭინაძე