თავაქარაშვილი (თ ა ვ ა ქ ა ლ ა შ ვ ი ლ ი) მამუკა, XVII ს. პოეტი, კალიგრაფი, მხატვარი-მინიატიურისტი. მდივნად იყო იმერეთის მეფის კარზე. 1634 ტყვედ მოხვდა სამეგრელოში, სადაც ლევან II დადიანის კარზე ეწეოდა ლიტ. და კალიგრაფიულ საქმიანობას. 1647 გადაწერა „შაჰნამეს" გაგრძელების ე. წ. „უთრუთიანსაამიანის" ქართ. პროზაული ვერსია; გალექსა „ზააქიანი", რისთვისაც გამოიყენა „შაჰნამეს" ქართ. პროზაული თარგმანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1646 გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი", რ-იც 39 მინიატურითაა შემკული. მინიატიურებს ეტყობა ქართ. ხალხ. ხელოვნების გავლენა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების გარდა, აქ მოთავსებულია რუსთაველისა და თვით მხატვრის პორტრეტები. თ. საკმაოდ დახელოვნებული მხატვარია, მისი კალიგრაფია გამოირჩევა ხაზგასმული დეკორაციულობით.
თხზ. შაჰ-ნამეს ანუ მეფეთა წიგნის ქართული ვერსიები, იუსტ. აბულაძის გამოც., ტფ., 1916; იგივე, [ტ.] 3, დ. კობიძის გამოც., თბ., 1974.
ლიტ.: ა მ ი რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971; ბ ა რ ა მ ი ძ ე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 2, თბ., 1940; ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; კ ო ბ ი ძ ე დ., შაჰნამეს ქართული ვერსიების სპარსული წყაროები, თბ., 1959; ყ უ ბ ა ნ ე ი შ ვ ი ლ ი ს., ლიტერატურული და ხალხური ზააქიანი, «საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1953, ტ. 14, №6; შ ე რ ვ ა შ ი ძ ე ლ., „ვეფხისტყაოსნის" 1646 წლის ხელნაწერის მინიატიურების ავტორობის შესახებ, იქვე, 1955, ტ. 16, N6.
ვ. ბერიძე