თამარ მეფის სიგელი გელათისადმი

თამარ მეფის სიგელი გელათისადმი, დიპლომატიკური ძეგლი, გაცემული თამარის მეფობის მეათე ინდიქტიონს (1188). დაწერილია ეტრატზე მეფის კარის მწიგ­ნობრის არსენ სამძივარის მიერ. სიგელს თამარ მეფე საკუთარი ხელ­მოწერით ­ამტკიცებს. ­მოწმე და დამამტკიცებლები არიან თამარ მეფის მეუღლე დავით მეფე, დავით ერისთავი და კათოლიკოსი თეოდორე (თეოდორე II).

ამ საბუთით თამარმა „ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუითმპყრობელმან" გელათის სამეფო მონასტერს არგვეთში სოფ. ჭორვილა შესწირა. შეწირულობის მიზანი იყო სოფლიდან მიღებული შემოსავლით მონასტრის სატრაპეზოში, საზრდელით უზრუნ­ველყოფა იმ თორმეტი მწირისა, რ-ებიც მონასტრის გარეთ მდებარე სენაკებში მკვიდრობდნენ და მონასტრის ტრაპეზით რეგულარულად სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ.

შემორჩენილია საბუთის ნაკლული დედანი, რ-იც ინახება სა­­ქართვ. ­ცენტრ. სა­ხელმწ. საისტორიო არქივში (სცსსა, ფ. 1448, № 5004). საბუთი გამოცემულია თ. ჟორდანიას (2-ჯერ), ს. კაკაბაძის, ი. ცინცაძის, ი. დოლიძის მიერ.ბოლოს შევიდა „ქარ­თუ­ლი ისტორიული საბუთების კორპუსის" I ტომში (თბ., 1984).

გ. არახამია