თავდაწერილი, ყმათა კატეგორია შუა საუკუნეების საქართველოში, მოხსენიებულია აღბუღას სამართლის წიგნში (XIII–XIV სს.). იგი „შეწყნარებული ყმაა". ფეოდ. საზ-ბაში შეწყნარება – უფროსის მიერ უმცროსის მიღება, თანხლება, შეფარება, შეკედლება და ა. შ. – ურთიერთობაა, რაც წერილობით „თავდაწერით" ფორმდებოდა. თ. შეიძლება ყოფილიყო გლეხიც და რანგით დაბალი ფეოდალიც. თ. გლეხი ერთი ბატონიდან მეორესთან მისული კაცია. თუ იგი ახ. ბატონს ჩაესიძებოდა – მისი ყმის ქალს შეირთავდა, მაშინ ახ. ბატონთან რჩებოდა. ძვ. „მკვიდრი ბატონის" წამოდავების შემთხვევაში, თუ თ. ნებით არ დაბრუნდებოდა უკან, სამართალს ოჯახის დანგრევის უფლება არ ჰქონდა და თ-ს ოჯახით აბრუნებდა უკან. ძვ. ბატონი ცოლის საფასურს იხდიდა. თ. გლეხი იურიდიულად „ნებიერია" – ახ. ბატონთან ნებით მისული. ასეთ დროს საბატონყმო ურთიერთობანი შედარებით შეღავათიანი იყო.
ლიტ.: მ ე გ რ ე ლ ა ძ ე დ., საქართველოს გლეხობა XIII–XV საუკუნეებში, თბ., 1991.
დ. მეგრელაძე