თავდახსნილი, ყმის კატეგორია შუა საუკუნეების საქართველოში. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში ყმის თავდახსნის შესახებ არის სპეც. თავი. თავდახსნილობა გაფორმებული უნდა ყოფილიყო წერილობით – „წიგნით" – და ცოცხალი მოწმით. ასეთი ყმა აზატად ითვლებოდა და „აზატნაქნარისაგან კიდევ უფრო აზატი" იყო. თუ თავდახსნილობა წერილობით არ იყო გაფორმებული და მოწამე ცოცხალი იყო (ძვ. ბატონი, ან სხვა პირი), ასეთ შემთხვევაშიაც თავდახსნილობას იურიდ. ძალა ჰქონდა. თ. ყმა ეკონ. და უფლებრივად თავისუფალი იყო, მას უფლება ჰქონდა თავისი შეხედულებისამებრ განესაზღვრა თავისი მომავალი: შეეძლო მისულიყო სხვა ბატონთან, მიეღო მისგან მამული და მკვიდრ ყმად დამჯდარიყო, რაც აგრეთვე წერილობით – „წიგნით" უნდა გაფორმებულიყო. თუ ყმა „უწიგნოდ და უპიროდ" დროებით მივიდოდა ახალ ბატონთან, მას უფლება ჰქონდა მიეტოვებინა იგი. თ-ს შეეძლო ამა თუ იმ ბატონს „წყალობის ყმად" დასდგომოდა და სურვილისამებრ წასულიყო კიდეც. თავდახსნილობა ფეოდ. საქართველოში პროგრ. მოვლენა იყო.
წყარო: სამართალი ვახტანგ მეექვსისა. ტექსტი დაადგინა და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბ., 1981.
დ. მეგრელაძე