თავზიშვილი გიორგი იასონის ძე [24. III (6.IV). 1902, სოფ. ბაზალეთი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 5. X. 1963, თბილისი], პედაგოგი, ლიტერატურათმცოდნე. პროფესორი (1930), პედ. მეცნ. დოქტორი (1948), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1922 დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და ჩაირიცხა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე, 1923 გადავიდა მოსკოვის პირველი სახელმწ. უნ-ტის საზოგადოებრივ მეცნ. ფაკ-ტის პედაგოგიკის განყ-ბაზე. 1926 უნ-ტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ აქტიურად თანამშრომლობდა დიდი საბჭ. და ლიტ. ენციკლოპედიების რედაქციებთან, ეწეოდა ლიტერატურათმცოდნეობით საქმიანობას. 1930 თ. საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო თსუ-ის ბაზაზე შექმნილი პედ. ინ-ტის დირექტორის მოადგილედ სამეცნ. დარგში, კითხულობდა ლექციებს პედ. თეორიასა და ისტორიაში. 1938–58 იყო თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის პედაგოგიკის კათედრის გამგე, ამავე პერიოდში შეთავსებით მუშაობდა იმავე თანამდებობაზე ქუთაისის ა. წულუკიძის სახ. პედ. ინ-ტში. გარდაცვალებამდე იყო თსუ-ის პედ. კათედრის პროფესორი.
თ. იკვლევდა პედ. მეთოდოლოგიურ საკითხებს, აღზრდის პრობლემებს, კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის საკითხებს. განსაკუთრებულია მისი წვლილი ქართ. პედ. აზროვნების ისტ. კვლევასა და ი. გოგებაშვილის პედ. მემკვიდრეობის შესწავლაში, აგრეთვე სარედაქტორო საქმიანობაში ი. გოგებაშვილის ერთტომეულისა და ათტომეულის გამოსაცემად; თ-მა შეისწავლა შოთა რუსთაველის, ს.-ს. ორბელიანის, ს. დოდაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის პედ. იდეები და ლ. ბოცვაძის შემოქმედება. იგი თანაავტორი იყო 1956 გამოცემული პირველი პედ. სახელმძღვანელოსი, ა. ჩიქობავასთან ერთად იყო თანარედაქტორი ნ. ბოცვაძისა და ე. ბურჯანაძის სახელმძღვანელოებისა „დედა ენა" (ორ ნაწილად I კლასისათვის) და „ქართული ენა" (II კლასისათვის).
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში.
თხზ.: რჩეული პედაგოგიური თხზულებანი, ი. ბოცვაძის რედ., ტ. 1–2, თბ., 1974–77; უმაღლესი განათლების ისტორიისათვის საქართველოში, ნაკვ. 1, თბ., 1938; სახალხო განათლებისა და პედაგოგიური აზროვნების ისტორია საქართველოში (1801–1870 წწ.), თბ., 1948.
ლიტ.: გაგუა ვ., სიხარულიძე გ., გიორგი თავზიშვილი, თბ., 1977; ქ ა ჯ ა ი ა ვ., წერილები, თბ., 1974.