თავისუფალი

თავისუფალი, ეკონომიკურად და იურიდულად დამოუკიდებელი გლეხი შუა საუკუნეების სა­ქარ­თველო­ში; პრაქტიკულად უბატონო, ბატონყმური ურთიერთობიდან თავისუფალი პირი. თ-ის უფლების მოსაპოვებლად ორი გზა არსებობდა: მშვიდობიანი – ბატონთან შეთანხმებით, ქრთამითა და თავის გამოსყიდვით სრული თავდახსნა მიწიანად ან უმიწოდ; პირადი დამსახურებისათვის ბატონის წინაშე. მეორე გზა რთული იყო: გლეხის მიერ ძალით მოპოვებული თავისუფლება, რაც ძირითადად აყრა-გაქცევით გამოიხატებოდა.

1765 ერეკლე II–ანტონ I-ის განჩინებით გაჩნდა თავისუფლების მოპოვების ახ. გზა – ტყვეობიდან დამოუკიდებლად დაბრუნებული გლეხი თავისუფლად ცხადდებოდა (ამ მოვლენას მოგვიანებით გლეხთა მხრიდან ტყვეობიდან „დაბრუნების" სიმულაციაც მოჰყვა). ძველ ბატონს მასზე უფლება აღარ ჰქონდა და ტყვეობიდან დაბრუნებული უფლებამოსილი იყო ახ. ბატონი აერჩია. მშვიდობიანი გზით მიღებული თავისუფლება ქართ. ფეოდ. კანონმდებლობით აღიარებული ნორმა იყო, ბრძოლით მოპოვებული – შეზღუდული. ბატონს უფლება ჰქონდა, აყრილგაქცეული ყმა ეძებნა (ექვსი, თორმეტი, ოცდაათი წლის განმავლობაში) და უკან დაებრუნებინა.

XVII–XVIII სს. სა­ქარ­თვე­ლო­ში საკმაოდ გამოკვეთილი იყო „თავისუფალი ფენა", მაგრამ იგი არ იყო სტაბილური წარმონაქმნი. მასალების მიხედვით ირკვევა, რომ იგი მოკლევადიანი მოვლენა იყო. არ არსებობდა „თავისუფლის" მემკვიდრე თ. თუმცა პროცესი მთელი XVII–XVIII სს-ების განმავლობაში არ წყდებოდა: ერთნი თავისუფლდებოდნენ, მეორენი – ყმებად იქცეოდნენ. მდგომარეობის შესანარჩუნებლად თ. ქალაქს აწყდებოდა – ძირითადად ხელოსანთა წრეს. ქალაქად მას არ ჰქონდა თავშესაფარი, არ ჰყავდა „პატრონი", ვერ პოულობდა სამოქმედო არეს. იძულებული იყო ხელახლა ჩაბმულიყო შეძლებისდაგვარად შედარებით მსუბუქ საბატონყმო ურთიერთობაში. ამიტომ ან თავს აფარებდა ეკლესია-მონასტრებს (თბილ. სიონი, დავითგარეჯა და სხვ.), ან ცდილობდა შეღავათიანი პირობებით დაწერილიყო სამეფო ყმად. უკიდურეს შემთხვევაში ისევ საბატონო ყმად იქცეოდა. ამ გზით ყოფილი თ. – „ნებით მოსულ", „წყალობის ყმად", „თავშეწირულ" და სხვ. კატეგორიის გლეხად იქცეოდა.

ლიტ.: მეგრელაძე  დ., გლეხობის კლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ სა­ქარ­თვე­ლო­ში (XVII–XVIII სს.), თბ., 1979.

დ. მეგრელაძე