თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია, თვეა (ინგლ. European Free Trade Association – EFTA), საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია წევრ ქვეყანათა შორის სავაჭრო ურთიერთობებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ასოციაციის წევრ ქვეყნებს შორის საბაჟო გადასახადები გაუქმებულია, მაგრამ საგარეო სავაჭრო ტარიფები მესამე ქვეყნებთან შენარჩუნებულია. თვეა დაფუძნდა 1960 შვიდი ქვეყნის მიერ. ეს ქვეყნებია: ავსტრია, დანია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.
1961 თვეა-ს პირველი შეუერთდა ფინეთი, მომდევნო წლებში კი – ისლანდია (1970) და ლიხტენშტაინი (1991). ასოციაცია სხვადასხვა დროს დატოვეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ, დანიამ (1972), პორტუგალიამ (1985), ავსტრიამ, ფინეთმა, შვედეთმა (1995) და ევროკავშირში გაწევრიანდნენ.
ამჟამად თვეა-ის წევრები არიან მაღალგანვითარებული ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია. თვეა-ის ძირითადი მმართველობითი ორგანოებია: ასოციაციის საბჭო, სამდივნო და მუდმივი კომიტეტები. მთავარი სამდივნო მდებარეობს ქ. ჟენევაში (შვეიცარია), ბიურო – ბრიუსელში, ხოლო სტატისტ. ოფისი – ლუქსემბურგში. მისი უმაღლესი ორგანოა საბჭო, რ-იც ხელმძღვანელობს წევრი ქვეყნების ურთიერთობებსა და ქვეყანათა კანონმდებლობის შესაბამისობას ასოციაციის მიერ მიღებულ შეთანხმებებთან. საბჭო არის ასევე პასუხისმგებელი ასოციაციის ადმ. და საბიუჯეტო საკითხებზე, ხელს უწყობს სავაჭრო-ეკონ. კავშირების გაღრმავებას მესამე სახელმწიფოებთან, ასევე განსაზღვრავს ურთიერთობებს საერთაშ. ორგანიზაციებთან. საბჭო ჩვეულებრივ იკრიბება წელიწადში ორჯერ ძირითადად საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მის სტრუქტურაში შედის: საპარლამენტო, საკონსულტაციო, ეკონომიკური, მესამე ქვეყნებთან ურთიერთობის, აუდიტორთა, საბიუჯეტო და სხვა კომიტეტები.
თვეა-ის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს სამდივნო, რ-საც ხელმძღვანელობს გენ. მდივანი (ჰყავს ორი მოადგილე და ერთი თანაშემწე). აქვს საკუთარი ბიუჯეტი, რ-საც იხდიან წევრი ქვეყნები მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის პროპორციულად. თვეა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშ. თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, საერთაშ. ორგანიზაციებთან და ცდილობს სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებასა და გამარტივებას. მას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს მსოფლიოს 24 ქვეყანასთან (2013). ამ საკითხის თაობაზე მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ა და თვეა-ს შორის დეკლარაციას თანამშრომლობის შესახებ ხელი მოეწერა 2012 წ. 28 ივნისს შვეიცარიის ქ. გშტაადში. დეკლარაცია ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას მხარეებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, მ. შ. საქართველოსა და თვეა-ის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების კუთხით. დეკლარაცია ასევე გულისხმობს ერთობლივი კომიტეტის ჩამოყალიბებას, რ-იც იმუშავებს სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და დეკლარაციის მიზნების მიღწევაზე.
საქართველოს თვეა-სთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ხელს უწყობს დიპლ. ურთიერთობები, რ-ებიც დამყარებული აქვს ჩვენს ქვეყანას ამ ასოციაციის წევრ ქვეყნებთან (შვეიცარიასთან დიპლ. ურთიერთობები დამყარდა 1992 წ. 10 ივნისს, ისლანდიასთან – 1992 წ. 21 სექტემბერს, ნორვეგიის სამეფოსთან – 1992 წ. 5 ივნისს, ხოლო ლიხტენშტაინთან – 1992 წ. 10 ივნისს). თვეა-ის წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტ. მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. შესაბამისად, მხარეებს შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. მიმდინარეობს თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო-ეკონ., ტექ., ფინანს. და სხვა სფეროებში. საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისიის (NORLAG) მეშვეობით ნორვეგიის მთავრობა შესაბამის ქართ. უწყებებთან თანამშრომლობით მონაწილეობს სამართლისა და სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმის შემდგომ სრულყოფაში. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო (NRC) საქართველოში აქტიურად მუშაობს დროებით ადგილნაცვალ პირთა დასახმარებლად. მხარეები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშ. ორგანიზაციებთან.
ლიტ.: ფ უ ტ კ ა რ ა ძ ე რ., საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები: პრობლემები და პერსპექტივები, თბ., 2010; ქ ა რ უ მ ი ძ ე ვ., საერთაშორისო ორგანიზაციები, თბ., 2003.
რ. ფუტკარაძე