თავისუფალი ვაჭრობის ზონა, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც გაუქმებულია საბაჟო ტარიფები. თ. ვ. ზ-ები იქმნება იმ დარგების სტიმულირების მიზნით, რ-ებიც აწარმოებენ უპირატესად საექსპორტო პროდუქციას და მოიხმარენ იმპორტ. რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს. თ. ვ. ზ., ერთი მხრივ, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ნაირსახეობაა, მეორე მხრივ კი – ეკონ. ინტეგრაციის შედარებით მარტივი ფორმა. ხასიათდება მცირე ტერიტორიით. თ. ვ. ზ-ები პირველი თაობის ზონებს განეკუთვნება და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპს ეფუძნება. ვაჭრობის შეღავათიანი პირობები ჯერ კიდევ ფინიკიელების აყვავების პერიოდისთვის (ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოსა და I ათასწლეულის დასაწყისში) იყო დამახასიათებელი.
საერთაშ. პრაქტიკაში თ. ვ. ზ-ები ცნობილია, აგრეთვე, თავისუფალი პორტის (პორტო-ფრანკოს), თავისუფალი არეალის (საწყობის), თავისუფალი უბაჟოდ ვაჭრობის მაღაზიის (Free Ports, Duty/ Tax free areals/shop) სახელწოდებით. პორტო - ფრანკოს ტ ი პ ი ს ზ ო ნ ე ბ ი დასაბამს XVI ს-იდან იღებს. პორტო-ფრანკოდ პირველად (1547) იტალ. ქალაქი ლივორნო გამოცხადდა. რუსეთის იმპერიაში თავისუფალი პორტების სტატუსი მიიღო ოდესამ (1817), ვლადივოსტოკმა (1862), ბათუმმა (1878).
თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი არეალი ( ს ა წ ყ ო ბ ი ) საექსპორტო საქონლის შესანახად, შესაფუთად და უმნიშვნელო დამუშავებისათვის განკუთვნილი სატრანზიტო ან საკონსიგნაციო (საკომისიო ოპერაციების ნაირსახეობა) საწყობებია. მათი ტერიტ. გამოყოფილია საბაჟო ტერიტორიიდან და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო თავისუფლებით. აღნიშნულის გამო მათ ხშირად თავისუფალ საბაჟო ტერიტორიებს უწოდებენ. თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი უბაჟოდ ვაჭრობის მაღაზიები თ. ვ. ზ-ის უმარტივესი ფორმაა. რეჟიმის თვალსაზრისით ისინი სახელმწ. საზღვარს გარეთ მდებარეობენ. ასეთი მაღაზიები საქართველოში თბილ. აეროპორტში, სარფის, წითელი ხიდისა და სხვა საბაჟოებზეა გახსნილი. თ. ვ. ზ-ები ყველაზე განვითარებული ფორმით აშშ-შია წარმოდგენილი, რასაც ხელი შეუწყო 1934 მიღებულმა სპეც. კანონმა. თ. ვ. ზ. როგორც ეკონ. ინტეგრაციის ფორმა, გულისხმობს ურთიერთვაჭრობაში საბაჟო ტარიფებისა და სხვა შემზღუდავი ბარიერების მოხსნას. მასში შემავალი სახელმწიფოები ინარჩუნებენ მოქმედების სრულ დამოუკიდებლობას მესამე ქვეყნებთან ეკონ. ურთიერთობაში. თ. ვ. ზ-ის კლასიკური მაგალითია თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია – თვეა (European Free Trade Association – EFTA). თანამედროვე პერიოდის თ. ვ. ზ-ის მნიშვნელოვანი მაგალითია ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონა (North American Free Trade Agreement – NAFTA), რ-შიც გაერთიანებულია აშშ, კანადა და მექსიკა. ხელშეკრულება ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ ძალაში შევიდა 1994 წ. 1 იანვარს. ამ ზონაზე მოდის მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 20%. განვითარებად ქვეყნებში თ. ვ. ზ. შექმნილია იმისათვის, რომ დაძლეულ იქნეს ეკონ. განვითარების დაბალი დონე, გაიზარდოს ქვეყნის როლი საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში, განვითარდეს ვაჭრობა ზონის შიგნით.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი (საქონლის გადაადგილება ნულოვანი განაკვეთებით) აქვს დსთ-ის ყველა ქვეყანასთან და თურქეთთან. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი რეგულირდება მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმებებით. კერძოდ, დსთ-ის წევრ ქვეყნებთან, გარდა რუსეთის ფედერაციისა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი რეგულირდება დსთ-ის 1994 წ. მრავალმხრივი შეთანხმებით „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ". საქართველო ასევე არის დემოკრატიისა და ეკონ. განვითარების ორგანიზაციის (სუამის) ფარგლებში მოქმედი „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ" 2002 წ. მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილე ქვეყანა. ორმხრივი საერთაშ. ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოს დადებული აქვს შემდეგ ქვეყნებთან: აზერბაიჯანი, თურქეთი, თურქმენეთი, მოლდავეთი, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი. ამასთან, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ითვალისწინებს გამონაკლისებს, რ-ებიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან გარკვეული სახის საქონლის ამოღებას გულისხმობს.
2013 წ. 29 ნოემბერს ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, ხოლო 2014 წ. 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ამ შეთანხმებას, რ-ის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" (DCFTA) ფორმირება. ეს მოვლენა – კონტინენტის 500 მლნ-იანი მოსახლეობის ბაზარში შესვლა – უდიდესი მნიშვნელობის ამოცანებს სახავს საქართველოს წინაშე და შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს მას.
ლ. ყორღანაშვილი