„თავისუფალი საქართველო“

„თავისუფალი საქართველო“, ყოველთვიური 24-გვერდიანი ჟურნალი. იბეჭდებოდა პაპიროსის ქაღალდზე. ქართვ. სეპარატისტთა ჟენევის ჯგუფის (პ. სურგულაძე, ლ. კერესელიძე, გ. კერესელიძე, ნ. მაღალა­შვი­ლი) ორგანო. გამოდიოდა ჟენევაში 1913 (N1 – იანვარი; N12 – დეკემბერი); 1914 (N1 – იანვარი; N12 – დეკემბერი). რედაქტორები: პ. სურგულაძე, ლ. და გ. კერესელიძეები.

ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა 1913 წლის იანვარში, ქ. ჟენევაში. იგი 24-გვერდიანი იყო. ჟენევიდან სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ჟურნალის 2 ნომერი (1913, N2 და 1914, N3) ბიბლიოგრაფმა გ. ბაქრაძემ ჩამოიტანა. ჟურნალში იბეჭდებოდა ანონიმური სტატიები: „ქართველი ერი და ეროვნული ერთობა", „ერის დამოუკიდებლობა და ისტორია", „უბედური ნაბიჯი, ჩეხთა ეროვნული საბჭო", "რისთვის უნდა ქართველ ერს საკუთარი სა­ხელმ­წი­ფო", „ქართველი ერი და მოაზროვნე ქართველობა", „ტერიტორიის შე­სა­ხებ", „საქართველო დევნილი რუსის სამეფო ძალის მიერ" და ა. შ.

XX ს. 40-იან წლებში ჟურნალი დაცული ყოფილა სა­ქარ­თვ. სარევოლუციო მუზეუმში. ერთი ნომერი (1914 წ. 4 აპრილი), რ-იც აღმოჩენილი იყო სტამბოლის ქართვ. კათოლიკეთა მონასტერში, ამჟამად ინახება ქართ. ემიგრაციის მუზეუმში (გ. შარაძის კერძო კოლექცია), პირველი მსოფლიო ომის დროს „ქართველ სეპარატისტთა ჯგუფის“ ანუ „სა­ქართვე­ლოს დამოუკიდებლობის კომი­ტეტის“ და მისი ორგანოს „თავი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ მოღვაწეობაზე ყველაზე უფრო ვრცელ ნარკვევს გვთავაზობს კ. სალია, რ-იც გამოქვეყნებულია ჟურნალში „ბედი ქართლისა“ (N39– 40, პარიზი, 1962), საიდანაც ვიგებთ უშუალო პირველწყა­როზე დამყარებულ უნიკალურ ცნობებს ჩვენთვის საინტერესო საკითხის შე­სა­ხებ.