თავისუფლება, თვითგანსაზღვრის შესაძლებლობა, იძულების არარსებობა. ეს ცნება სხვადასხვა კონტექსტში (ეთიკური, პოლიტიკური და ა.შ.) გვხვდება. თ. საკაცობრიო აზროვნების უძველესი თემაა. ცნობილია, რომ თ-ის იდეის სრულყოფილი გააზრება, მისი ფუნდამენტური დაფუძნების მცდელობები ფილოსოფიას და დიდ ფილოსოფოსთა საქმიანობას უკავშირდება. ფილოს. საწყისებთან განისაზღვრა თ-ის პრინციპის ზოგიერთი ისეთი ასპექტი, რ-იც დღემდე მიეკუთვნება თავისუფალი მოქმედების არსისეულ კომპონენტებს. ანტიკურობაში თ. დაუპირისპირდა ბედისწერისა და აუცილებლობის მარწუხებს.
იმდროინდელმა მოაზროვნეებმა ცხადად დაინახეს, რომ თ-ის საკუთრივი სივრცე უნდა მონახულიყო და ის მოინახა კიდეც – ჭეშმარიტი შემეცნებისა და პრაქტ. მოქმედების სფერო აღმოჩნდა თ-ის სავანე. სოკრატეს აზრით, თავისუფალი ის არის, ვინც გონივრულად და ზნეობრივად იქცევა; პლატონის მიხედვით, ლტოლვებით შეპყრობილი ადამიანი თავისუფალი ვერ იქნება, რადგან თ. პასუხისმგებლობას გულისხმობს; არისტოტელეს აზრით, ბრძენი თ-ის პრინციპის მიხედვით მოქმედებს და გარეგან მიზანდასახულობებს არ ემორჩილება. სტოელებმა ეს პრინციპი კიდევ უფრო განავითარეს; მათ თ. გაიგეს, როგორც გარეგან იძულებათაგან, ლტოლვათაგან და მავნე მიდრეკილებათაგან დამოუკიდებლობა. მათ წამოსწიეს „აფექტებისაგან თავისუფლებისა“ (აპათია) და „სულიერი სიმშვიდის“ (ატარაქსია) პრინციპი. გარკვეული აფექტები (ტკივილი, სურვილი, ლტოლვა) ხელს უშლის გონივრულ, ბედნიერ ცხოვრებას, ხოლო ზოგიერთი აფექტი (მხიარულება, წინდახედულება და ა. შ.) კი, პირიქით, გონივრული, ბედნიერი ცხოვრების მომტანია. სტოელთა მიხედვით, ე. წ. „ცუდი აფექტები“ მხოლოდ ჭეშმარიტი შემეცნების მეშვეობით შეიძლება იქნეს დაძლეული. სწორედ ჭეშმარიტი შემეცნების მეშვეობით მიიღწევა ის სულიერი სიმშვიდე და შინაგანი თ., რ-იც გონივრული და ბედნიერი ცხოვრების წინაპირობაა.
თ-ის ცნებამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა ფრანგ განმანათლებელთა პრაქტ. საქმიანობასა და თეორ. შემოქმედებაში. შ. ლ. მონტესკიე (1689–1755) და ჟ. ჟ. რუსო (1712–78) იმის დადგენას ცდილობდნენ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ კანონებმა, თ. რომ უზრუნველყონ სახელმწიფოში. მათ კლასიკური სახით ჩამოაყალიბეს ხელისუფლების განაწილების პრინციპი, როგორც სამართლის უზენაესობისა და ადამიანის, როგორც საზ-ბის წევრის, თ-ის წინაპირობა. მონტესკიესა და რუსოს თეორია დღესაც აქტუალურია. თანამედროვე დემოკრ. სახელმწიფოების კონსტ. წყობა ხშირად სწორედ ამ ავტორთა აღნიშნულ პრინციპებს ეფუძნება. გერმ. ფილოსოფიაში თ-ის გაგების უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს ი. კანტისა და გ. ვ. ფ. ჰეგელის თ-ის კონცეფციები. კანტის ფილოსოფიაში სათანადო ასახვა პოვა ევრ. განმანათლებლობაში ფესვგადგმულმა წარმოდგენამ, რომ თ. პოლიტიკის, მორალის და მოქმედების სფეროებშია შესაძლებელი, ხოლო ბუნების სფეროს კი საკუთარი კანონები განაგებს, თ. არის ნების წინაპირობა, რ-საც საკუთარი კანონები აქვს („კატეგორიული იმპერატივი“). მაშასადამე, კანტი საუბრობს ნების თ-ის, როგორც წმინდა პრაქტ. გონების ავტონ. პრინციპის შესახებ. ჰეგელის მიხედვით, მსოფლიო ისტ. ფილოს. სახელმძღვანელო პრინციპი არის ხალხებსა და კულტურებში განვითარებადი თ-ის იდეა. თ. შედეგია თავის თავთან დაბრუნებული სამყაროს სულის თ-ის ცნობიერებისა. ორიენტალურ დესპოტიზმში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო თავისუფალი, ანტ. დემოკრატიასა და არისტოკრატიაში – მხოლოდ ზოგიერთი, ხოლო ქრისტ. სახელმწიფოში თითოეული ადამიანი ღმერთისა და კანონის წინაშე თავისუფალი და თანასწორუფლებიანია. მიუხედავად ამისა, მონობა ქრისტ. ხალხებში დიდხანს გაგრძელდა.
ადამიანის გაგება, როგორც თავისუფალი არსებისა, პოლიტ. თ-ის საფუძველია. თუმცა კი თ. გზად იმყოფება და მისი სრულყოფილი რეალიზების მცდელობები ისტორიაში მუდამ იარსებებს. კ. მარქსის აზრით, თ. კაპიტალისტურ საზ-ბაში შეუძლებელია, მისი განხორციელება მხოლოდ მომავლის საზ-ბაშია შესაძლებელი, სადაც არსებული საწარმოო ურთიერთობები და გაუცხოება იქნება მოხსნილი. თ-ის გაგების მნიშვნელოვანი ასპექტებია ხაზგასმული დიდი ინგლ. მოაზროვნის ჰ. სპენსერის (1820–1903) შემოქმედებაში. იგი სახელმწ. როლის ზრდისა და ამის ხარჯზე ინდივიდუალური თ-ის შეზღუდვის წინააღმდეგია. სახელმწ. რეგულაციური პოლიტ. გაძლიერებას სპენსერი ახ. ტიპის ლიბერალიზმს უკავშირებს. აღნიშნული ტენდენცია ინდივიდის თ-ს და მთლიანად საზ-ბას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. აღსანიშნავია, რომ ლიბერალიზმის სპენსერისეული კრიტიკა დღესაც არ კარგავს მნიშვნელობასა და აქტუალობას. თ-ის ცნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეგზისტენციალიზმში (ს.კირკეგორი, მ. ჰაიდეგერი, ჟ.პ. სარტრი და ა. შ.). აქ თ. ადამიანის არსის განმსაზღვრელ ფაქტორადაა მიჩნეული. უფრო მეტიც, ადამიანი „დაწყევლილია“ თ-ით და თავის ყველა ქმედებაზე პასუხს აგებს.
თ-ის ორიგინ. კონცეფციის შექმნა დაკავშირებულია „ფრანკფურტის სკოლის" მოაზროვნეების სახელთან. ამ პრობლემას საგანგებოდ იკვლევდა ცნობილი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი ე. ფრომი (1900–80). თ-ის ფრომისეული კონცეფცია, ძირითადად, გადმოცემულია მის შემდეგ ნაშრომებში: „თავისუფლებისაგან გაქცევა" (1941), „ადამიანის დესტრუქციულობის ანატომია" (1973), „ფლობა თუ ყოფნა?" (1976). თ. ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია; კაცობრიობის რეალური ისტორია თ-ისათვის ბრძოლის ისტორიაა, თუმცა ფრომი აანალიზებს ადამიანის მისწრაფებას – გაექცეს თ-ს. იგი იკვლევს იმ სტრატეგიებს, რ-თაც ხდება თ-ისაგან გაქცევა. ფრომი თ-ის პრობლემის განხილვისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ავტორიტარიზმის, დესტრუქციულობის და აბსოლუტური მორჩილების ანალიზს. „ფრანკფურტის სკოლის" ე. წ. „ნეომარქსიზმის" წარმომადგენლებისათვის (თ. ადორნო, ჰ. მარკუზე და სხვ.) ხელოვნება წარმოადგენს იმ ადგილსა და სფეროს, სადაც თ. შესაძლებელია და მისი რეალური განხორციელება ხდება. თ-ის პრობლემის განხილვის ისტორია ქართ. ფილოს. აზროვნებაში სპეციფ. ხასიათს ატარებს. დიდი ქართვ. მოაზროვნეების შემოქმედებითი ისტორია არის მარადიული ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ, მაშასადამე, იძულებაზე უარის თქმა და ბრძოლა თ-ისთვის. თ-ის იდეის მეტაფიზიკური დაფუძნება ქართ. ფილოსოფიაში იოანე პეტრიწის (XII ს.) სახელსა და მის ეპიტემოლოგიას უკავშირდება. თ-ის ცნების საგულისხმო განმარტებაა მოცემული ს.-ს. ორბელიანის „სიტყვის კონაში“. სულხან-საბა განმარტავს სიტყვას „თავის-უფალი“ და მის შემდეგ მნიშვნელობებზე მიუთითებს: „არავისი მონა“, „რაც ენებოს, ქნას“. აღსანიშნავია, რომ აქ თ-ის ორ მნიშვნელოვან ასპექტზეა მითითება: იძულებაზე უარის თქმა და საკუთარი ნების განხორციელების მცდელობა. ახ. დროის ქართ. აზროვნებაში თ-ის პეტრიწისეული იდეალის დაცვა, გააზრება და განვრცობა სცადა ანტონ I-მა (1720–88). ეს კარგად ჩანს ტრადიციისა და ინოვაციის ანტონისეული გაგების მაგალითზე. იგი, ერთი მხრივ, ქართ. ფილოს. აზროვნების განვითარებას, განახლებას, ევროპეიზაციას ესწრაფოდა, მაგრამ ისე, რომ ქართ. ტრადიციასთან, ეროვნ. ფესვებთან მისი კავშირი არ გაეწყვიტა. აქედან გამომდინარე, ანტონ I-მა მიზნად დაისახა ქართ. განათლების სისტემის აგება და ხელი მიჰყო ფართო ეროვნ.კულტ.-საგანმან. პოლიტიკის განხორციელებას. ამის თვალსაჩინო ნიმუშია თბილისსა (1755) და თელავში (1782) მის მიერ დაარსებული სას. სასწავლებლები. ანტონ I-ის ფილოს. აზროვნება იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს თ-ის პრინციპი. თ-ს საფუძვლად უნდა ედოს განათლება; მხოლოდ განათლებული, გათვითცნობიერებული ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფალი. მაშასადამე, განათლება თ-ის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ნების თ-ის შესახებ მსჯელობს ქართვ. ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი ი. ხელაშვილი. თ-ისა და მშვიდობის პრინციპების საინტერესო ხედვაა წარმოდგენილი ს. დოდაშვილის შემოქმედებაში. თ-ის გაგების ორიგინ. მცდელობაა მოცემული ცნობილი ქართვ. ღვთისმეტყველისა და ფილოსოფოსის, გ. ქიქოძის (იხ. გაბრიელი) „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებში“. იგი თ-ის გაგებას გონების მიერ მის გააზრებასა და გაცნობიერებას უკავშირებს. ამდენად, თ. დაკავშირებულია სულიერ, მოაზროვნე არსებასთან. თუკი თ-ის პრინციპი გააზრებული არ იქნება, მაშინ ადამიანი ვერ მოახერხებს კეთილისა და ბოროტის განსხვავებას და, რაც მთავარია, მათ შორის არჩევანის გაკეთებასაც. თ-ის გაბრიელ ქიქოძისეული გაგება დღესაც არ კარგავს აქტუალობას, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თ-ის ქრისტ. გაგების კონტექსტში.
ეროვნ. თ-ის იდეა საფუძვლიანად განავითარეს XIX ს. დიდმა ქართვ. მოღვაწეებმა, „თერგდალეულებმა“ (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე და სხვ.), რ-ებიც საქართველოში არსებული „რუსიფიკატორული პოლიტიკის“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამდენად, მათ მიერ განვითარებული თ-ის გაგება პოლიტ. განზომილებას იძენს. თ-ის ეს გაგება კარგად გამოიხატა ი. ჭავჭავაძის ეპოქალურ ფორმულაში: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. თ-ის გაგების მეტად საგულისხმო ნიმუშებია ვაჟა-ფშაველას ესეები: „რას ჰქვიან თავისუფლება?“ და „რა არის თავისუფლება?“ დიდი ქართვ. პოეტი ამ მცირე მოცულობის წერილებში თ-ის ი. ჭავჭავაძისეული გაგების ერთგვარ განვრცობას ახდენს და თ-სა და ბედნიერებას ერთმანეთს უთანაბრებს. ვაჟას აზრით, თ. ყველა ქვეყანაზე, ერსა და წოდებაზე უნდა ვრცელდებოდეს. იგი ეროვნ. და პიროვნული თ-ის თანაბარ მნიშვნელობაზე მიუთითებს. საქართველოში XX ს. პირველ ათწლეულებში თ-ის გაგების საინტერესო მცდელობებია მოცემული გ. რობაქიძის, ა. ჯორჯაძის, დ. უზნაძის, შ. ნუცუბიძის, ა. ჯანელიძის, მ. გოგიბერიძის, ს. დანელიას, კ. კაპანელის და სხვ. ფილოს. შრომებში. კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ კი თ. აღარ მიეკუთვნებოდა ქართ. ფილოს. აზროვნების წამყვან თემათა რიცხვს. უფრო მეტიც, ამ პერიოდში არათუ თ-ის პრინციპის პრაქტიკაში განხორციელება გახდა შეუძლებელი, არამედ თ-ის იდეის იგნორირება მოხდა. ამას ადასტურებს საბჭოთა საქართველოში შექმნილი თეორ. შრომები, სადაც თ-ის იდეა, ფაქტობრივად, დაკარგულია. თუკი აქა-იქ თ-ის შესახებ მსჯელობას ვხვდებით, უმეტესწილად, მარქსისტულ-ლენინისტური ფილოს. კონტექსტში ან კიდევ ფილოს. ისტ. მნიშვნელოვანი წარმომადგენლების (მაგ., კანტი, ჰეგელი, ნიცშე, შოპენჰაუერი, ჰუსერლი, ეგზისტენციალისტები და ა. შ.) მიერ შექმნილი თ-ის კონცეფციების განხილვისა და ანალიზის დროს. ამ მხრივ აღსანიშნავია კ. ბაქრაძის, ზ. კაკაბაძის, თ. ბუაჩიძის, გ. თევზაძის და სხვათა გამოკვლევები. იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს მ. მამარდაშვილის ფილოს. ნაშრომები, რ-თა მიზანი სოც. ძალების გამოთავისუფლება და იმგვარი სააზროვნო სივრცის შექმნაა, სადაც ნებისმიერი ადამიანი საკუთარი თავის „არტიკულირებას“, ანუ თ-ის რეალიზებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ თ-ის იდეის გაგების ორიგინ. მცდელობები კომუნისტური პერიოდის ქართ. ფილოს. აზროვნებაში იშვიათად გვხვდება.
ეს მძიმე სულიერი მდგომარეობა საგანგებო განხილვის საგნად იქცა თ. ირემაძის სტატიაში „იდეების მსხვრევა. თავისუფლების იდეის ბედი საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიაში", რ-იც გამოქვეყნდა სამეცნ.-ფილოს. კრებულში „რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ“ (თბილისი, 2010). ამ სტატიაში თ-ის პრობლემა გაანალიზებულია არათავისუფლების ისტ. გარკვეული ასპექტების გამოკვეთის მეშვეობით. ავტორის აზრით, უნდა შეიქმნას საგანგებო სამეცნ.კვლ. პროექტი, რ-ის ფარგლებშიც გამოკვლეული იქნება საბჭოთა საქართველოს სინამდვილეში თ-ის ფილოს. იდეის/იდეალის ჩახშობის, განადგურების, დაკარგვის ისტორია და დადგენილი იქნება მისი მიზეზები. ეს ფილოს. კრებული, თ-ის ცნების გაგებისა და კვლევის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ქართ. ფილოსოფიაში. მასში ქართვ. მეცნიერები (ლ. ზაქარაძე, დ. ლაბუჩიძე, გ. თავაძე და თ. ირემაძე) ცნობილ გერმ. სპეციალისტთან, ჰ. შნაიდერთან, ერთად თ-ის იდეის, მისი გაგებისა და გაცნობიერების უმნიშვნელოვანეს ასპექტებს განიხილავენ ფილოს. აზროვნების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლების (შ. ლ. მონტესკიე, ჟ. ჟ. რუსო, გ. ვ. ფ. ჰეგელი, ჰ. სპენსერი, ე. ფრომი) შემოქმედებაზე დაყრდნობით. კრებულის ავტორთა ყურადღება ამ მოაზროვნეებზე სწორედ იმიტომ შეჩერდა, რომ ისინი თ-ის პრობლემას ერთი რომელიმე პერსპექტივიდან გამომდინარე კი არ განიხილავენ, არამედ კომპლექსურად, ინტერკულტურულ და ინტერდისციპლინურ ჭრილში. თ-ის პრობლემამ დღეს ხელახალი აქტუალიზაცია განიცადა, რადგან თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კერძოდ კი, ნეირომეცნიერებების, სფეროში დაგროვილმა კვლევის შედეგებმა თ-ის არსის ახლებური გააზრებისა და მისი გადააზრების საჭიროება დაგვანახა.
ლიტ.: ბ უ ა ჩ ი ძ ე თ., ფილოსოფიური ნარკვევები, ტ. 2, თბ., 2005; ვ ა ჟ ა - ფ შ ა ვ ე ლ ა, რას ჰქვიან თავისუფლება?, წგ.: ქართული სიტყვიერება, ტ. 6, თბ., 2011; ევროპული პასუხისმგებლობა. მერაბ მამარდაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, რედაქტორ-შემდგენელი თ. ირემაძე, გამოც. მე-2, თბ., 2013; ჯ ო რ ჯ ა ძ ე ა., წერილები, თბ., 1989.
თ. ირემაძე