თავისუფლების მოედანი

თავისუფლების მოედანი

თავისუფლების მოედანი, ქ. თბილისის მთავარი მოედანი და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი. მდებარეობს მთაწმინდის რ-ნში, შოთა რუსთაველის გამზირსა და გ. ლეონიძის, გ. ტაბიძის, შ. დადია­ნის, კ. აფხაზისა და ა. პუშკინის ქუჩებს შორის. მოედანი წაგრძელებულია, ტრაპეციის ფორ­მა აქვს (ფართობი თანამედროვე საზღვრებში დაახლ. 110 მ×140 მ). მოედნის მთ. ღერძზე გამოდის საკრებულოს (ყოფ. მერიის) შენობა საათიანი კოშკით, რ-ის აღმ. მხა­რეს განლაგებულია საოფისე შენობები, დას. მხა­რეს – სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი" და ყოფ. კავკ. კორპუსის შტაბის შენობა.

თავისი არსებობის განმავლობაში მოედნის სახელი მრავალჯერ შეიცვალა: 1827 რუს. ჯარის მიერ ერევნის აღების აღსანიშნავად ჯარის სარდალს – გენ. ი. პასკევიჩს – უბოძეს ერევნის გრაფის წოდება, ხოლო მოედანს თბილისში პასკევიჩ - ერივანსკის მოედანი დაარქვეს, შემ­დგომში სახელწოდება შეამოკლეს და მოედანს შერჩა ერევანსკის სახელი; 1918–21 წლებში, სა­ქართვ. დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში, თავისუფლების მოედანი ეწოდა; 1921, როდესაც თბილისი ამიერკავკ. ფედერაციის (შედიოდნენ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) დედაქალაქი გახდა, მოედანს დაერქვა ზ ა კ ­ ფ ე დ ე რ ა ც ი ი ს (ამიერკავ­კასიის ფედერაციის) მოედანი (1921–40); შემდეგ იგი ლ. ბ ე რ ი ა ს ა (1940– 53) და ვ. ლ ე ნ ი ნ ი ს (1953–90) სახელობისა გახდა, 1990 მოედანს ­კვლავ თ. მ. ეწოდა.

XIX ს-მდე მოედნის ტერიტ. მოქცეული იყო გარეთუბანში, ქალაქის საზღვრებს გარეთ და ეკვროდა ქალაქის კედელს ახლანდ. პუშკინის ქუჩის მხრიდან. XVII ს. ბოლოს ახლანდ. სა­ქართვ. ეროვნ. მუზეუმის შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნ. მუზეუმის ადგილას იდგა ქარვასლა, რ-იც 1724 დაანგრიეს თურქებმა (პ. იოსელიანი). XVII–XVIII სს-ში კოჯრის კარის მახლობლად, მისგან დას-ით, დაახლოებით ახლანდ. საკრებულოს შენობის ადგილას იდგა „ბეჟანას ქარვასლა" (თბილ. 1735 გეგმა, N 37). ა. პიშჩევიჩის მიერ შედგენილ თბილ. 1785 გეგმის მიხედვით, მოედნის მიმდებარე ტერიტორია ეკავა მეფის ოჯახის წევრთა ბაღებს. მოედნის მიჯნები განისაზღვრა 1809 გარეთუბნის დაგეგმარების დროს (პოლკ. ბანოვის გეგმა).

1824 მოედანზე საძირკველი ჩაეყარა კავკ. კორპუსის შტაბის შენობას. 1835 შაქრის მსხვილმა მეწარმემ ი. ზუბალაშვილმა ააგო სასტუმრო სახლი (არქიტ. ბერნარდაცი, ახლანდ. შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნ. მუზეუმი), სადაც თბილისში ჩამოსული რუსეთის იმპ. ნიკოლოზ I-ის პატივსაცემად 1837 წ. 24 ოქტომბერს (ძვ. სტ.) მოეწყო დიდი მეჯლისი. 1838 შენობა შეისყიდა საეკლ. უწყებამ (გაიხსნა სას. სემინარია). გალავნის გასწვრივ ერთ და ორსართულიანი სახლები აშენდა. ერთ ასეთ სახლში, რ-იც ყოფილი მეგობრობის მუზეუმის ადგილას იდგა (ახლანდ. ა. პუშკინის ქ. 5), 1829 ა. პუშკინი ცხოვრობდა. ეს სახლები XIX ს. II ნახ-ში სხვა ნაგებობებმა შეცვალა.

1849–51 აიგო ქალაქის პოლიციის ორსართულიანი შენობა ჯ. სკუდიერის პროექტით, რ-საც 1882–86 ჩაუტარდა რეკონსტრუქცია (არქიტექტორები: ა. ოზეროვი, პ. შტერნი) ე. წ. „ფსევდომავრიტანული სტილით". 1884 დააყენეს საათი. 1910 მარჯვენა ფრთას (გ. ტაბიძის ქუჩიდან), ხოლო 1912 კი ­მარცხ. ფრთას (შ. დადიანის ქუჩიდან) მიაშენეს მესამე სართული (ახლანდ. საკრებულოს შენობა).

XIX ს. 40-იან წლებში ამოივსო და გადაიხურა მოედანზე გამავალი ავანაანთხევი, გაიყვანეს წყლის მილსადენები. 1847–51 არქიტ. ჯ. სკუდიერის პროექტით მოედანზე აიგო თეატრი. ეს ნაგებობა თბილისელი ვაჭრის გაბრიელ თამამშევის ხარჯზე აშენდა და იგი ქარვასლასაც შეიცავდა. მისი აგების შემდეგ მოედნის ნაწილს თ ე ა ტ რ ი ს მოედანსაც უწოდებდნენ (იგი მდებარეობდა სათეატრო ანუ ქარვასლისა და კორპუსის შტაბის შენობებს შორის). შენობის ფასადების დამუშავებისას არქიტექტორმა გამოიყენა ქ. ვიჩენცის პალადიოსეული ბაზილიკის ხუროთმოძღვრული მოტივები. გ. გაგარინის ესკიზებით დამუშავებული დარბაზი და ფოიეები თავიანთი ხასიათით „აღმოსავლური სტილისა" იყო. თავის დროზე თეატრი საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევდა. „იგი ჰგავს სხვა­და­სხვაგვარი მინანქრებით მორთულ უზარმაზარ სამაჯურს…" – წერდა 1851 რუსი ლიტერატორი, გრაფი ვ. სოლოგუბი. ა. დიუმა (მამა), რ-იც თეატრს 1859 ეწვია, აღნიშნავდა: „ეს დარბაზი ფერიათა სასახლეს ჰგავს… მე უყოყმანოდ შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის დარბაზი ერთი ყველაზე მომხიბვლელი სათეატრო დარბაზთაგანია იმათ შორის, რომელიც მე მინახავს". თეატრი დაიწვა 1874 წ. 11 ოქტომბერს (ძვ. სტ.), როდესაც მიდიოდა ბელინის ოპერა „ნორმა". შემ­დგომში შენობა აღადგინეს თეატრის გარეშე, მხო­ლოდ როგორც ქარვასლა, რ-იც 1934, მოედნის რეკონსტრუქციის დროს, აიღეს.

მოედანზე იმართებოდა საკვირაო ბაზრობებიც. ძირითადად ვაჭრობდნენ თივით და შეშით. 1884 ბაზრობა გადაიტანეს ვერის დაღმართზე, ხოლო ამ ადგილას 1885 გააშენეს ბაღი (ახლანდ. პუშკინის სკვერი). 1892 დაიდგა ა. პუშკინის ბიუსტი (მოქანდაკე ფ. ხოდოროვიჩი). აქვე იყო ეტლების ერთ-ერთი ბირჟაც.

მოედნის დას-ით, კავკ. კორპუსის შტაბის გვერდით (­მარცხ. მხა­რეს), 1858 აშენდა სასტუმრო „კავკაზი", რ-საც 1876 დააშენეს მესამე სართული. იგი თბილ. ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ სას­ტუმროდ ითვლებოდა (ინჟ. ი. ალექსეევი). მეორე სასტუმრო „ინტერნაციონალი" იდგა სოლოლაკის (ახლანდ. გ. ლეონიძის) ქუჩისა და მოედნის კუთხეში.

დანგრეული ქარვასლის (ყოფ. თამამშევის ქარვასლა) ადგილას აღლუმებისა და დემონსტრაციების ჩასატარებლად აშენდა ტრიბუნები (დემონტაჟი მოხდა 1938), რ-ებიც შემდეგისათვის ჩაფიქრებული იყო ვ. ლენინის ძეგ­ლის კვარცხლბეკის ნაწილად. ახ. ტრიბუნები აშენდა საკრებულოს შენობის პირდაპირ, სკვერთან. XX ს. 50-იან წლებში ეს ტრიბუნებიც მოშალეს. ამავე პერიოდში მოედნის ქვეშ გაკეთდა ქალაქში პირველი მიწისქვეშა გადასასვლელი, რ-იც მოგვიანებით გაფართოვდა. 1956 გაიხსნა ვ. ლენინის 18,5 მ-იანი ძეგლი (მოქანდაკე ვ. თოფურიძე). 1990 იგი აიღეს. მისი ადგილი მოგვიანებით შადრევანმა დაიკავა.

1991–92 თბილისის ომის დროს მოედანზე რამდენიმე შენობა (საკრებულოდან ყოფ. კავკასიის კორპუსის შტაბამდე) დაინგრა. მათ ადგილას აიგო სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი" (2002); გადაკეთდა შენობა გ. ტაბიძისა და გ. ლეონიძის ქუჩების კუთხეში, სადაც ამჟამად განთავსებულია ბანკი „რესპუბლიკა".

2006 მოედნის ცენტრში, შადრევნის ადგილას, დაიდგა წმ. გიორგის მოოქრული 44 მ-იანი ქანდაკება (მოქანდაკე ზ. წერეთელი).

2012 რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საკრებულოს აღმ. მხა­რეს განლაგებულ შენობებს (ყოფ. საქალაქო საკრედიტო საზ-ბის სამსართულიანი შენობა, ყოფ. თბილ. „პასაჟი" და ძვ. საცხოვრ. სახლები), რ-თა პირველ სართულზე სხვა­დასხვა სავაჭრო დაწესებულება იყო განთავსებული.