თავმრგვალა

თავმრგვალა, ნასოფლარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდ. ქციის მარცხენა სა­ნა­პი­რო­ზე, არახლოს (ახლანდ. ნახიდურის) დასავლეთით. სახელწოდება მიღებული უნდა იყოს ნასოფლარის სიახლოვეს მდებარე კლდის მომრგვალებული თავებისაგან. ეკლესია ან სასაფლაო ნასოფლარს აღარ შემორჩენია, მაგრამ მდინარის ­მარცხ. ნაპირზე ხიდის ბურჯის ნაშთია, ეს კი აქ გამავალ გზაზე მეტყველებს, რ-იც მდინარის ­მარჯვ. ნაპირზე გადადიოდა. თ-დან ჩამომავალ ამ ნაგზაურს, მდინარის ორივე ნაპირიდან გამოქვაბულები დაჰყურებს. ვარაუდობენ, რომ ისინი ყველაზე ინტენსიურად XIII–XIV სს-ში გამოიყენებოდა.

1392 თ. სხვა სოფლებთან ერთად დასახელებულია საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში; 1654 როსტომ მეფის ბრძანებით გაარიგეს სადავო მიწები ნახიდურელებსა და სვეტიცხოვლის კუთვნილ, თავმრგვალელ ყმებს შორის; ეს დავა გაგრძელებულა მეფე ვახტანგ V-ის დროსაც. ამდროინდელ განჩინებაში სადავო მიწების საზღვრად დასახელებულია ჩაღათა­შვი­ლის საორაგულე (სავარაუდოდ, ქციაზე). აქ იხსენიება გამოქვაბულებიც: „ქვაბები როგორც ჩაღათა­შვილსა ჰქონია, ისრევე იმას ჰქონდეს და როდესაც ხიზნობა შეიქნას, არც ნახიდურელთ დაეჭიროსთ სახიზრათ". 1665 კათოლიკოსმა დომენტი III-მ მღვდელი გიორგი რამაზა­­შვი­ლი და მისი ვაჟი თათრისაგან გამოისყიდა და თ-ში დაასახლა; 1722 კათოლიკოს-პატრიარქმა დომენტი IV-მ ზაალ გედევანი­შვილს უბოძა თ-ს ნაცვლობა; 1772 ერთი საბუთიდან ჩანს, რომ მცირე ხნის წინ თ. ლეკებს აუოხრებიათ.

ლიტ.: ბ ა ხ ტ ა ძ ე  ნ., ქვემო ქართლის კლდის ძეგლები, თბ., 1991; ქარ­თუ­ლი სამართლის ძეგლები, დოლიძის გამოც., ტ. 3–4, თბ., 1970–72; К а к а б а д з е  С., Грузинские документы Института народов Азии, М., 1967.

დ. ბერძენი­შვი­ლი