თავნასყიდი, გლეხთა კატეგორია შუა საუკუნეების საქართველოში. თავნასყიდობა ქვეყნის ეკონ. დაკნინების შედეგად გაჩენილი მოვლენა და „ნებით“ ყმობის ყველაზე მძიმე პირობათაგანი იყო. თ. იყო ეკონ. დაბეჩავებული პირი, რ-საც შეძლებული გამოიხსნიდა უკიდურესი გაჭირვებისაგან – ტყვეობიდან (ლეკის ან თათრის), დიდი ვალისაგან, სისხლის სამართლის დანაშაულისაგან (როდესაც დამნაშავეს არ შეეძლო „სისხლის ფასის გადახდა"); ზოგჯერ თ. პირადი ანგარიშსწორების მიზეზითაც ხდებოდა. თავნასყიდობა წერილობით ფორმდებოდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ახ. პატრონის გაჩენა საკუთარი „ნება-წადილით" ხდებოდა და თავნასყიდობა არ იყო სამემკვიდრეო მოვლენა. დროთა ვითარებაში თ-ის მდგომარეობა შეიძლებოდა შეცვლილიყო. თ-ის ფუნქციები სხვადასხვა იყო, ძირითადი – ფიზ. დატვირთვა – რაც მას მონის მდგომარეობასთან ათანაბრებდა (საბა: მონა – „ნასყიდი ბიჭი"). თ. ფეოდ. საზ-ბაში ყველაზე დაბალ სოც. ფენაზე – „ნასყიდზე" უფრო დაკნინებული კატეგორია იყო.
ლიტ.: მეგრელაძე დ., გლეხობის კლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XVII–XVIII სს.), თბ., 1979.
დ. მეგრელაძე