თავრიზი, თ ა ბ რ ი ზ ი, ქალაქი ჩრდ.-დას. ირანში, აღმ. აზერბაიჯანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 1,398 მლნ. მცხ. (2006). დააარსეს სასანიანებმა III – IV სს-ში.
XIII ს-ში ახლო და შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. სხვადასხვა დროს იყო ირანის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოების (ჰულაგუიანთა, სეფიანთა და სხვ.) დედაქალაქი.
1209 (ზოგი მეცნ. აზრით, 1210 ან 1211) საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოეწყო ლაშქრობა ირანს, რათა მახლობელ აღმოსავლეთში „ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთისათა ძალი და სიმხნე ჩუენი" („ისტორიანი და აზმანი..."). ეს იყო თამარის მეფობის დროს უკანასკნელი დიდი ლაშქრობა. ქართველთა ლაშქარმა თავდაპირველად მარანდი აიღო, შემდეგ კი თ-ისკენ გაეშურა. თავზარდაცემულმა თავრიზელებმა გადაწყვიტეს ხარკის მიცემით, ძღვენით, თხოვნით დაემშვიდებინათ ქართველები. მათ ქალაქი უბრძოლველად დათმეს და მოლაშქრეებს უამრავი საჩუქარი და სურსათ-სანოვაგე მიართვეს. ქართველებმა ქალაქში მცველები დატოვეს და ირანის სიღრმეში განაგრძეს ლაშქრობა.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979.
შ. ცირეკიძე