თავსაბურავი

თავსაბურავი, ჩაცმულობის ერთ-ერთი კომპონენტი, ქალისა და მამაკაცის თავზე მოსახვევი ან დასახურავი. უძველესი დროიდანვე ადამიანის სოც. მდგომარეობის მაჩვენებელი იყო (ცნობილია ტომთა ბელადების, ქურუმთა და სხვათა თავსაბურავები და თავსამკაულები). თ-ის ფორმას განსაზღვრავდა გეოგრ. გარემო, სამეურნეო-ეკონ. პირობები და ეთნ. ერთეულთა კულტ.-ისტ. ტრადიციები. დროთა განმავლობაში შემუშავდა თ-ის განსხვავებული ტიპები: სამუშაო, საუქმო, საქორწილო, სამგლოვიარო, სამეფო, სამხედრო, სასულიერო, საკარისკაცო და სხვ. ძვ. ქართ. წერილობით წყა­როებში თ-ის მნიშვნელობით გვხვდება ტერმინები: „საბურავი", „სარქმელი", „ქუდი" და სხვ. სხვა­და­სხვა ისტ. ხანაში თ-ის ფორმაც იცვლებოდა; იყო ქალის – „კუბასტი", „მანდილი", „ლეჩაქი" და სხვ.; სამეფო და საქორწილო – „გვირგვინი"; სასულიერო – „კუნკული", „მიტრა", „ჩაჩი"; საომარი – „ჩაფხუტი", „ჩაჩქანი", „მუზა­რადი", „ზუჩი" და სხვ. XI ს-იდან თ-ის აღსანიშნავად ფართოდ გავრცელდა ტერმინი „ქუდი". იმ დროს ქუდს, მამაკაცების გარდა, ქალებიც ატარებდნენ (უმთავრესად ცხენით მგზავრობის დროს). ქუდი ცალკეული კუთხეების მიხედვი­თაც განსხვავებული ყოფილა. ფეოდ. ხანის სა­ქარ­თვე­ლო­ში ქუდის მრავალი სახეობაა ცნობილი, მ. შ. ბეწვისა და ნაბდისა. წყა­როებში ნახსენებია ტყავ-ბეწვისაგან შეკერილი „საჩეხიანი" (კიდეებიანი) და „აფროსანი" (აკეცილკიდეებიანი) ქუდები: „თალ­ფაქი" (საბას მიხედვით, „ქარ­თუ­ლი ქუდი"), „გრძელბეწოსანი", „ყარყუმის ქუდი", „კვერნის ქუდი", „ვეფხის ტყა­ვისა" და სხვ. XIX ს-ში თავად-აზნაურები, თბილისელი მოქალაქეები და ყარაჩოხელები კრაველის მაღალ ქუდებს ატარებდნენ. სა­ქართვ. ეთნოგრ. ყოფა­ში შემონახულია ქალისა და მამაკაცის მრავალფეროვანი თ. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ქალის რთული თ. კომპლექსი „თავხურა", რ-იც ­ქართვ. ქალის ეროვნ. ჩაცმულობის – ქართ. კაბის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა და თითქმის მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო გავრცელებული. ამ კომპლექსში შედიოდა ჩიხტი-კოპი, თავსაკრავი, ლეჩაქი, ბაღდადი, შუბლის ქინძისთავები და სხვ. ქალის ამ საერთო ქართ. თ-თან ერთად შემონახულია ადგილ. თ-ები: ფშაური – ჩიქილა, ხელსახოცი, თავჩითა; ხევსურული – სათაურა და მანდილი; თუშური – კუჭურა, შუბლსაკრავი, კოპენა, ჩიქილა, თავსაკონი; აჭარული – თეფელუღი და სხვ. მამაკაცის თიდან გვხვდება თუშური, იმერული, რაჭული, სვანური და სხვ. ნაბდის, კრაველისა და ტყავ-ბეწვის ქუდები, თივთიკის ყაბალახები და სხვ.

კაპიტალიზმის განვითარებამ არსებითად შეცვალა ტრად. ქართ. ჩაცმულობა. ამჟამად მამაკაცის ტრად. თ-ებიდან შემონახულია თუშური და სვანური ნაბდის ქუდები. ტრად. თ-ის ელემენტებს კი უმთავრესად დღესასწაულებზე იყე­ნე­ბენ.

ლიტ.: ბ ე ზ ა რ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ც., ქალის სამოსელი აღმ. სა­ქარ­თვე­ლოს მთიანეთში, თბ., 1974; გ ვ ა თ უ ა  ნ., ჩაცმულობის ისტორიიდან. ქალის ქარ­თუ­ლი ჩაცმულობა XIX ს. და XX ს. დასაწყისი, თბ., 1967; მ ო ლ ო დ ი ნ ი  ლ., ჩ ა ჩ ა ­შ ვ ი ­ლ ი გ., ქარ­თუ­ლი კოსტიუმის კატალოგი. I – ხევსურეთი, თბ., 1964; ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ნაკვ. 3–4, თბ., 1962.

ლ. მოლოდინი