თავფარავნის ბრძოლა, ერთიანი საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი VIII-სა და სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II ჯაყელს შორის 1465 გამართული ბრძოლა, რ-საც წინ უძღოდა ხანგრძლივი შინაფეოდალური ომები და ცენტრალური ხელისუფლების დასუსტება. ათაბაგის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა დახმარებისათვის მეფე გიორგის მიმართეს. მეფე ფარავნის ტბაზე დაბანაკდა. ყვარყვარემ მოახერხა მეფის ტყვედ ჩაგდება. ამასთანავე, მან მეფის ძმისწულს კონსტანტინეს გორამდე სდია. ყვარყვარეს თანამებრძოლებმა მეფის დატყვევების შემდეგ თბილისიც დაარბიეს.
გიორგი მეფის შეპყრობით ისარგებლა იმერეთის მეფემ ბაგრატმა და ქართლი დაიპყრო. გათავისუფლებული გიორგი ცდილობდა ქართლში პოზიციების აღდგენას, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა კახეთში გადასულიყო, რითაც საფუძველი დაედო კახეთის ცალკე სამეფოს.
ლიტ.: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1965; შ ა რ ა შ ი ძ ე ქრ., საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVIII სს.), კრ.: მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიიდან, 1954, ნაკვ. 30; ხ ო ს ი ტ ა შ ვ ი ლ ი ს., ქართლისა და იმერეთის პოლიტიკურ მესვეურთა ბრძოლა სამცხე-საათაბაგოს სამთავროს შემოერთებისათვის XIV–XV სს., {მაცნე}, 1970, N6; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
მ. ზალდასტანიშვილი