თავყვითელა (Senecio), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ, ორ ან მრავალწლოვანი ბალახები, მერქნიანი ლიანები, ბუჩქბალახები, ბუჩქები ან დაბალი ხეებია. 1250-ზე მეტი კოსმოპოლიტი სახეობა გავრცელებულია ევროპაში, სამხრ. ამერიკაში, უმთავრესად კი – სამხრ. აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვისპირეთში, აზიის, სამხრ. და ჩრდ. ამერიკის ზომიერ სარტყლებში. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი თ-ს 25 სახეობაა (ყველა ერთ ან მრავალწლოვანი ბალახია), მ.შ. 10 კავკასიის და 3 საქართვ. ენდემია. თავყვითელი, ნარინჯისფერი ან მოწითალო ნარინჯისფერი ყვავილებია, განაპირა ენისებრია და ბუტკოიანი, შიგნითა – მილისებრი და ორსქესიანი; თავმოყრილია კალათებად, იზრდებიან მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპ. და ალპ. სარტყლებამდე, დანაგვიანებულ ადგილებში, ბუჩქებსა და ტყის პირებზე, მდელოებზე, მაღალბალახეულობაში, მორენებსა და ჩამონაზვავებზე, ნესტიან კლდეთა ნაპრალებში. ზოგი სახეობა სამკურნალოა, მაგ. ხარისშუბლა, რ-ის ყველა ნაწილი შეიცავს ალკალოიდებს – პლატიფილინს, სარაცინს და სხვ.; ზოგი დეკორატიულია, მაგ., მასაგეტოვის თ. (S. massagetovii), რ-იც მრავალწლოვანი ბალახია, მესამეული პერიოდის რელიქტი და საქართვ. ენდემი. სპორადულად გავრცელებულია სვანეთში, რაჭაში, იმერეთში, ქართლში, ჯავახეთსა და მესხეთში. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში".