თავშავა (Origanum vulgare), მრავალწლოვანი ბალახოვანი ან ქონდარა ბუჩქია, ტუჩოსანთა ოჯახისა. 40-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიაში. აქვს 30–50 (80) სმ სიმაღლის სწორმდგომი დატოტვილი ღერო. წვრილი ვარდისფერი, ღია მეწამული ან მოთეთრო ყვავილები შეკრებილია პატარა თავთავებად, რ-ებიც, თავის მხრივ, თავმოყრილია საგველასნაირ ან ფარისებრ ფარჩხატ ყვავილედებად. გავრცელებულია მთელ საქართველოში. იზრდება ველებზე, ბუჩქნარებში, ტყის პირზე, მთის შუა და სუბალპ. სარტყელში. შეიცავს ეთერზეთს, რ-შიც თიმილი და კარვაკროლია, აგრეთვე მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას და სხვ. ყვავილებისა და ფოთლების ნახარშს ხმარობენ ნაწლავების ატონიის დროს, ამოსახველებელ საშუალებად. ფოთლებს იყენებენ ლიქიორისა და არყის წარმოებაში. კარგი თაფლოვანი მცენარეა.
ზ. შენგელია