თავშესაფრის უფლება, პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობისათვის საკუთარ ქვეყანაში დევნილი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უფლება, თავი შეაფაროს სხვა სახელმწიფოს და არ იქნეს დაბრუნებული თავისსავე სახელმწიფოში ან სხვა სახელმწიფოში, რ-იც მას დევნის.
საერთაშ. სამართალში თ. უ. გულისხმობს აგრეთვე სახელმწ. უფლებას, პოლიტ. თავშესაფარი მისცეს უცხოელს, რ-საც დევნიან საკუთარ სახელმწიფოში. ეს საკითხი განმტკიცებულია საერთაშ. ორგანიზაციების შეთანხმებებით და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აქტებით (1948, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; 1967, „დეკლარაცია ტერიტორიული თავშესაფრის შესახებ"). არ შეიძლება თავშესაფარი მიეცეთ: ა) სამხ. დამნაშავეებს ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ჩამდენთ და ბ) სისხლის სამართ. დამნაშავეებს. სახელმწიფო, რ-იც ამა თუ იმ პირს პოლიტ. თავშესაფარს აძლევს, მოვალეა, შეუქმნას მას უსაფრთხო ცხოვრების პირობები და არ გადასცეს იგი იმ სახელმწიფოს, რ-შიც შეიძლება მის მიმართ პოლიტ. დევნა განხორციელდეს. საერთაშ. სამართალში ტერიტორიული თ. უ-ის გარდა არსებობს დიპლომატიური თ. უ., რ-იც გულისხმობს ამა თუ იმ პირისათვის თავშესაფრის მიცემას დიპლ. წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, სამხ.-საზღვაო ან საჰაერო ხომალდზე, სამხ. ბაზის ტერიტორიაზე.
თავშესაფრის მიცემის საკითხს ყოველი სახელმწ. დამოუკიდებლად წყვეტს. იგი კონსტიტუციური პრინციპია (საქართვ. კონსტ. მ.47; მ.73, ქვეპუნქტი „ნ"; საქართვ. კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ". მ. 46). საქართველოში თავშესაფრის მიცემის საკითხს წყვეტს საქართვ. პრეზიდენტი.