თანამედროვე ხუთჭიდი

თანამედროვე ხუთჭიდი, სპორტული მრავალჭიდი. სპორტ. კომპლ. სახეობა, რ-იც აერთიანებს ცხენოსნობას, ფარიკაობას, სროლას, ცურვასა და რბენას. მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა შორის იმართება 1949-იდან, ქალთა შორის – 1981-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედის 1912-იდან – კაცები, 2000-იდან – ქალები. ანტ. საბერძნეთში ტარდებოდა ასპარეზობა ხუთჭიდში – პენტათლონში, რ-იც მოიცავდა სირბილს, სიგრძეზე ხტომას, შუბისა და ბადროს ტყორცნას, ჭიდაობას (პირველი შეჯიბრება გაიმართა მე-18 ოლიმპიადაზე, ძვ.წ. 708). თანამედროვე ხუთჭიდი ანტ. პენტათლონის ერთგვარი ანალოგია. XIX ს. მეორე ნახევარში თავდაპირველად შვედეთში, შემდეგ კი ევრ. სხვა ქვეყნებშიც ეწყობოდა შეჯიბრებები ე.წ. საოფიცრო ხუთჭიდში, რ-ის შემადგენელი სპორტის სახეობებიც შეესაბამებოდა იმდროინდელ წარმოდგენას ოფიცრის მომზადების აუცილებელ კომპონენტებზე.

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში თ. ხ. (1912) შეიტანეს პ. დე კუბერტენის თაოსნობით, რ-საც ეს სახეობა პენტათლონის თავისებურ მემკვიდრედ და სრულყოფილი, იდეალური ათლეტისთვის აუცილებელი უნარ-თვისებების გამოცდის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა. 1952 ოლიმპიადამდე ტარდებოდა მხო­ლოდ პირადი პირველობა, შემდეგ კი გუნდური ასპარეზობაც შემოიღეს. 1948-მდე თამაშებში მონაწილეობის უფლება მხო­ლოდ სპორტსმენ ოფიცრებს ჰქონდათ. 2000-იდან ოლიმპიადის პროგრამაშია ქალთა ინდივიდ. შეჯიბრება. სპორტის ამ სახეობას ამჟამინდელი სახელი ეწოდა 1948 ლონდონში, როდესაც დაფუძნდა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშ. კავშირი (Union Internationale de Pentathlon Moderne– UIPM). მისი შექმნის ინიციატორი იყო შვედი გ. დირსენი (1920 ოლიმპიური ჩემპიონი), რ-იც ამ კავშირის პირველი პრეზიდენტი გახდა. 1953-იდან ეწოდებოდა თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშ. კავშირი (Union Internationale de Pentathlon Moderne et Biathlon –UIPMB). 1998-იდან კი ­კვლავ თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშ. კავშირი ეწოდება (ბიათლონის ფედერაცია ცალკე გამოიყო). აერთიანებს 102 ქვეყნის ფედერაციას.

საქართველოში თ. ხ. თბილისში XX ს. 50-იანი წლებიდან დაინერგა. პირველ ­ხუთჭიდელთა შორის იყვნენ: რ. მანჯავიძე, ა. პევცოვი, ი. ახვლედიანი, ჯ. ზალდასტანი­შვი­ლი, ბ. ბაჟანოვი, ა. კრავჩენკო, გ. კალმახელიძე, ვ. როგავა. სა­ქართვ. ნაკრებ გუნდს, რ-ის ძირითად ბირთვს თბილისელი სპორტსმენები შეადგენდნენ, არაერთი საპრიზო ადგილი დაუკავებია სხვა­და­სხვა რანგის შეჯიბრებებში, გუნდის უმაღლეს მიღწევად კი უნდა ჩაითვალოს სსრკ-ის ჩემპიონობა და მესამე საპრიზო ადგილი ევრ. თასის გათამაშებაში 1981. ცალკეულ სპორტსმენთაგან აღსანიშნავი არიან ი. ბრიზგალოვი (ევრ. თასის მფლობელი, 1985) და რ. ლოხი­შვი­ლი (მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის სსრკ ნაკრების შემადგენლობაში, 1988). 80-იანი წლების ბოლოს განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია მსოფლიოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონმა ვ. იაგო­რაშვილმა. წლების განმავ­ლობაში სა­ქართვ. ნაკრებ გუნდთან ნაყოფიერად მუშა­ობენ ხუთჭიდის თბილისელი სპეციალისტები, მწვრთნელები: ნ. ალავიძე, თ. გოგია­შვი­ლი, ჯ. ზალდასტანი­­ შვი­ლი, გ. კალმახელიძე, ა. კრავჩენკო, ი. ლუცენკო, ა. მანჯავიძე, რ. მან­ჯავიძე, ვ. როგავა, ნ. სკორნიაკოვი, ა. სმირ­ნიცკი, ა. შეროზია, ვ. ცაგარეი­შვი­ლი, თ. ჯეჯელავა.

ჯ. ზალდასტანი­შვი­ლი