თაკვერი, ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. პირველად დამოწმებულია VII ს. ანონიმი ავტორის სომხ. გეოგრაფიაში. ადრინდ. შუა საუკუნეებში სახელწ. თაკვერი ორი მნიშვნელობით იხმარებოდა: ფართო მნიშვნელობით ახლანდელ რაჭა-ლეჩხუმს მოიცავდა, ვიწრო მნიშვნელობით – ცხენისწყლის აუზის შუა წელსა და მდ. ლაჯანურის (რიონის შენაკადი) ხეობას შორის მდებარე ტერიტორიას. განვითარებულ შუა საუკუნეებში სახელწოდება თაკვერს მხოლოდ მეორე მნიშვნელობით ხმარობდნენ. XI ს-ში თ. სვანეთის ერისთავს ემორჩილებოდა, XII–XIII სს-ში შედიოდა რაჭის ერისთავის საგამგეოში, გვიანდ. შუა საუკუნეებში კი – ლეჩხუმის შემადგენლობაში.
ბერძნ.-ლათ. და ქართ. წყაროებში იხსენიება თაკვირიის (თ-ის) ციხე. ვარაუდობენ, რომ ეს უნდა იყოს დეხვირის ან ზუბის ციხე.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., ბ ა ნ ძ ე ლ ა ძ ე ი., ს უ რ ა მ ე ლ ა შ ვ ი ლ ი მ., ჭ უ რ ღ უ ლ ი ა ხ., ლეჩხუმი, თბ., 1983.
თ. ბერაძე