თანიაშვილი ბეგთაბეგ (ბ ე გ თ ა ბ ე გ მდივნად წოდებული), XVII ს. II ნახევრის ქართველი მწიგნობარი და კალიგრაფი. მოღვაწეობდა ქართლის მეფის გიორგი XI-ის კარზე. 1680 მეფის დაკვეთით გადაწერა "ვეფხისტყაოსანი"(ხელნაწ. ეროვნ. ცენტრი, H-54), რ-იც მდიდრულადაა მორთული (ტექსტის ჩარჩოები სინგურის, ლურჯი და ოქროსფერი ზოლებისგანაა შედგენილი, ჩარჩოს გარეთ კი ოქროსფერი ორნამენტებით შემკული ფართო არშიებია მცენარეთა და ცხოველთა გამოსახულებით). როგორც ჩანს, ხელნაწერი სხვას შეუმკია, ბეგთაბეგს კი ტექსტი გადაუწერია. პოემა XVII ს-თვის დამახასიათებელი მხედრულით არის გადაწერილი. ნაწერი ლამაზია და გამოირჩევა დეკორაციულობით; ყოველი სტრიქონის პირველი ასო, ტაეპის პირველი სიტყვები, სტრიქონთა ბოლო ასოები სინგურისაა, ზოგი ასო სტრიქონს ზემოთ არის ატანილი, ზოგან ტექსტი სამკუთხა ფიგურებს ქმნის და ა. შ. თ. ცნობილია აგრეთვე როგორც პოეტი. მან დაასრულა თავისი ძმის, სულხან თანიაშვილის, მიერ დაწყებული საქმიანობა, გალექსა "ამირანდარეჯანიანის"9 კარი (IV კარიდან ბოლომდე). თითოეულ კარს წაუმძღვარა შესავალი. ბოლო ორ კარს კი – ბოლოსიტყვაობა, რ-შიც გადმოცემულია ტექსტის გალექსვის მოკლე ისტორია. თ-ს ეკუთვნის აგრეთვე გიორგი XI-ის ქება, რ-იც დაერთვის თავისსავე გადაწერილ 'ვეფხისტყაოსანს".
ვ. ბერიძე
მ. გიგინეიშვილი