თამაკონი, სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ოდიშის ვაკეზე, მდ. ტეხურის (რიონის მარჯვ. შენაკადი) ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: თ., თარგამეული, ნამიკოლავო პირველი). ზ. დ. 220 მ, მარტვილიდან 20 კმ. 495 მცხ. (2002).
სოფელში შემონახულ ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან აღსანიშნავია IX–X სს. ეკლესია და ციხე. ეკლესია სოფლის სამხრ-ით ვაკეზე დგას (დაზიანებულია). საინტერესოა იმით, რომ არის ერთადერთი უაფსიდო, სწორსაკურთხევლიანი ეკლესია მთელ სამეგრელოში. კარი სამი მხრიდან აქვს. ერთადერთი სარკმელი აღმ. მხარესაა. შემოსილია თლილი ქვით, მორთულობიდან აღსანიშნავია რელიეფური ჯვარი აღმ. ფასადზე. ეკლესიის მახლობლად, მაღალ მთაზე, მდ-ებს აბაშასა და ტეხურს შორის აღმართულია ციხე, რ-იც 1737 დას. საქართვ. რუკაზე მოხსენიებულია როგორც „თამაკონის ციხე". ეს იყო გალავანშემორტყმული, რამდენიმეკოშკიანი ციტადელი. გაირჩევა მშენებლობის 2 ფენა. ერთი – რიყის ქვით ნაგები – ეკლესიის თანადროულია, მეორე კი, ასევე რიყის ქვით ნაგები – XVI–XVII სს-ში ჩატარებული დიდი რეკონსტრუქციის შედეგია. „თამაკონის ციხე" მნიშვნელოვან ციხეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. XIX ს. დასაწყისში იგი მოქმედი იყო. იხსენიებოდა გრიგოლ დადიანისა და იმერეთის მეფის სოლომონ II-ის შინაომთან დაკავშირებით.
თ. ბერაძე
პ. ზაქარაია