თამარაშენი, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის თემში (შიდა ქართლის მხარე), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. შუა ფრონის (ფცის მდგენელი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 696 მ, ქარელიდან 19 კმ, აგარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 9 კმ. 579 მცხ. (2002).
თ. ვახუშტი ბატონიშვილს შეტანილი აქვს ფცის-წყლის სოფელთა სიაში. სოფელში დგას XVIII– XIX სს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამების ერთნავიანი ეკლესია. ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვიშაქვით. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები და კარ-სარკმლები აგურითაა ნაშენი. გადახურულია პილასტრებზე ამოყვანილ აგურის თაღზე დაყრდნობილი ცილინდრული კამარით. ძეგლი თავდაპირველად შელესილი და მოხატული იყო. შეთეთრების შემდეგ დარჩენილია მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. შესასვლელები სამხრ-იდან და დას-იდან აქვს. მოგვიანებით, 1883, ეკლესიას დას-იდან მიაშენეს ტუფის ქვით ნაგები კარიბჭე – სამრეკლო, რ-ის I და II სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი. გადახურულია აგურის პირამიდული გუმბათით.
ჯ. გვასალია
თ. დვალი