თამარაშვილი მიხეილ, თამარათი მიქელ (ერისკაცობაში – ალექსანდრე) პეტრეს ძე [IX. 1858, ახალციხე, – 3 (16). IX. 1911, სოფ. სანტა-მარინელა, იტალია], ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ახალციხის სამრევლო სკოლაში. 1878-იდან სწავლობდა კონსტანტინოპოლში კათოლიკე მოძღვრის, პ. ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართ. სასწავლებელში, 1881–83 – ესპანეთში, სას. სემინარიაში. 1888 დაამთავრა პარიზის წმ. ლაზარეს სას. სასწავლებელი, გაეცნო პარიზის სამეცნ. ცხოვრებას; მუშაობდა წიგნსაცავებში, არქივებსა და მუზეუმებში. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში. მას სურდა სას. და სამეცნ. საქმიანობა ერთმანეთთან შეეთავსებინა, მაგრამ ცარიზმის მოხელეებმა 1890, როგორც „უცხო იდეებით" გამსჭვალული პიროვნება, თბილისიდან გააძევეს და საქართვ. ტერიტორიაზე ცხოვრება აუკრძალეს. 1891 ჩავიდა რომში და სწავლა განაგრძო სას. აკადემიაში, რ-იც წარმატებით დაამთავრა 1894 და ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მოიპოვა. ამ ხნის განმავლობაში ფრანგ. და იტალ. პერიოდიკაში აქვეყნებდა წერილებს საქართვ. ისტ. საკითხებზე. ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში თ-მა გამოავლინა საქართვ. ისტ. ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა. აქედან თ-მა მოასწრო საქართველო-ევროპის ურთიერთობის და, კერძოდ, საქართველოში კათოლ. სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებული მასალების დამუშავება და გამოცემა („ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის", თბ., 1902; „პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას", თბ., 1904).
თ-მა ისტ. ფაქტების, უცხოური და ქართული წყაროების, ჰაგიოგრაფიული, ჰომილეტიკური და აპოკრიფული ძეგლების მონაცემთა გათვალისწინებით წარმოაჩინა საქართველოში ქრისტ. რელიგიის დამკვიდრების ორი ეტაპი: მოციქულთა – ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელის, მატათას, თომას მოღვაწეობა და მოციქულთა სწორის წმ. ნინოს დამსახურება ქართვ. ერის სულიერი ცხოვრების მოწესრიგებაში. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 2000 წლისთავის აღსანიშნავად UNESCO-მ გაითვალისწინა თ-ის კვლევა წმ. ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
1904 გაზ. „ივერიაში" ცალკეული სტატიების სახით გამოაქვეყნა თეოლ. ხასიათის ნაშრომი „რომი", სადაც ზოგად ქრისტ. საკითხებთან ერთად განხილულია კათოლ. ეკლესიის (მასთან ქართვ. კათოლიკეთა ეკლესიის) მრავალი თავისებურება. თ-ის წიგნმა „საქართველოს ეკლესიის ისტორია" (რომი, 1910, ფრანგ. ენაზე) დიდი გამოხმაურება პოვა ევრ. სამეცნ. წრეებში. ამ გამოცემას ვატიკანის სპეც. პრემია მიენიჭა. თ-მა სიცილიაში აღმოაჩინა კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი, შეძლო აღმოჩენილი სურათების ძირითადი ნაწილის ფოტოასლების გადაღება (154 ცალი) და ცალკე ალბომად შეკვრა, რ-ის ერთი ცალი დღემდეა დაცული საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ბ-კაში. აქვეა მოცემული სურათების წარწერების ტექსტის თარგმანი და ავტორის საყურადღებო კომენტარები.
თ-ს დიდი წვლილი მიუძღვის ს.ს. ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალების მოძიებაში. მან ერთ-ერთმა პირველმა აზიარა ევრ. მკითხველი საქართვ. ისტორიასა და კულტურას.
1978 თ. იტალიის ქ. ჩივიტავეკიიდან გადმოასვენეს საქართველოში. დასაფლავებულია დიდუბის პანთეონში. მისი სამეცნ. მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში ინახება.
ლიტ.: ბ ლ უ ა შ ვ ი ლ ი უ., მესხეთის სახელოვანი შვილები, თბ., 2008; ლ ო მ ს ა ძ ე შ., მიხეილ თამარაშვილი, თბ., 1964; მიხეილ თამარაშვილი 160, თბ., 2021; ს ა ხ ო კ ი ა თ., ჩემი საუკუნის ადამიანები, თბ., 1984; ფ ე ი ქ რ ი შ ვ ი ლ ი ჟ., ფიქრები მიხეილ თამარაშვილზე, თბ., 2012; ყ რ უ ა შ ვ ი ლ ი ნ., მიხეილ თამარაშვილი, თბ., 2012; ჭ ი ჭ ი ნ ა ძ ე ზ., ქართველ კათოლიკეთ სამშობლო ქვეყნის მოღვაწეები: მიხეილ პეტრეს ძე თამარაშვილი, თფ., 1912.
შ. ლომსაძე